„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ მოწოდებას - Free Mzia Today 200-ზე
მეტი ჟურნალისტი და 80-ზე მეტი ორგანიზაცია უერთდება.
IPI-ის განცხადებაზე ხელმომწერები მოითხოვენ, რომ საქართველოს
ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს „ბათუმელებისა“ და
„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი, მოუხსნას
არაპროპორციული ბრალდებები და ჩაატაროს დამოუკიდებელი გამოძიება მის
მიმართ არასათანადო მოპყრობის ბრალდებებზე.
განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ 38-დღიანი შიმშილობის შემდეგ, ამაღლობელს ჯანმრთელობის აღსადგენად ხანგრძლივი რეაბილიტაცია სჭირდება და ციხეში არ უნდა დაბრუნდეს.
„მზია არის „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“, საქართველოში ორი ყველაზე პოპულარული და პატივსაცემი ონლაინ გამოცემების დამფუძნებელი და დირექტორი, რომლებიც აშუქებენ კორუფციისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საკითხებს.
მთელი კარიერის განმავლობაში მზია იჩენდა სამაგალითო გამბედაობასა და მტკიცე ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებების, პრესის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უფლებების დასაცავად“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ ხაზს უსვამს, რომ მზია ამაღლობელი დემოკრატიული პროტესტის სასტიკი ჩახშობებისა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე თავდასხმების ფონზე დააკავეს.
IPI-ის მიერ ინიციირებულ განცხადებაზე ხელის მოწერა როგორც ინდივიდუალურად, ისე ორგანიზაციულად შესაძლებელია ამ ბმულზე.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლი და დირექტორი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს.
15 იანვარს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელს ირაკლი დგებუაძე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და აგრესიულად ეპყრობოდა, მან ამაღლობელს სახეშიც შეაფურთხა.
„ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 4 თებერვლიდან კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.