„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ შინაგან საქმეთა
სამინისტროს მოუწოდებს,
შეწყვიტოს ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს,
გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით, ჯარიმების გამოწერა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იმ 13 შემთხვევის შესახებ წერს, როდესაც ჟურნალისტებს, რომლებიც იმ დღეს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, „გზის ხელოვნურად გადაკეტვას” ედავებიან:
- „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტი ნინო შუბითიძე, 17 თებერვალი;
- „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტი ნინო წვერავა, 17 თებერვალი;
- „ტვ პირველის“ ფოტოგრაფი და ოპერატორი გიორგი მოსიაშვილი, (შეატყობინეს 21 თებერვალს);
- „პუბლიკას“ ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი, 14 თებერვალი;
- „ტაბულას“ ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი, 14 თებერვალი;
- „ტაბულას“ ჟურნალისტი ნიკოლოზ ჭირაქაძე, 17 იანვარი;
- „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ნათია გოგსაძე, 2 თებერვალი;
- „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ალექსანდრე საჯაია, 4 იანვარი;
- „მედია აპრილის“ ფოტორეპორტიორი ვახო ქარელი, 26 იანვარი;
- „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი ეკა ქევანიშვილი, 22 იანვარი;
- „ევრონიუსის“ ჟურნალისტი დავით კეკენაძე, 3 იანვარი;
- „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი სალომე ჩადუნელი, 2024 წლის 10 ნოემბერი;
- ტელეკომპანია „მეცხრე ტალღის“ ხელმძღვანელი გერმანე სალია, 2024 წლის 13 დეკემბერი;
როგორც „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ წერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ჟურნალისტმა შეატყობინა, რომ სადავო დროის მონაკვეთში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებებიც აქვთ.
„მათ პრესის მაიდენტიფიცირებელი ბარათები ეკეთათ და ნაწილი დიდი ზომის პროფესიული აპარატურის გამოყენებით მუშაობდა. პოლიციას მათი ჟურნალისტად იდენტიფიცირება თავიდანვე არ უნდა გასჭირვებოდა.
ჯარიმის შესახებ ინფორმაციის მიღების ყველა შემთხვევაში პროცესი განსხვავებულად წარიმართა. ზოგიერთ ჟურნალისტს პოლიციამ შესაბამისი ცნობის წარდგენა მოსთხოვა, ზოგიერთს პოლიციასთან მხოლოდ ცალმხრივი კომუნიკაცია გამოუვიდა, უკუკავშირის გარეშე, ნაწილს სასამართლო პროცესი ჩაუნიშნეს, ხოლო ზოგიერთის სასამართლო პროცესი გაიმართა კიდეც. ზოგიერთი აპირებს, რომ საჯარიმო ოქმი ჩაიბაროს და შემდგომ გაასაჩივროს.
თუმცა, რაც ამ შემთხვევებს აერთიანებს, არის ის, რომ საბოლოო შედეგი შემთხვევათა უმეტესობაში არ არის დამდგარი, ეს კი ჟურნალისტებს მოლოდინის რეჟიმში ტოვებს და გაურკვევლობაში ამყოფებს“.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, კანონის რეპრესიული ნორმების დაუსაბუთებლად გამოყენება ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელს უშლის. პოლიციის ქმედებები კი, მათ და ზოგ შემთხვევაში, მათი ოჯახის წევრებს, უქმნის ფსიქოლოგიურ წნეხს, აკარგვინებს მათ დროსა და სხვა სახის რესურსს.
„გზის გადაკეტვის გამო დასაჯარიმებელ ჟურნალისტთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, რაც ტენდენციაზე მიუთითებს. ეს ყოველივე ან მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია, რომლის ამოცანა ჟურნალისტთა სამუშაო გარემოს კიდევ უფრო დამძიმება და მათი სამოქმედო არეალის კიდევ უფრო შეზღუდვაა, ან, უკეთეს შემთხვევაში, სერიოზულ სისტემურ პრობლემას წარმოადგენს, რომელზეც შსს-ს და სასამართლო სისტემას სასწრაფოდ უნდა ჰქონდეს რეაგირება“.
ქარტია შსს-ს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს
ჟურნალისტების მიმართ გზის ხელოვნურად გადაკეტვასთან დაკავშირებით
მიმდინარე ყველა ადმინისტრაციული სამართალწარმოება და მსგავსი
საქმეები მომავალშიც არ აღძრას.
იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალა - შსს ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, გზის გადაკეტვას ედავება