„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომელთა ნაწილი კვლავ ითხოვს, რომ
არხმა დღის სატელევიზიო ეთერი საზოგადოებრივ-პოლიტიკური
დისკუსიებისთვის გახსნას.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი კვლავ ვითხოვთ, რომ საქართველოს პირველმა არხმა გახსნას დღის სატელევიზიო ეთერი საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსიებისთვის.
ორშაბათს, 23 დეკემბერს, 13 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ ვმართავთ პრესკონფერენციას.
28 ნოემბერს ბატონმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს მოსახლეობას ამცნო, რომ ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს ინიციატივით ევროკავშირში წევრობის მოლაპარაკებები 2028 წლამდე გადავადდა.
ამ განცხადებას საზოგადოების უწყვეტი პროტესტი მოჰყვა, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ.
მას შემდეგ, მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი
ღიად მოვუწოდებთ და ვთხოვთ არხის მენეჯმენტს, რომ ქვეყნისთვის ამ
გარდამტეხ და კრიზისულ დროს უპასუხოს საზოგადოების მოთხოვნას და
გახსნას დღის სატელევიზიო ეთერი საზოგადოებრივ - პოლიტიკური
მსჯელობისთვის.
მიმდინარე მოვლენები გვავალდებულებს სატელევიზიო ეთერი დაეთმოს სწორედ
სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე დიალოგს და არა ფილმებს, რომელებსაც
არანაირი კავშირი არ აქვთ დღევანდელ რეალობასთან.
მზად ვიყავით და ახლაც ვართ, რომ მენეჯმენტთან ერთად პროაქტიულად ვიმუშაოთ ამ სატელევიზიო ფორმატების და ეთერების შინაარსობრივი და ტექნიკური ორგანიზებისთვის.
ვიცით, რომ ნების არსებობის შემთხვევაში საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ამის ტექნიკურად უზრუნველყოფის საშუალება.
სამწუხაროდ, ჩვენს არაერთ საჯარო მიმართვასა თუ ოფიციალურ წერილს არ მოჰყვა საქმიანი და არგუმენტირებული გამოხმაურება მენეჯმენტის მხრიდან.
სატელევიზიო პირდაპირი ეთერის მოთხოვნაზე სიტყვიერი უარის შემდეგ გაგზავნილ ოფიციალურ წერილზეც გაურკვეველი პასუხი მივიღეთ.
ჩვენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ათობით თანამშრომელი ვიაზრებთ ჩვენს როლს და პროფესიულ ვალდებულებას ზოგადად და განსაკუთრებით ქვეყნისთვის ამ რთულ დროს.
გვჯერა, რომ პროცესის მიუკერძოებელი და სრულფასოვანი გაშუქება და გაანალიზება ჩვენი, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ვალია.
მიგვაჩნია, რომ გვაქვს ანგარიშვალდებულება საზოგადოებასთან, რომ ყოველი ჩვენი მომდევნო ნაბიჯი თუ გეგმა ამ პროცესში იყოს საჯარო“, - ვკითხულობთ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომელთა ნაწილის განცხადებაში.
80-მდე თანამშრომელმა ერთობლივი განცხადება დეკემბრის დასაწყისშიც გაავრცელა.
28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც ყოველდღიური ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. 30 ნოემბრიდან საპროტესტო აქციების გამართვა ღია ეთერის მოთხოვნით დაიწყო „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ძველ შენობასთანაც.