დღეს, 17 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში სტიკერის გაკვრის
საქმეზე მზია ამაღლობელის პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა სხდომა
გადაიდო. გამოცემა „ბათუმელების“
ინფორმაციით, მოსამართლემ განაცხადა, რომ პროცესზე
მზია ამაღლობელის დისტანციური ჩართვა ვერ მოხერხდა, ადვოკატებმა კი
აღნიშნეს, რომ სასამართლო სხდომის შესახებ ინფორმაცია მათ საერთოდ არ
მიუღიათ.
როგორც გამოცემა წერს, სხდომის გადადებამდე შსს-ს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი თანდართული მასალებით მზია ამაღლობელისთვის არ ჩაუბარებიათ.
ამაღლობელი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს.
15 იანვარს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ინფორმაცია გაავრცელა ინფორმაცია, რომ „მისი[მზია ამაღლობელის] დაკავების შემდგომ, ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა, პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას, მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება“.
„ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 37-ე დღეა შიმშილობს. 4 თებერვლიდან კი, კლინიკა „ვივამედშია“ გადაყვანილი. მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.