„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს
16.01.2025


„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ ვეტერანი ქართველი ჟურნალისტისა და IPI-ის წევრის, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს.

IPI ხაზს უსვამს, რომ ამაღლობელის დაკავება ხდება საქართველოში დამოუკიდებელი ჟურნალისტების შევიწროებისა და თავდასხმების სწრაფად მზარდ კონტექსტში და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მოხსნას არაპროპორციული ბრალდებები ამაღლობელის წინააღმდეგ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს იგი და შეწყვიტოს ყოველგვარი შევიწროება „ბათუმელებისა“ და მისი თანამშრომლების მიმართ.

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ გლობალური ქსელი სოლიდარობას უცხადებს „ბათუმელების“ ჟურნალისტებს და ყველა სხვა დამოუკიდებელ რეპორტიორს, რომლებიც ქართული საზოგადოების ინფორმირებისთვის მუშაობენ.

„ამაღლობელი არის „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და პატივსაცემი ონლაინ საინფორმაციო პორტალის, რომელიც ხშირად აშუქებს კორუფციას და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას საჯარო მოხელეების მონაწილეობით. მიუხედავად თავდასხმების, მუქარისა და ზეწოლისა, ამაღლობელმა და „ბათუმელებმა“ აჩვენეს ურყევი ერთგულება ჟურნალისტური დამოუკიდებლობისადმი. 2023 წელს „ბათუმელები“ ​​ IPI-IMS Free Media Pioneer Award-ის მოკლე სიაში მოხვდა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამაღლობელის დაკავებამდე, ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ შეურაცხყოფა მიაყენა „ბათუმელების“ რედაქტორ ეთერ თურაძეს. IPI-ის თმით, „ბათუმელებმა“ დგებუაძე არაერთხელ ამხილეს ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევაში.

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ იმოწმებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“, რომ მზია ამაღლობელის დაკავების ინციდენტის ამსახველ ვიდეოში ნაჩვენები სილა იყო „სიმბოლური და არ ჰქონდა საკმარისი ძალა ზიანის მიყენებისთვის“, შესაბამისად, არ შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის სტანდარტს.

IPI ასევე აღნიშნავს, რომ ცალკე საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა გურამ მურვანიძეს, „ბათუმელების“ ფოტოგრაფსა და ოპერატორს. მურვანიძე პოლიციამ 12 იანვარს აქციის გაშუქებისას დააკავა. პროკურატურა მას სამართალდამცავების კანონიერი ბრძანების დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებს.

მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა პრესის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უფლებების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ - „მედიის საერთაშორისო მხარდაჭერა“ (IMS).

„გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავებისა და იმ შემაშფოთებელი გარემოებების გამო, რასაც მისი დაკავებისას ჰქონდა ადგილი.

მზია ამაღლობელმა 2 ათწლეულზე მეტი მიუძღვნა სიტყვის თავისუფლებისათვის და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისთვის ბრძოლას საქართველოში. მისმა ურყევმა ერთგულებამ დემოკრატიისადმი და გამოხატვის თავისუფლებისადმი განაპირობა ის, რომ კრიტიკული ხმა ისმის ქვეყანაში. მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები და პატიმრობაში არასათანადო მოპყრობის შესახებ ინფორმაცია სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ.  ეს ქმედებები მიუთითებს დამოუკიდებელ მედია საშუალებებზე ზეწოლის უფრო ფართო კონტექსტზე.

მზია ამაღლობელის დაკავება და პატიმრობაში დატოვება არის მისი უფლებების პირდაპირი შელახვა და მძიმე დარტყმა დამოუკიდებელ ჟურნალისტიკაზე, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მუშაობას საქართველოსთვის ასეთ კრიტიკულ პერიოდში“.

IMS „ქართული ოცნებას“  მოუწოდებს, დაიცვას გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის პრინციპები.

„დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ მზია ამაღლობელი, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ის წარმოადგენს საფრთხეს გამოძიებისთვის. სოლიდარობას ვუცხადებთ მზია ამაღლობელს, მოვუწოდებთ ყველას, ვინც პრესის თავისუფლებას უჭერს მხარს, შემოგვიერთდით და დავიცვათ პრესის თავისუფლება და დემოკრატია საქართველოში“, - წერს ორგანიზაცია.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორის და „ბათუმელების“ ოპერატორის დაკავებას გამოეხმაურა პრესის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეც“. RSF-ი მიუკერძოებელ გამოძიებას მოითხოვს  და აღნიშნავს, რომ ისინი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ.

მზია ამაღლობელის „მიზანში ამოღებას“ გმობს და მისთვის წაყენებული ბრალის მოხსნა მოითხოვა ორგანიზაციამ - „ქალები პრესის თავისუფლებისთვის“. 

„ეს არის უხეში თავდასხმა პრესის თავისუფლებაზე. მას შემდეგ, რაც ნოემბერში საპროტესტო აქციები დაიწყო, ათობით ქალი ჟურნალისტი გახდა შევიწროებისა და პოლიციის მხრიდან ძალადობის სამიზნე. ამაღლობელი და მისი კოლეგები ბათუმში უკანონო დაკავებების დოკუმენტირებაზე მუშაობდნენ.

მოვითხოვთ, რომ მოეხსნას მას წაყენებლი ბრალდება და დასრულდეს დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნა საქართველოში“.

მზია ამაღლობელისა და გურამ მურვანიძის დაკავებას გამოეხმაურა და მათი გათავისუფლება მოითხოვა ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმამაც.

,,ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის" დამფუძნებელსა და დირექტორს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 14 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, მალევე მეორედ დააკავეს.

მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში „ბათუმელების“ დირექტორს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ