MFC ჟურნალისტებისა და მედიაში დასაქმებულების მიმართ წარმოებულ, ნებისმიერ მუქარასა და ძალადობას გმობს
23.12.2024

 


„მედიის თავისუფლების კოალიციის“ თანათავმჯდომარეები საქართველოში ჟურნალისტებისა და მედიაში დასაქმებულების უსაფრთხოებაზე განცხადებას ავრცელებენ და უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავენ.

„მედიის თავისუფლების კოალიციის თანათავმჯდომარეები უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავენ, პრო-ევროპული საპროტესტო აქციებზე, საქართველოს ხელისუფლების მიერ ჟურნალისტებისა და მედიაში დასაქმებულების მიმართ ძალის გადამეტების, ძალადობისა და დაკავებების გამო.

28 ნოემბრის შემდეგ „საქართველოს ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ“ ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობისა და საქმიანობაში ხელშეშლის 70*-ზე მეტი შემთხვევა დააფიქსირა. მათ შორის არიან ქალი ჟურნალისტებიც.

ჩვენ ვგმობთ, ჟურნალისტებისა და მედიაში დასაქმებულების მიმართ წარმოებულ, ნებისმიერ მუქარასა და ძალადობას. მათ უნდა შეეძლოთ საზოგადოების ინფორმირება ძალადობისა და ხელის შეშლის შიშის გარეშე. ძალადობისა და მუქარის ყველა შემთხვევა საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული, ხოლო დამნაშავეები უნდა მიეცნენ პასუხისგებაში. 

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს საპროტესტო აქციების გაშუქებისას, ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენება და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვის, ასევე, მშვიდობიანი შეკრების უფლების კუთხით. 

* საქართველოს ჟურნალისტურმა ეთიკისქარტიამ განახლებული მაჩვენებლები გამოაქვეყნა", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა. 

პროევროპული აქციების გაშუქებისას მედიას პროფესიულ საქმიანობაში ხელი 90-ზე მეტ შემთხვევაში შეეშალა. მედიის წარმომადგენლების მიმართ შსს-ის ძალები აგრესიით გამოირჩევიან. ისინი ჟურნალისტების ნაწილს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. მათ დასჭირდათ სამედიცინო დახმარებაც. განსაკუთრებულად დაშავდნენ: გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი, მარიამ გაფრინდაშვილი, მაკა ჩიხლაძე და გიორგი შეწირული. მედიის წარმომადგენლების ნაწილს დაუზიანეს ანდა წაართვეს აღჭურვულობაც. 

ვრცლად პროევროპული აქციების გაშუქებისას დაზარალებული ჟურნალისტების შესახებ, იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალა - 28 ნოემბრიდან მედიის საქმიანობაში ხელშეშლის 90-ზე მეტი ინციდენტი მოხდა

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ