10 ადგილობრივი ორგანიზაციის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონს არღვევს და სამეურვეო საბჭოს
თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ და გენერალურმა დირექტორმა, თინათინ
ბერძენიშვილმა თანამდებობები უნდა დატოვონ.
ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი საზოგადოებრივ მაუწყებელს აკისრებს ვალდებულებას, პოპულარიზაცია გაუწიოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლას პირდაპირი ეთერი არ დაუთმო.
„2024 წლის 18 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტს სიტყვით მიმართა. პრეზიდენტის ეს გამოსვლა ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ ინსტიტუტში, ნებისმიერ დროს დაიმსახურებდა ქართული მედიის განსაკუთრებულ ყურადღებას, და განსაკუთრებით ახლა, როცა გამოსვლის თემა იყო ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი და ევროკავშირის მონაწილეობა ამ კრიზისიდან გამოსვლაში“.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც არსებული მენეჯმენტის პირობებში საზოგადოებრივი მაუწყებელი მასზე დაკისრებულ ვალდებულებას არ ასრულებს.
„უფრო მეტიც, ხშირად საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს არა ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშემწყობი, არამედ პირიქით ევროსკეპტიკური განწყობების გამაღვივებელ განცხადებებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივ მაუწყებელზე ამჟამად უძღვება პოდკასტების სერიას, რომლის ძირითადი თემაა საქართველოს საგარეო პოლიტიკა. მოწვეულ სტუმრებთან ერთად ვასილ მაღლაფერიძე და გიორგი გვიმრაძე სისტემატურად გამოხატავენ ევროსკეპტიკურ მოსაზრებებს, ავითარებენ შეხედულებას, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია ევროპიდან მზაობის არ არსებობის გამო, რომ საქართველოს სჭირდება ალტერნატიული საგარეო ინტეგრაციის მოდელები, როგორიცაა 3+3 და ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება. ვასილ მაღლაფერიძის პოლიტიკური მიკერძოება მმართველი "ქართული ოცნების" სასარგებლოდ აშკარაა. მაღლაფერიძეს 2017-2020 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა, შემდეგ 2021 წელს მცირე ხნით პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე იყო. ეს პოსტი მან როგორც საჯაროდ განმარტა, მხოლოდ ჯანმრთელობის პრობლემების გამო დატოვა, მაგრამ აცხადებდა, რომ პოლიტიკური გემოვნება და შეხედულებები არ შესცვლია. მმართველი პარტიის ხელმძღვანელი პოსტიდან გადადგომის შემდეგ, მაღლაფერიძე დაბრუნდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე მაღალ თანამდებობაზე, ამჯერად სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ. ის ევროსკეპტიკური დამოკიდებულება, რომელსაც მაღლაფერიძე საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოდკასტებში ავლენს და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაციის ვალდებულების შეუსრულებლობა, სრულიად ემთხვევა უკანასკნელ წლებში „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულ ანტიდასავლურ პოლიტიკას. ამ გარემოებების გათვალისწინებით, სრულიად შეუძლებლად მიგვაჩნია, არსებული მენეჯმენტის პირობებში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეძლოს პარტიული ნეიტრალიტეტის დაცვა და ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაციის გაგრძელება“.
განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის დასაცავად, მაუწყებლის მიერ შინაარსობრივი ვალდებულებების შესრულებისა და საზოგადოების ადეკვატურად ინფორმირების უზრუნველსაყოფად, მოითხოვენ: თანამდებობები დატოვონ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ვასილ მაღლაფერიძემ და გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა.
განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: დემოკრატიის კვლევის ცენტრი (DRC), „უფლებები საქართველო“, ადამიანის უფლებათა ცენტრი(HRC), „საფარი“, მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი (EECMD), ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI), „მწვანე ალტერნატივა“ საქართველოს რეფორმების ასოციაცია (გრასი), ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHP).
28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც ყოველდღიური ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა.
30 ნოემბრიდან საპროტესტო აქციების გამართვა ღია ეთერის მოთხოვნით დაიწყო „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ძველ შენობასთანაც. აქცია 19:00 საათზე დაგეგმილია დღეა.
დღის სატელევიზიო ეთერის საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსიებისთვის გახსნას ითხოვს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომელთა ნაწილიც.