„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ქარტიის საბჭოს ყოფილ
თავმჯდომარეზე, ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმას გმობს
და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინციდენტის დაუყოვნებლივ გამოძიებისა
და დამნაშავეთა მთელი სიმკაცრით დასჯისკენ მოუწოდებს.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ თქმით, სასტუმრო „შერატონში“ მომხდარი ინციდენტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მავნებლური პოლიტიკის პირდაპირი შედეგია.
„ის წლების განმავლობაში აწარმოებდა კამპანიას დამოუკიდებელი და კრიტიკული ჟურნალისტების მიმართ სიძულვილის გასაღვივებლად და ახალისებდა სისასტიკესა და ძალადობას. 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ ქვეყანაში კრიტიკული ხმების ჩასახშობად და მედიის გასანადგურებლად რეპრესიების მომდევნო ეტაპზე გადავიდა - მის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად მხოლოდ ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში პროფესიულ საქმიანობაში 100-მდე ჟურნალისტს შეეშალა ხელი. ბევრმა მათგანმა მიიღო ფიზიკური დაზიანება, მათ შორის მძიმე. დღემდე არ არის გამოვლენილი და დასჯილი არცერთი დამნაშავე. ბოლო კვირაში ამ ყოველივეს დაემატა გამოცემების „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაპატიმრება შეთითხნილი ბრალდებით და მის მიმართ მკაცრი სასჯელის - მრავალწლიანი საპატიმრო აღმკვეთი ღონისძიების - მოთხოვნა“.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების დევნა და შევიწროება შეწყვიტოს, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული, ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების დანაშაულებრივი ქმედებები და კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯოს ისინი.
ზვიად ქორიძის თქმით, სასტუმრო „შერატონის“ ლობიში, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ დიმიტრი სამხარაძე, წინა მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე, ამჟამად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე და მასთან მყოფი სხვა პირები თავს დაესხნენ და დაემუქრნენ.
ქორიძე ბათუმში გამოცემების, „ნეტგაზეთის” და „ბათუმელების” დამფუძნებელი მზია ამაღლობელის დაპატიმრების გამო იმყოფებოდა.