კატეგორია: რესურსები
თუ რამდენიმე წლის წინ ვირტუალური რეალობის იდეა არაორდინალურად და არარეალურად გვეჩვენებოდა, დღეს, ვირტუალური და აუგმენტირებული რეალობა ყოველდღიურობის ნაწილი ხდება. ეს ტექნოლოგიური ინოვაციები არამხოლოდ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას, არამედ დიდი როლი აქვს შექმნას ახალი შესაძლებლობები ციფრული მარკეტინგის კუთხით. ერთ-ერთი ასეთი, ესთეტიკის ინდუსტრიაა.

მოკლედ, რა არის AI, VR და AR ?

AI - ხელოვნური ინტელექტი - არის კომპიუტერული მეცნიერების დარგი, რომელიც მიზნად ისახავს ინტელექტუალურ კომპიუტერულ პროგრამის შექმნას, რომელსაც ექნება უნარი მიაღწიოს ადამიანის ინტელექტის დონეს. მაგალითად, სტატიის ყდა მომზადებულია ხელოვნური ინტელექტის აპლიკაცია DALL-E-ში. ასევე ყოველთვის, როცა თქვენ Google-ში რაიმეს ეძებთ ან ათვალიერებთ თქვენს Netflix-ის რეკომენდაციებს, თქვენ ურთიერთობთ AI-სთან. 

VR - ვირტუალური რეალობა - ეს არის სრულიად ვირტუალური სივრცე, სადაც ორიენტაცია სპეციალური მოწყობილობის, ან მოწყობილობების საშუალებით არის შესაძლებელი. მარტივად აღსაქმელად, წარმოიდგინეთ კომპიუტერული თამაში ოღონდ ისე, რომ მას უყურებდეთ არა ეკრანზე, არამედ თავად, ფიზიკურად იყოთ ამ თამაშის სამყაროს ნაწილი.

AR - აუგმენტირებული რეალობა - არის ვირტუალური რეალობის შერწყმა ნამდვილ სამყაროსთან, რეალური გარემოს ერთგვარი მოდიფიკაცია ციფრული ფუნქციების საშუალებით. ამის ნათელი მაგალითია Instagram-ისა და Snapchat-ის ფილტრები.

ვირტუალური რეალობა სილამაზის ინდუსტრიაში

სილამაზისა და დეკორატიული კოსმეტიკის სექტორი ბოლო წლებში ხელოვნური ინტელექტის მასობრივი აღმავლობის მომსწრე გახდა, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში საგრძნობლად შეიცვალა.

პანდემიის პერიოდში, როცა ონლაინ გაყიდვებმა საგრძნობლად იმატა, სილამაზის ინდუსტრიის ბრენდებმა, როგორიცაა Tarte Cosmetics, Aveda, Estée Lauder, L’Oreal და ბევრი სხვა, დაიწყეს AI-სა და AR-ის ერთობლივი ძალების გამოყენება ციფრულ სამყაროში.

ამ ტექნოლოგიების გამოყენებით კომპანიებმა შექმნეს ხელოვნური ინტელექტი, რომლითაც კლიენტებს შესთავაზეს ინდივიდუალური, მაგრამ სრულად დისტანციური სავაჭრო გამოცდილება, რომ პროდუქტის გაყიდვა ბევრად გაემარტივებინათ.

შედეგად, კომპანიების, Tarte Cosmetics-ს და e.l.f Cosmetics-ს გაყიდვები 200%-ით გაიზარდა.

alt

როგორ მუშაობს ეს აპლიკაცია?

კოსმეტიკური საშუალებების ვებგვერდებზე ჩაშენებული ეს ხელოვნური ინტელექტი ადგენს თქვვენი სახის კანის ფერს, ტიპს, სტრუქტურას და თქვენთვის შესაბამის პროდუქციას გთავაზობთ. შეგიძლიათ თქვენი ფოტო/ვიდეოს მეშვეობით ონლაინ მოირგოთ პროდუქტი.



ModiFace - Augmented Reality
Virtual makeup try-ons are now possible for Instagram Shopping    


Estée Lauder-ის ციფრული ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის ვიცე-პრეზიდენტის კრის ეიდანის თქმით, კოსმეტიკური ბრენდის ახალმა ტექნოლოგიამ „სცადე-სანამ იყიდი“ დადებითი გამოხმაურება მოიპოვა მომხმარებლებში. ”ჩვენი ვირტუალური ცდის აუგმენტირებული რეალობის პლატფორმის გამოყენებით, მომხმარებლებს შეუძლიათ ნახონ მაკიაჟის ზუსტი ტონი და აირჩიონ პროდუქტები, რომლებიც, იციან, რომ კარგად გამოიყურება მათ კანზე.“ - ამბობს ის.


Estee Lauder

კომპანია Perfect Corp-ის მონაცემებით Estée Lauder-ს 2,5 ჯერ მაღალი შემოსავლის კოეფიციენტი აქვს მას შემდეგ, რაც ვირტუალური ტუჩსაცხის ფერთა გამის გამოყენება შესთავაზა მომხმარებელს.

კიდევ ერთი დიდი უპირატესობა მაღაზიათა ქსელში ჰიგიენის დაცვაა. პანდემიამ გვაჩვენა, რამდენად ანტისანიტარიული შეიძლება იყოს კოსმეტიკური "ტესტერების" გამოყენება თვალებისა და პირის ღრუს ირგვლივ, ასევე, ტესტერების სახით უამრავი პროდუქტი და შეფუთვა ფუჭდება, ხელოვნური ინტელექტი კი გეხმარებათ, ვირტუალურად მოსინჯოთ და შეიძინოთ პროდუქცია, რომელიც ზუსტად იცით, რომ გჭირდებათ.

Z-თაობის ფაქტორი

ეს ტექნოლოგია სულ უფრო პოპულარული ხდება სილამაზის ინდუსტრიაში, რისი ერთ-ერთი მიზეზიც - თაობა-Z-ია. (Generation Z, 1997 დან 2012 წლებში დაბადებული თაობა). ევროპაში მათს 68%-ს, სურს პერსონალიზებული რეკომენდაციების და აპლიკაციის გამოყენება.

ციფრული გამოცდილება ახლა ხდება სტანდარტი, რომელსაც დღევანდელი მყიდველები ბრენდისგან ელიან.

კომპანია InsightAce Analytic-ის პროგნოზით, ეს ხელოვნური ინტელექტი სილამაზისა და კოსმეტიკის ბაზარზე 2030 წლისთვის 13 მილიარდ დოლარზე მეტი ეღირება.

პერსონალური ინფორმაციის დაცვა

AI და AR-ის სწრაფი ზრდა სილამაზის ინდუსტრიაში და მის ფარგლებს გარეთ, იწვევს კონფიდენციალურობისა და პერსონალური მონაცემების ბოროტად გამოყენების საფრთხეს, ვინაიდან აპლიკაცია ითხოვს ფოტოს და დეტალურ ინფორმაციას თქვენი კანის მდგომარეობის შესახებ, რაც ასევე შეიძლება ჯანმრთელობის შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციას შეიცავდეს.

Salesforce-ის მონაცემებით მომხმარებელთა 65%-მა შეწყვიტა იმ ბრენდების მოხმარება, რომლებიც საეჭვოდ მოქმედებდნენ მათი პერსონალური მონაცემებით, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად დააზიანოს ბრენდის რეპუტაცია.