ბათუმელები/ნეტგაზეთი: მოვუწოდებთ ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარეს, რეაგირება მოახდინონ ჟურნალისტური თავისუფლების ამ მიუღებელ დარღვევებზე
13.01.2025

 

„ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებს, მოახდინონ რეაგირება ჟურნალისტური თავისუფლების მიუღებელ დარღვევებზე. მათი განცხადებით, დაცვის მხარე საქმის მასალებს ელოდება და კომენტარებისგან თავს იკავებს. გირაოს შუამდგომლობაზე გადაწყვეტილებას კი საქალაქო სასამართლო დღეს, 13 იანვარს მიიღებს.

„სანამ დეტალებზე არ საუბრობს დაცვის მხარე, “ქართული ოცნების” პროპაგანდისტებმა მიმართეს თავიანთ ჩვეულ ტაქტიკას და გაავრცელეს რამდენიმე წამიანი ვიდეოკადრები კონტექსტის გარეშე ამაღლობელის რეპუტაციის შესალახად. 

თუმცა, TV ფორმულა-ს ვიდეოკადრები აჩვენებს დაკავებამდე სიტუაციას, სადაც ნათლად ჩანს, როგორ ქოლავენ ამაღლობელს პოლიციელები ძირს და აწვებიან მხრებზე. ამაღლობელმა ასევე განაცხადა პოლიციის უფროს დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ დაკავების შემდეგ“. 

„ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ წერს “ბათუმელების” ოპერატორის, გურამ მურვანიძის უკანონო დაკავებისა და  ჟურნალისტურ საქმიანობაში აშკარა ხელშეშლის შესახებაც. 

„12 იანვარს, დაახლოებით 21:20 საათზე, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციის გაშუქებისას, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, დააკავეს გურამ მურვანიძე. იგი გადაიყვანეს ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში და ადვოკატთან შეხვედრის უფლება მხოლოდ 13 იანვარს, დაახლოებით დილის 6 საათზე მისცეს.

მისი ადვოკატის, მირზა მამულაძის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (კანონიერი ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით.

გურამ მურვანიძის მონათხრობი მიუთითებს მის ჟურნალისტურ საქმიანობაში აშკარა, მიზანმიმართულ ჩარევაზე. მან ადვოკატს აცნობა, რომ დააკავეს მაშინ, როდესაც იღებდა პოლიციის მიერ დემონსტრანტების დაკავებას.

გურამმა ადვოკატს უთხრა, რომ როდესაც აქციაზე შეხლა-შემოხლა შენიშნა, მობილური ტელეფონით დაიწყო დაკავებების გადაღება. ამ მომენტში მან გაიგონა, როგორ იკითხა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ: “ვინ იღებს?” გურამმა თავი “ბათუმელების” წარმომადგენლად წარადგინა. ადვოკატის თქმით, გურამის ინფორმაციით, ამას მოჰყვა ბათუმის პოლიციის უფროს დგებუაძის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა და გამოცემის მიმართ გინება, რის შემდეგაც მან თანამშრომლებს გურამის ტელეფონის წართმევა უბრძანა.

აშკარაა, რომ პოლიციამ და ბათუმის პოლიციის უფროსმა კარგად იცოდნენ გურამ მურვანიძის ვინაობა, რომ ის “ბათუმელების” თანამშრომელი იყო. მიუხედავად ამისა, ბათუმის პოლიციის უფროსმა მოგვიანებით, “TV პირველთან” დაკავებულთა რაოდენობის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ოპერატორის ვინაობა არ იცოდა.

გურამის თქმით, პოლიციელებმა სცადეს მისი ტელეფონის წართმევა. მან რამდენიმეწამიანი წინააღმდეგობა გაწია სანამ მოწყობილობის დაბლოკვას ცდილობდა, მაგრამ ტელეფონი საბოლოოდ წაართვეს; დაკავებისას მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ამას ადასტურებს მისი დაკავების ვიდეოჩანაწერიც.

დაკავების შემდეგ, გურამის განცხადებით, მას სთხოვდნენ ტელეფონის პაროლს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, აგინებდნენ.

ადვოკატის შეფასებით, ეს ქმედებები წარმოადგენს მიზანმიმართულ მცდელობას, ხელი შეუშალონ მის ჟურნალისტურ საქმიანობას და მიზანმიმართულ თავდასხმას გამოცემა “ბათუმელებზე”. გურამის მონათხრობი ხაზს უსვამს, რომ პოლიციის აგრესია გაძლიერდა მას შემდეგ, რაც მან თავი წარადგინა “ბათუმელების” თანამშრომლად.

ასევე გაცნობებთ, რომ 11-12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს “გაზეთი ბათუმელების” – 2001 წელს დაარსებული ქართული დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციისა, რომელიც ამჟამად ორ ონლაინ მედია პლატფორმას – netgazeti.ge-სა და batumelebi.ge-ს მართავს – თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მზია ამაღლობელი.

იგი პირველად დააკავეს ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს ეზოს ღობის საგუშაგო ნაწილი ნაგებობის კედელზე პლაკატის გაკვრისთვის. პლაკატზე ეწერა “იფიცება საქართველო” და წარმოადგენდა ამაღლობელის პროტესტს იმ ღამეს მსგავსი ქმედებისთვის ცხრა მოქალაქის რეპრესიული დაკავების წინააღმდეგ.

გათავისუფლებიდან მოკლე ხანში იგი მეორედ დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის ბრალდებით, რომელიც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დაცვის მხარე ელოდება საქმის მასალებს და თავს იკავებს კომენტარებისგან. სანამ დეტალებზე არ საუბრობს დაცვის მხარე, “ქართული ოცნების” პროპაგანდისტებმა მიმართეს თავიანთ ჩვეულ ტაქტიკას და გაავრცელეს რამდენიმე წამიანი ვიდეოკადრები კონტექსტის გარეშე ამაღლობელის რეპუტაციის შესალახად. თუმცა, TV ფორმულა-ს ვიდეოკადრები აჩვენებს დაკავებამდე სიტუაციას, სადაც ნათლად ჩანს, როგორ ქოლავენ ამაღლობელს პოლიციელები ძირს და აწვებიან მხრებზე. ამაღლობელმა ასევე განაცხადა პოლიციის უფროს დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ დაკავების შემდეგ. საქალაქო სასამართლო გირაოს შუამდგომლობაზე გადაწყვეტილებას 13 იანვარს მიიღებს.

მოვუწოდებთ ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარეს, რეაგირება მოახდინონ ჟურნალისტური თავისუფლების ამ მიუღებელ დარღვევებზე, ხოლო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს – უზრუნველყონ პასუხისმგებელ პირთა ანგარიშვალდებულება“, - ვკითხულობთ გამოცემების განცხადებაში. 

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორის, მზია ამაღლობელს საქართველოს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად უკვე წარუდგინა.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ