26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის
საბოლოო დასკვნასთან დაკავშირებით
პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედმა“ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე
გაავრცელა
ქარდი წარწერით - „ეუთო/ოდირი: საქართველოს
საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში OSCE/ODIHR
წინასწარ დასკვნებს ადასტურებს. წინასწარი დასკვნა: არჩევნები იყო
კონკურენტული“.
თუმცა, როგორც „მითების დეტექტორი“ წერს, ეუთო/ოდირის ანგარიშში არჩევნები „კონკურენტულად“ მხოლოდ იმ გაგებით შეფასდა, რომ მრავალპარტიულობა იყო უზრუნველყოფილი.
„ეუთო/ოდირის ანგარიშში არჩევნები „კონკურენტულად“ შეფასდა მხოლოდ იმ გაგებით, რომ უზრუნველყოფილი იყო მრავალპარტიულობა, თუმცა დასკვნამ ყურადღება გაამახვილა ისეთ სერიოზულ ხარვეზებზე, როგორიცაა ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, დაშინება და მედიასივრცის პოლარიზაცია, რაც რეალურ კონკურენციას მნიშვნელოვნად ასუსტებს. გარდა ამისა, დასკვნაში გამოიკვეთა სხვა მნიშვნელოვანი დარღვევებიც, მათ შორის ფარულობის დარღვევა, საარჩევნო სიების ხარვეზები, რაც, ეუთო/ოდირის შეფასებით, აზიანებდა საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობასა და ეჭვქვეშ აყენებდა არჩევნების სამართლიანობას.
რაც შეეხება არჩევნების აღიარებას, ეუთო/ოდირის მანდატი საარჩევნო პროცესის შეფასებაა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით და არა მათი ლეგიტიმურობის განსაზღვრა“.
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ გამოქვეყნებულ ეუთო/ოდირის დასკვნაში ტერმინი - „კონკურენტული არჩევნები“ ნახსენები მართლაც არის, რაც ნიშნავს იმას, რომ ძირითად საარჩევნო სუბიექტებს არჩევნებში მონაწილეობა შეეძლოთ და საარჩევნო კამპანიის წარმოების შესაძლებლობა ჰქონდათ.
დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ რომ ძირითადი უფლებები (გამოხატვის, შეკრებისა და ასოციაციის უფლება) „ფართო მასშტაბით იყო დაცული“, რაც კონკურენტული გარემოს ფუნდამენტს ქმნიდა. თუმცა ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს არსებით ხარვეზებს, რომლებიც რეალურად კონკურენტულ გარემოს ასუსტებს: ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, დაშინებისა და ზეწოლის ფაქტები, მედიის პოლარიზაცია და არათანაბარი გაშუქება, ფინანსური უთანასწორობა, საკანონმდებლო ცვლილებები, ცესკოს თავმჯდომარის მიკერძოებულობა, ხარვეზები საარჩევნო სიებში, ხმის მიცემის სირთულეები და ფარულობის დარღვევა, საარჩევნო დავების დაუკმაყოფილებლობა.
ეუთო/ოდირის დასკვნის გამოქვეყნების დღეს, 20 დეკემბერს, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა ქარდი წარწერით: „ეუთო/ოდირი - საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ყველა პოლიტიკური პარტია უპირატესად პოზიტიური ან ნეიტრალური კუთხით წარმოაჩინა“. თუმცა, ამის გარდა, დასკვნაში აღნიშნული იყო ისიც, რომ არხმა ყველაზე დიდი დრო მმართველი პარტიის კამპანიის გაშუქებას დაუთმო, რაც სხვა პარტიების გაშუქებას ბევრად აღემატებოდა.
„ყველა კანდიდატის გააშუქებისას საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ძირითადად პოზიტიური ან ნეიტრალური ტონი გამოიყენა (89 პროცენტი), თუმცა წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების უმეტესი ნაწილი „ქართულ ოცნებას“ დაეთმო (61 პროცენტი)“.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაცია გადაამოწმა „ჯეოფაქტსმა“ და ქარდზე გაჩნდა შესაბამისი აღნიშვნაც - Missing context.
ამასთან, ეუთო/ოდირის მანდატი არჩევნების აღიარება ან მისი დამტკიცება არ არის. მისი ფუნქციაა დაკვირვება და შეფასება, რამდენად შეესაბამება პროცესი საერთაშორისო სტანდარტებს. მაგალითად, უზრუნველყოფილია თუ არა ძირითადი თავისუფლებები, არსებობს თუ არა საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც პარტიებს თანაბარ პირობებში აყენებს, რამდენად გამჭვირვალეა ხმის მიცემის, დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესი, როგორია მედიაგარემო და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.