„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ შინაგან საქმეთა
სამინისტროს მოუწოდებს,
აღკვეთოს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, გრიგოლ ბესელიასა
და ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მხრიდან ეთერ თურაძის
მიმართ ანგარიშსწორება და მუქარა.
16 დეკემბერს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე
აქციაზე “ბათუმელების” რედაქტორის კითხვას, საპროტესტო აქციის
მონაწილეების წინააღმდეგ გამოყენებული ზომების გამო შესაძლო
დასანქცირებასთან დაკავშირებით, აჭარის პოლიციის უფროსის გაღიზიანება
მოჰყვა.
„პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ეთერ თურაძესთან გრიგოლ ბესელია მივიდა და ფიზიკური ძალის გამოყენებით გადაიყვანა გზიდან, სადაც დემონსტრანტები აქციას მართავდნენ და მედიაც მუშაობდა.
ამ ინციდენტის შემდეგ გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ეთერ თურაძის მიმართ აგრესიას გამოხატავს ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძეც, რომელიც “ბათუმელებს” არაერთხელ ჰყავს მხილებული ადამიანის უფლებების დარღვევაში. პოლიციის უფროსი ონლაინგამოცემის რედაქტორს უხეშად და უპატივცემულოდ მიმართავს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის ცნობილია, რომ ირაკლი დგებუაძე ეთერ თურაძეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენით და დაჯარიმებით დაემუქრა“, - ვკითხულობთ ქარტიის განცხადებაში.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, გამოიჩინონ პატივისცემა ჟურნალისტების მიმართ, არ შეუშალონ ხელი საპროტესტო აქციების გაშუქებისას და შეწყვიტონ მუქარა.
როგორ ორგანიზაცია განმარტავს, პოლიციის ეთიკის კოდექსის თანახმად, „პოლიციელი, მისი თანამდებობის ან წოდების მიუხედავად, ვალდებულია, საზოგადოების წევრებთან ურთიერთობაში იყოს ტაქტიანი, თავაზიანი და კეთილგანწყობილი. მოქალაქისადმი წაყენებული მოთხოვნები თუ შენიშვნები გამოთქვას მშვიდი, ზრდილობიანი და დამაჯერებელი ფორმით. პოლიციელმა უნდა მისცეს მოქალაქეს საშუალება გამოთქვას საკუთარი მოსაზრება. პოლიციელისგან დაუშვებელია ქედმაღლური მიმართვა, მუქარა, ირონია, ჟარგონის გამოყენება და ფამილარული ტონით საუბარი. ყველა სიტუაციაში და ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობისას, როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო დროს, აუცილებელია ქცევის ეთიკური ნორმების დაცვა.“
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ წევრობაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომლის ხელმომწერიც 300-ზე მეტი ჟურნალისტია.