„ქართული ოცნების“ მხრიდან უკანონო ხელშეშლის ქმედებები საზოგადოების ინფორმირების შეზღუდვას ისახავს მიზნად - „მედიის ადვოკატირების კოალიცია“
16.02.2025



15 თებერვალს, ბათუმში, ე.წ. „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე, იმ ადგილთან ახლოს, სადაც აქ მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების დასაბინავებლად კორპუსი უნდა აშენდეს, ორი მცირეწლოვანი ბავშვი წყლით სავსე თხრილში ჩავარდა და დაიხრჩო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიაზე შეყვანილი იყო ტექნიკა და მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა, საფრთხის შემცველი ადგილები სათანადოდ შემოსაზღვრული არ იყო. 

მომხდარის გასაშუქებლად ადგილზე „აჭარა თაიმსის“ ჟურნალისტი სულხან მესხიძე, „ბათუმელების“ ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე, „ტვ პირველის“ ჟურნალისტი ნატო გოგელია და საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიისა“ და „პირველი არხის“ გადამღები ჯგუფები იმყოფებოდნენ. ისინი ადგილზე შეკრებილი მოქალაქეებისგან ინფორმაციის მიღებას ცდილობდნენ. მათ კითხვებით მიმართეს ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს. 

ამ დროს აგრესიულად განწყობილი მოქალაქეები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ და ითხოვდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის კითხვები არ დაესვათ და გაცლოდნენ ტერიტორიას. მოქალაქეთა ეს ჯგუფი ჟურნალისტებთან დალაპარაკების საშუალებას სხვებსაც არ აძლევდნენ, მათ ემუქრებოდნენ და სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. სცადეს მათი ტექნიკის დაზიანებაც. 

„აჭარა თაიმსის“ ჟურნალისტი, სულხან მესხიძე აგრესიული კაცის სამიზნე, რომელმაც თავი ადგილობრივ მცხოვრებად წარადგინა, 16 თებერვალსაც გახდა.

ჟურნალისტი ამ დროს შემთხვევის ადგილიდან მუშაობდა. აგრესიულმა კაცმა მისკენ გაიწია და დარტყმით მიკროფონი გააგდებინა. ადგილზე მყოფ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს კი, რომლებიც მომხდარს შეესწრნენ, რეაგირება არ ჰქონდათ. 

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ მომხდარ შემთხვევებს უკიდურესად შემაშფოთებლად მიიჩნევს. ორგანიზაციის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ჟურნალისტების მიმართ წახალისებული აგრესია და ძალადობა სხვადასხვა დროს და ადგილას სხვადასხვა ფორმით ვლინდება. ჟურნალისტები კი, მუშაობისას თავს უსაფრთხოდ და დაცულად არ გრძნობენ. 

„15 და 16 თებერვალს „ოცნების ქალაქში“ შემთხვევის ადგილას მისული ჟურნალისტები პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ - ისინი ცდილობდნენ დროულად მიეწოდებინათ საზოგადოებისთვის ზუსტი და მიუკერძოებელი ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რასაც ორი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. მსგავს შემთხვევებში კვალიფიციური მედიაგაშუქება ხელს უწყობს გამოძიების სწრაფად და ეფექტურად განხორციელებას, ტრაგედიაზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენას და ტრაგედიების პრევენციას. 

„ქართული ოცნება“ იმის ნაცვლად რომ მოსახლეობას მედიაგაშუქების მნიშვნელობას განუმარტავდეს და ჟურნალისტებს პირობებს უქმნიდეს თავიანთი მოვალეობების ეფექტურად განსახორციელებლად, უკვე წლებია, ჟურნალისტების დისკრედიტაციით და მათგან მტრის ხატის შექმნითაა დაკავებული. ძალოვანი სტრუქტურები და მათგან ხელშეწყობილი მოძალადეობრივი ჯგუფები თავს ესხმიან ჟურნალისტებს და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უქმნიან საფრთხეს. მხოლოდ ბოლო სამი თვის განმავლობაში ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ ჟურნალისტებისათვის ხელის შეშლის 120-მდე შემთხვევა აღრიცხა“.

ქარტია აჭარის ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებისა და შსს-სგან მოითხოვს, მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ თავიანთი პროფესიული და თანამდებობრივი მოვალეობების მიმართ და ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობები უზრუნველყონ როგორც ეს კანონით ევალებათ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კი მოუწოდებს, ჟურნალისტებზე თავდასხმის შემთხვევებით დაინტერესდეს.

„მედიის ადვოკატირების კოალიციის“ განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან უკანონო ხელშეშლის ქმედებები მიზნად საზოგადოების ინფორმირების შეზღუდვასა და შესაძლო დამნაშავე პირების პასუხისმგებლობის დაფარვას ისახავს.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ტრაგედიის ადგილზე ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ ხელის შეშლას და მუქარას ჰქონდა ადგილი. საზოგადოებას აქვს სრული უფლება მიიღოს ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რამაც ორი ბავშვის გარდაცვალება გამოიწვია. "ქართული ოცნების" მხრიდან უკანონო ხელშეშლის ქმედებები კი მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირების შეზღუდვას და შესაძლო დამნაშავე პირების პასუხისმგებლობის დაფარვას. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც "ქართული ოცნების" მხრიდან პოლიციის, უკანონო ფორმირებებისა თუ მხარდამჭერების დახმარებით ცდილობს ფიზიკურად იძალადოს და უკანონოდ ხელი შეუშალოს მედიის წარმომადგენლებს თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას. აღნიშნულ დანაშაულებზე კი პასუხისგებაში არავინ არის მიცემული. 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე ასზე მეტი ფიზიკური ძალადობის, პროფესიული საქმიანობის უკანონო ხელშეშლის, ტექნიკის დაზიანებისა თუ მუქარის შემთხვევები დაფიქსირდა. თვეზე მეტია უკანონოდ დაკავებულია "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი, რომელიც არსებული რეჟიმის სინდისის პატიმარია. ქალბატონი მზია დაკავების დღიდან შიმშილობს“.

კოალიცია აღნიშნავს, რომ მედიის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ძალადობრივ ქმედებასა თუ შეზღუდვაზე სრული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცნებას“ ეკისრება, რომელიც სისტემატურად ახდენს მედიაზე თავდასხმებსა და დისკრედიტაციას და ქმნის მტრულ გარემოს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისთვის.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით კი, „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული მხარდამჭერების ზეწოლა მედიის წარმომადგენლებზე, პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, საგანგაშოა.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

linked icon styling WI

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ