„ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“
ინფორმაციით, ფოთის ადგილობრივი ტელევიზიის,
„მეცხრე ტალღის“ დირექტორი და „საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა
ალიანსის“ თანათავმჯდომარე, გია სალია 13 დეკემბერს, ზუგდიდში,
საპროტესტო მსვლელობის გადაღების დროს ავტომობილით გადაადგილებისთვის
1000 ლარით დააჯარიმეს.
როგორც JRC წერს, გია სალიას 16 დეკემბერს ფოთიდან ზუგდიდისკენ გადაადგილებისას საპატრულო ეკიპაჟი გაჰყვა, გაჩერება და მანქანიდან გადასვლა უბრძანა, რადგან მისი ავტომობილი ძებნაზე იყო გადაცემული.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ავტომობილით გადაადგილების გამო დაჯარიმებას მედიაზე ზეწოლის ახალ და საგანგაშო ფორმად მიიჩნევს და საპატრულო პოლიციას მოუწოდებს, უკანონო გადაწყვეტილება გააუქმოს.
„პოლიცია მას 13 დეკემბერს, ზუგდიდში მოქალაქეების მიერ ორგანიზებული მსვლელობის დროს ავტომობილით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობას ედავება. გერმანე სალიას განმარტებით, ის მსვლელობაში კი არ მონაწილეობდა, არამედ ავტომობილით მიჰყვებოდა მას გადასაღებად“, - ვკითხულობთ ქარტიის განცხადებაში.
„საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსისა“ და JRC -ის დირექტორის, ნათია კუპრაშვილის განცხადებით, ეს ფაქტი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას საპროტესტო აქციაზე ავტომობილით გადაადგილებისთვის მედიის დაჯარიმების პირველი და საგანგაშო შემთხვევაა.
„ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს დავუკავშირდით, გვაინტერესებდა რამდენად იცოდნენ, რომ საუბარია მედიაზე და ავტომობილში მსხდომი პირები პროფესიულ ვალდებულებას ასრულებდნენ და მსვლელობის ვიდეოს იღებდნენ. ასევე, რამდენად ადასტურებდნენ დაჯარიმების და მანქანის ძებნაზე გადაცემის ფაქტს. უწყებაში გვითხრეს, რომ "ვიდეო თუ გაქვთ რა დადასტურება გინდათ" და აქვე დაგვპირდნენ, რომ დეტალებს გადაამოწმებენ და დაგვიკავშირდებიან. ჩვენ უწყებისაგან პასუხს ველოდებით“, - წერს „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“.
გია სალიას მხარდაჭერას უცხადებს და საქმის სამართლებრივ დეტალებს სწავლოს „მედიაომბუდსმენიც“.