ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის დაცვის მხარის საჩივარი ისევ დაუშვებლად ცნო
19.02.2025


ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის დაცვის მხარის საჩივარი, ამაღლობელის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით, ისევ დაუშვებლად ცნო.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის უფლებების დამცველებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეორედ 16 თებერვალს მიმართეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 14 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს. 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ 14 თებერვალს მზია ამაღლობელის დაცვის მხარი შუამდგომლობა, მის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით, დაუშვებლად ცნო. 

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ 16 თებერვლის განცხადებით,  სასამართლოს ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი მტკიცებულება იყო, რომ მზია ამაღლობელის პატიმრობა მის სამაგალითოდ დასჯის ემსახურება. 

„არ არსებობს არავითარი საფუძველი, რაც მზია ამაღლობელის პატიმრობას გაამართლებს, მისი პატიმრობა არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს. ჩვენი შუამდგომლობის დაუშვებლობა ხელოვნური ბარიერია იმისათვის, რომ სასამართლომ არ იმსჯელოს შუამდგომლობაში მითითებულ ახალ, უტყუარ მტკიცებულებებსა და გარემოებებზე“. 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის დაცვის მხარის საჩივარი დაუშვებლად პირველად, 21 იანვარს სცნო. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლში მეორე დღესვე გასაჩივრდა. 

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლი და დირექტორი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

15 იანვარს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ინფორმაცია გაავრცელა ინფორმაცია, რომ „მისი[მზია ამაღლობელის] დაკავების შემდგომ, ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა, პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას, მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის  და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება“.

„ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 4 თებერვლიდან კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობდა. გუშინ, 18 თებერვალს კი მან თქვა, რომ ექიმების დახმარებით კვების აღდგენას შეეცდებოდა. 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

linked icon styling WI

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ