შსს ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, გზის გადაკეტვას ედავება
20.02.2025


შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიის წარმომადგენლებს თბილისში, რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა დროს გამართული აქციების გაშუქებისას, გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.

ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტს, ბასტი მგალობლიშვილს საპატრულო პოლიციიდან გუშინ, 19 თებერვალს დაურეკეს და უთხრეს, რომ საჯარიმო ოქმის  ჩასაბარებლად უნდა მისულიყო. მგალობლიშვილს 14 თებერვალს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის გადაკეტვას ედავებიან.

როგორც „პუბლიკის“ ჟურნალისტი ამბობს, ის ამ დღეს პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა. გამოცემა „ტაბულას“ მიერ გავრცელებულვიდეოშიც ჩანს, რომ ბასტი მგალობლიშვილი პარლამენტთან, შემაღლებულ ადგილას დგას, პრესის მაიდენტიფიცირებელი ბარათი უკეთია და აქციას აშუქებს.

მგალობლიშვილმა „მედიაჩეკერთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ის აპირებს საჯარიმო ოქმი ჩაიბაროს, მასალები აიღოს და შემდეგ გაასაჩივროს.

„რადგანაც ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის დროს დაჯარიმებამ სისტემური სახე მიიღო, ვფიქრობ, რომ შსს-ს ეს ქმედებები მედიის მუშაობის შეფერხებას ემსახურება. საბოლოოდ, საჩივრები რომ დააკმაყოფილონ, გასაჩივრება დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს“. 

ჟურნალისტის თქმით, მას შემდეგ, რაც ის იმ პოლიციელს ვერ დაუკავშირდა, ვინც საჯარიმო ოქმის შესახებ შეატყობინა, კომუნიკაცია უწყების პრესსამსახურთან ჰქონდა, რომელმაც უთხრა, რომ ამბავს გაარკვევდა და დაუკავშირდებოდა, თუმცა მას ამ დრომდე არავის შეხმიანებია. 

14 თებერვალს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, გზის გადაკეტვას ედავებიან გამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტ ბექა ჯიქურაშვილსაც. ჯიქურაშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციას აშუქებდა და ეკეთა პრესის ბარათიც.

პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, გზის გადაკეტვას ედავებიან „ტაბულას“ მეორე რეპორტიორსაც. ნიკოლოზ ჭირაქაძეს სასამართლოდან 4 თებერვალს დაურეკეს და უთხრეს, რომ 17 იანვარს რუსთაველზე გზა გადაკეტა და სასამართლოში უნდა წარსდგეს. პრესის ბარათი ჭირაქაძესაც ეკეთა და იმ დღეს საპროტესტო აქციას „ტაბულას“ პირდაპირ ეთერშიც აშუქებდა. 

ჟურნალისტის ინფორმაციით, მისი სასამართლო პროცესი 25 თებერვალს, 12:00 საათზეა ჩანიშნული. მოსამართლე კი ლელა ცაგარეიშვილია.

„ტაბულას“ მთავარი რედაქტორის, ლევან სუთიძის შეფასებით, თუ კაშკაშა მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ, საქმეებს უკან არ წაიღებენ, ეს ველზე სამუშაოდ კიდევ უფრო რთულ კლიმატს შექმნის. 

„თუ ივანიშვილის რეჟიმი კაშკაშა მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ, სადაც გარკვევით ჩანს, რომ ორივე ჟურნალისტი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, ეკეთა ბეიჯი, იყო ლაივში და ერთ შემთხვევაში პოლიციასაც მოახსენა, რომ ჟურნალისტია, საქმეებს უკან არ წაიღებს, ეს შექმნის კიდევ უფრო რთულ კლიმატს ველზე სამუშაოდ. 

გამორჩეული უსამართლობა მგონია „ტაბულას“ ჟურნალისტებისთვის ასეთი საქმეების შეთითხვნა. ჩვენ მივიღეთ სარედაქციო გადაწყვეტილება, რომლითაც რეჟიმის მიერ შექმნილი ექსტრაორდინარული ვითარების პირობებშიც კი მუშაობას ვაგრძელებთ ორდინარული პროფესიული სტანდარტით. 

ეს მკაფიო ინსტრუქცია ჩვენი ყველა თანამშრომლისთვის სავალდებულოა. ვხუმრობდით კიდეც, რომ „ტაბულას“ რომელიმე რეპორტიორს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას რომ გზა გადაეკეტა, მის სანქცირებას შსს ვერ დაგვასწრებდა-მეთქი“. 

2 თებერვალს გზის გადაკეტვას ედავებიან „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ნათია გოგსაძეს. გოგსაძის თქმით, სასამართლო პროცესი ჯერ ჩანიშნული არ არის, მოსამართლე კი ლელა ცაგარეიშვილია.

„დამირეკა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს ტურისტული და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამმართველოს პატრულ-ინსპექტორმა, გიორგი კუჭაძემ და მაცნობა, რომ 2 თებერვლის მონაკვეთზე თქვენ გადაკეტეთ გზა და ამიტომ, თქვენ წინააღმდეგ შეგვაქვს სარჩელიო. მითხრა, მობრძანდით და გაეცანით მასალებსო. ეს ის დრო არ არის, პოლიცია რომ სახლში ადგება, მე ძველი სტილით ვარ დაჯარიმებული. პირდაპირ რომ სასამართლოებს მიმართავდნენ…პირველ რიგში, რუსთაველზე ვიყავი როგორც მოქალაქე და ასევე, ვასრულებდი პროფესიულ მოვალეობასაც“.

პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გზის გადაკეტვას ედავებიან „მთავარი არხის“ ჟურნალისტ ალექსანდრე საჯაიასაც, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებას თვის ბოლოს ელოდება. 

„გზის გადაკეტვას მედავებიან 4 იანვარს. 3 თებერვალს მქონდა პროცესი, სადაც მივიტანე იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ვარ და მაგ დღეს ჟურნალისტურ საქმიანობას ვასრულებდი. მოსამართლე მანუჩარ ცაცუა იყო, რომელმაც განაცხადა, რომ სპეციფიკური საქმეა და 28-ში გამოვიტან განაჩენსო,“ - ამბობს საჯაია „მედიაჩეკერთან“ საუბრისას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო 26 იანვარს გზის გადაკეტვას ედავება„მედია აპრილის“ ფოტორეპორტიორ ვახო ქარელსაც. ქარელი ამ დღეს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და თან ჰქონდა პრესის ბარათიც.

ფოტორეპორტიორის თქმით, მას შემდეგ, რაც შსს-ს წარმომადგენელს პრესის დამადასტურებელი დოკუმენტი გაუგზავნა, მან და მისმა ადვოკატმა რამდენჯერმე მოიკითხეს, თუ რა ეტაპზე იყო საქმე, თუმცა განუცხადეს, რომ სიახლე არაფერია.

პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გზის გადაკეტვას ედავებიან „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტებსაც.

სალომე ჩადუნელს საპატრულო პოლიციამ გასული წლის 10 ნოემბერს შეატყობინა, რომ გზის გადაკეტვის საქმეზე სასამართლოში უნდა მისულიყო. ჩადუნელს, მას შემდეგ, რაც პატრულ-ინსპექტორს განუცხადა, რომ ჟურნალისტი იყო და იმ დღეს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, მოგვიანებით უთხრეს, რომ საქმე შეჩერდებოდა, თუმცა ამისთვის ადვოკატს შსს-ში ცნობა უნდა მიეტანა, რომლითაც დამტკიცდებოდა, რომ ის ნამდვილად პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

როგორც ჟურნალისტი ჰყვება, მისმა ადვოკატმა ცნობა მიიტანა, შსს-ს წარმომადგენელს ჩააბარა, ისე როგორც უთხრეს და „დაგვირეკეს, რომ გასაგებია და მორჩა“. თუმცა, სალომე ჩადუნელის თქმით, რამდენიმე კვირის წინ, მისმა ერთ-ერთმა კოლეგამ საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე აღმოაჩინა, რომ მის წინააღმდეგ  ადმინისტრაციული სამართალწარმოება იყო დაწყებული და მისი მოსამართლე ლელა მილდენბერგელი იყო.

„მივხვდი, რომ ჩემზე იყო საუბარი და დავრეკე ადვოკატთან. ადვოკატმა გაარკვია მოსამართლის თანაშემწესთან და მან თქვა, რომ კი, შემოსულია საქმე და ლელა უბრალოდ ცუდად იყო, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, არ გვქონდა სალომეს ნომერი, ამიტომ ვერ დავურეკეთ და თან, ისედაც რომ არ ტარდებოდა, რაღა საჭირო იყო დარეკვაო. კარგად როცა იქნება და ჩატარდება, მერე დაგირეკავთო“.

როგორც „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი აღნიშნავს, მან შსს-ში ისევ დარეკა, სადაც უთხრეს, რომ სავარაუდოდ შეცდომა იყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩადუნელმა მოსამართლის თანაშემწეს დაურეკა, რომ გაერკვია პროცესი როდის იქნებოდა, თანაშემწემ კი უთხრა, რომ მის საქმეზე „გახმობა იყო დაწერილი“.

„გახმობაზეა დაწერილიო და ქალბატონი ლელა რომ გამოვა, თავად გადაწყვეტს დაუსწრებლად, ზეპირი მოსმენით მიიღოს გადაწყვეტილება და გაახმობინოს საქმე, თუ მაინც ჩაატაროს სასამართლო პროცესი და ამაზე დაგიკავშირდებითო“. ჟურნალისტის თქმით, ამის შემდეგ მას არავინ დაკავშირებია.

22 იანვარს გზის გადაკეტვას ედავებიან „რადიო თავისუფლების“ კიდევ ერთ ჟურნალისტს, ეკა ქევანიშვილს. როგორც ქევანიშვილი ჰყვება, მას პოლიციელმა დაურეკა და უთხრა, რომ მასზე გზის გადაკეტვის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი იყო შედგენილი და პოლიციის განყოფილებაში უნდა მისულიყო. 

„მაჩქარებდა. მითხრა, რომ მალე გაარკვიეთ ეგ ამბავი, ეს აქტი სასამართლოში უნდა გადავაგზავნოო. მე ვუთხარი, რომ ვასრულებდი ჩემს პროფესიულ მოვალეობას, ვმუშაობდი… ეს ინფორმაცია რომ მიიღო, გარკვეული ხნის შემდეგ, ისევ დამირეკა და მითხრა, რომ კარგი, არ გადავგზავნით ჯერ და იქნებ პოლიციის განყოფილებაში მოხვიდეთ, თქვენი პრესბარათი და ცნობა მოიტანოთ, სად მუშაობთ და რას აკეთებდითო“. 

ჟურნალისტმა საჭირო დოკუმენტები მოამზადა, თუმცა განყოფილებაში მისვლამდე, წინა დღეს, იმავე პოლიციელმა დაურეკა და უთხრა, რომ ძალიან ბევრი საქმე ჰქონდა და აღნიშნული დოკუმენტები მისთვის გაეგზავნა.

„რომ გადამაგზავნინა, მერე მითხრა, რომ დარწმუნებით ვერ გეტყვით, სასამართლოში გადავგზავნით თუ არა, თუმცა რაკი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდით, გავითვალისწინებთ, მაგრამ 100%-ით ვერ გეუბნებითო. ამით დასრულდა ჩვენი კომუნიკაცია“.

„მედიაომბუდსმენის“ იურისტის, ილონა დიასამიძის შეფასებით, ჟურნალისტს, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებს, გზის გადაკეტვასთან კავშირი არ აქვს.

„ჟურნალისტი თუ ხელოვნურად გადაკეტილ გზაზე დგას, იმიტომ კი არ დგას, რომ გზა გადაკეტოს, არამედ იმიტომ, რომ გააშუქოს ის, რაც იქ ხდება. შესაბამისად, ეს არის მიზანმიმართული პროცესი ჟურნალისტების მიმართ, რომ ისინი დააჯარიმონ და არასასურველი სამუშაო პირობები შეუქმნან“.

ჟურნალისტებისთვის ჯარიმების დაკისრებას განცხადებითგამოეხმაურა „მედიის ადვოკატირების კოალიციაც“.

„კოალიცია ჯარიმების დაწესების პრაქტიკას აფასებს, როგორც მედიაზე მიზანმიმართულ ზეწოლას. სამწუხაროდ, ეს შემთხვევები იზოლირებული ინციდენტები არ არის, არამედ “ქართული ოცნების” პოლიტიკის ნაწილია, რომლის მიზანია დამოუკიდებელი ჟურნალისტების დაშინება და მათი პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა. გასული წლის 28 ნოემბრიდან დღემდე ასზე მეტ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, რა დროსაც მედიის წარმომადგენლებს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხნენ, დაემუქრნენ, ტექნიკა დაუზიანეს თუ უკანონოდ ხელი შეუშალეს. თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაში იმყოფება სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი. ჟურნალისტებზე მოძალადე არცერთი პირი არ არის იდენტიფიცირებული და პასუხისგებაში მიცემული“. 

კოალიცია, რომელიც ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს, „ქართული ოცნებისგან“ მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ჟურნალისტების დევნა პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას და გააუქმოს მათ წინააღმდეგ გამოწერილი ჯარიმები.

.......................................................................................................................................

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ბოლო ცვლილებებით, რომელიც ძალაში 7 თებერვლიდან შევიდა, შეკრებასა და მანიფესტაციებთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის მოქალაქეების დაჯარიმება პირდაპირ პოლიციას შეუძლია. მაგალითად, გზის გადაკეტვისთვის სამართალდარღვევის ოქმის გამოწერა პოლიციას, სასამართლოს გარეშე, პირდაპირ შეუძლია.

.......................................................................................................................................

2024 წლის 16 დეკემბერს, პოლიციამ 1000 ლარით დააჯარიმა „მეცხრე ტალღის“ დირექტორი და „საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ თანათავმჯდომარე, გია სალია, რომელსაც 13 დეკემბერს, ზუგდიდში, საპროტესტო მსვლელობის გადაღებისის ავტომობილით გადაადგილებას ედავებოდნენ.
 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

linked icon styling WI

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ