ფოტო : „პუბლიკა"
„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის
წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ მხრიდან ორგანიზებული მზარდი შეზღუდვისა
და სისტემური ძალადობის გამო, რაც განსაკუთრებით პროევროპული
საპროტესტო აქციების დროს გამძაფრდა, შეშფოთებას გამოხატავს და
„პუბლიკის“ ჟურნალისტისა და „მთავარი არხის“ ოპერატორის შემთხვევებს
განცხადებით ეხმაურება.
ონლაინგამოცემა “პუბლიკის” რეპორტიორის, ალექსანდრე ქეშელაშვილის წინააღმდეგ, რომელიც გასული წლის ნოემბერში საპროტესტო აქციის ძალადობრივი დაშლისას დააკავეს და სცემეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლოს 12 თებერვალს მიმართა.
სასამართლომ 10 თებერვალს სამართალდამრღვევად უკვე სცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა „მთავარი არხის“ ოპერატორს, სერგი ბარამიძეს, რომელიც პოლიციამ 2024 წლის 19 ნოემბერს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ძალის გამოყენებით დააკავა.
„განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ პოლიციის მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე ძალადობა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას განხორციელდა, თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ, გამოძიებისა და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის ნაცვლად, თავად მსხვერპლებს სჯიან. “ქართული ოცნება” სრულ პასუხისმგებლობას ატარებს მედიისა და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაზე. არცერთი მოძალადე არ არის იდენტიფიცირებული და პასუხისგებაში მიცემული.
“ქართული ოცნება” ახორციელებს მსხვერპლთა კრიმინალიზაციას. ეს ფაქტები ავლენს მედიაზე სისტემური ძალადობის დამკვიდრების ტენდენციას და ქმნის თვითცენზურის წახალისების მექანიზმს. ეს კი პირდაპირ აზიანებს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ობიექტური ინფორმაცია საზოგადოებრივი მნიშვნელობის მოვლენების შესახებ“, - ვკითხულობთ „მედიის ადვოკატირების კოალიციის“ განცხადებაში, რომელიც ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს.
აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ქეშელაშვილსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო, სერგი ბარამიძს მსგავსად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. სასამართლოში პროცესი კი, 25 თებერვალს ,16:00 საათზეა ჩანიშნული.
2024 წლის 28-29 ნოემბრის ღამეს, „პუბლიკის“ რეპორტიორი, ალექსანდრე ქეშელაშვილი პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის გაშუქებისას დააკავეს, სახისა და თავის არეში სცემეს და სამუშაო აპარატურა წაართვეს. პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. ქეშელაშვილს საავადმყოფოში გადაყვანა და ქირურგიული ოპერაციაც დასჭირდა.
„პუბლიკის“ რეპორტიორის განცხადებით, ის არათუ საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა, არამედ პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა, რაშიც ხელი თავად პოლიციამ შეუშალა.
„მოსამართლე ნინო ენუქიძის თანაშემწემ დამირეკა და მაცნობა, რომ მათ 11 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართა, თითქოსდა 29 ნოემბერს საზოგადოებრივ წესრიგს ვარღვევდი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ცოტა ღიმილისმომგვრელია ჩემთვის და ენუქიძის თანაშემწესაც ვუთხარი, რომ საზოგადოებრივ წესრიგს კი არ ვარღვევდი, ვასრულებდი ჩემს პროფესიულ საქმიანობას, რაშიც თავად პოლიციამ შემიშალა ხელი, იძალადა ჩემზე, წამართვა ორი ფოტოაპარატი, რომელიც დღემდე დაკარგულია და შემდეგ გადამიყვანეს განყოფილებაში.
მე ძალადობის შედეგად დამჭირდა ცხვირის ოპერაციის გაკეთება, ორკვირიანი მოსვენებითი რეჟიმი და ახლაც ვერ ვსუნთქავ კარგად. თუმცა, როგორც ჩანს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს არაფრად მიაჩნია და აი, რამდენიმე თვის თავზე გაახსენდათ, რომ აქეთ მომთხოვონ პასუხი“, - ამბობს ალექსანდრე ქეშელაშვილი „მედიაჩეკერთან“ საუბრისას.
როგორც ის აღნიშნავს, მას სამართალწარმოების შეწყვეტის მოლოდინი არ აქვს:
„რადგან არ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, რადგან არ გვინახავს არც ერთი დასჯილი პოლიციელი და სამაგიეროდ, ვხედავთ, ნაცემ მოქალაქეებს აქეთ რომ აკავებდნენ ან აჯარიმებდნენ, არც მე მაქვს დიდი მოლოდინი, რომ სამართალწარმოება შეწყდება, რაც ლოგიკური იქნებოდა ამ სიტუაციაში. ვნახოთ, რა იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ ველოდები შენიშვნასაც, ჯარიმასაც და ადმინისტრაციულ პატიმრობასაც კი“.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლოს მიმართა „მთავარი არხის“ ოპერატორის, სერგი ბარამიძეს შემთვევაშიც.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორი 10 თებერვალს გამართულ სხდომაზე პოლიციისთვის ხელშეშლის ნაწილში სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. წვრილმანი ხულიგნობის მუხლით კი, საქმის წარმოება შეწყვიტა.
სერგი ბარამიძე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, ძალის გამოყენებით გასული წლის 19 ნოემბერს დააკავეს და მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამ დღეს პოლიციამ მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი აქცია ძალის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც ჟურნალისტებიც დაშავდნენ.
ბარამიძისთვის შედგენილი სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით კი, 2024 წლის 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სერგი ბარამიძე საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა, იგინებოდა, უმისამართოდ ილანძღებოდა, პოლიციელებს პირის კანონიერ დაკავებაში ხელს უშლიდა და არაერთი მოწოდების მიუხედავად, აღნიშნული ქმედებები არ შეწყვიტა.
„რეალურად გინება რომ არ ყოფილა, ეს დაადასტურა მოსამართლემ და არ გაამტყუნა წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი შეურაცხყოფაში, მაგრამ გაამტყნა, რომ თითქოს, ის ხელს უშლიდა პოლიციელებს სხვა ადამიანების დაკავებაში, რაც ასევე, სრული აბსურდია. ვიდეოკადრებითაც ჩანს, რომ იგი ხელს არავის არ უშლიდა, უბრალოდ იდგა. ჩვენების მიცემის დროს პოლიციელს რომ ვკითხე, ხელს რა ფორმით გიშლიდათ-მეთქი, მიპასუხა იქ იდგაო. რომ იდგა, ეს ჩათვალეს პოლიციისადმი ხელშეშლად“, - ამბობს „მედიაჩეკერთან“ საუბრისას სერგი ბარამიძის ადვოკატი, გიორგი ტაბატაძე.
ტაბატაძის თქმით, „მთავარი არხის“ ოპერატორი მხოლოდ და მხოლოდ პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა და მას სამართალდარღვევა არ ჩაუდენია:
„სერგი ბარამიძე თავის სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა. ყველამ ნახა ვიდეომასალა, სადაც ეს ფაქტია ასახული. ამ დროს მას მოძალადე პოლიციელები დაესხნენ თავს და ასევე, ვიდეოზე ასახულია, რომ სახეში ურტყამენ გამეტებით. ნეკნი ჰქონდა მოტეხილი და დაზიანებებიც აღენიშნებოდა.
იქ [ვიდეოში] საერთოდ არ ისმის არც ლანძღვა-გინება, არც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა. ყველა საფუძველი იყო იმისთვის, რომ სერგი ბარამიძე სრულად გამართლებულიყო. ის დანაშაულის მსხვერპლია და არა - სამართალდამრღვევი“.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სერგი ბარამიძის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე და 154-ე მუხლებით დაიწყო, რაც უფლებამოსილების გადამეტებასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. ბარამიძეს დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული ამ დრომდე არ აქვს. „მედიაჩეკერს“ საგამოძიებო სამსახურში უთხრეს, რომ დანიშნულია ექსპერტიზა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო ალექსანდრე ქეშლაშვილის საქმეზეც, თუმცა ამ დრომდე დასჯილი არავინ არ არის.