„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ირაკლი დგებუაძისათვის
სამსახურებრივი უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეჩერებისა და მზია
ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის სათანადო
კვალიფიკაციით გამოძიების თაობაზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაციის“ მოთხოვნას უერთდება.
„საია-ს თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ, ქალთა მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა მზია ამაღლობელი და არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით მისი გამოკითხვის პროცესს დაესწრო.
როგორც საია იუწყება, მზია ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პოლიციის განყოფილების ეზოსა და განყოფილების შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე.
საია-ს ცნობით, მზია ამაღლობელს, დაკავების შემდგომ, ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. პოლიციის განყოფილებაში ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შეეცადა ფიზიკურად გასწორებოდა მას, თუმცა, პოლიციის სხვა თანამშრომლებმა ის შეაკავეს და ოთახიდან გაიყვანეს. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში, სადაც მზია ამაღლობელი იმყოფებოდა და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ. ერთ-ერთი ასეთი შესვლისას, მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, ირაკლი დგებუაძის ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ აძლევდნენ წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალებას.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლი და დირექტორი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად კედელზე სტიკერის გაკვრის გამო გაფიცვისკენ მოწოდებით. მოგვიანებით ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. თუმცა, მალევე დააკავეს მეორედ - ამჯერად ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწნის გამო. „ბათუმელების“ ინფორმაციით, პირველი დაკავების შემდეგ აჭარის პოლიციის დეპარტამენტიდან გამოსულ მზია ამაღლობელს ახლობლები დახვდნენ, რომლებიც სამმართველოსთან მისი დაკავების შემდეგ მივიდნენ. მზია ამაღლობელი მის საგულშემატკივროდ მისულ ადამიანებს ესაუბრებოდა, რა დროსაც პოლიციამ ორი პირი დააკავა. ორივე დაკავებული მზია ამაღლობელის ახლობელი იყო. პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ მოქმედებებს დაპირისპირება და ჭყლეტა და ირაკლი დგებუაძესა და მზია ამაღლობელს შორის დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც დააკავეს მზია ამაღლობელი. დაკავების პროცესში პირადად მონაწილეობდა ირაკლი დგებუაძე. „ბათუმელების“ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელს აგინებს და იმუქრება, რომ მას სისხლის სამართლებრივი წესით დაასჯევინებს“, - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.
მზია ამაღლობელის საქმე
,,ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის" დამფუძნებელსა და დირექტორს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 14 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. ამაღლობელი პოლიციამ პირველად კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, მოგვიანებით ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, მალევე მეორედ ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწნის გამო დააკავეს.
ამაღლობელთან ადვოკატებს რამდენიმე საათის განმავლობაში არ უშვებდნენ. სახალხო დამცველის წარმომადგენელს კი მონახულობის დროს მან უთხრა, რომ არასათანადოდ მოეპყრნენ.
„ბათუმებელის“ ინფორმაციით, პირველი დაკავების შემდეგ აჭარის პოლიციის დეპარტამენტიდან გამოსულ მზია ამაღლობელს ახლობლები დახვდნენ, რომლებიც სამმართველოსთან მისი დაკავების შემდეგ მივიდნენ:
„მზია ამაღლობელი მის საგულშემატკივროდ მისულ ადამიანებს ესაუბრებოდა, რა დროსაც პოლიციამ დაკავების ახალი ტალღა დაიწყო. უწყვეტ, ლაივ კადრებში ჩანს, რომ პოლიციამ უმიზეზოდ დააკავა ჯერ ერთი პირი, შემდეგ კი მეორე. ორივე დაკავებული მზია ამაღლობელის ახლობლები იყვნენ.
პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებების გამო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება დაიწყო, დაიწყო ჭყლეტა და სწორედ ამ დროს დააკავეს მზია ამაღლობელი“.
როგორც გამოცემა წერს, მზია ამაღლობელის დაკავების პროცესში ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე პირადად მონაწილებდა. „ბათუმელების“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში დგებუაძე ამაღლობელის შესახებ ამბობს: „სისხლით... ბო*იშვილი ვიყო სისხლით დავიჭერ... ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.
ბათუმელები/ნეტგაზეთის 13 იანვრის განცხადებით, „სანამ დეტალებზე არ საუბრობს დაცვის მხარე, “ქართული ოცნების” პროპაგანდისტებმა მიმართეს თავიანთ ჩვეულ ტაქტიკას და გაავრცელეს რამდენიმეწამიანი ვიდეოკადრები კონტექსტის გარეშე ამაღლობელის რეპუტაციის შესალახად. თუმცა TV ფორმულა-ს ვიდეოკადრები აჩვენებს დაკავებამდე სიტუაციას, სადაც ნათლად ჩანს, როგორ ქოლავენ ამაღლობელს პოლიციელები ძირს და აწვებიან მხრებზე. ამაღლობელმა ასევე განაცხადა პოლიციის უფროს დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ დაკავების შემდეგ“.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, „მისი[მზია ამაღლობელის] დაკავების შემდგომ, ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა, პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას, მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება“.