კატეგორია: ბლოგი
რედაქციის შენიშვნა: ეს ბლოგი, ავტორის ინტერესებიდან გამომდინარე, გამოქვეყნებულია ფსევდონიმით.
ქართულ მედიას ყველაზე ცხადად თუ რამე ახსოვს, ცენზურის მრავალნაირი ფორმებია: ფსიქოლოგიური ტერორით და მტრის ხატით დაწყებული, იდეალური საქართველოს ილუზორული სურათით დამთავრებული. ახსოვს მოდელირებული ომის ქრონიკაც, გაყალბებული კადრები, მთავრობის კანცელარიაში დაგეგმილი გადაცემები, მანიპულაციისა და დეზინფორმაციის კოლექცია და ეთერში პარტაქტივისტად ქცეული ჟურნალისტების უგემოვნო მონოლოგიც. ცოტა ხნის წინ კი ცენზურის კიდევ ერთი ნაირსახეობა ვიხილეთ.
„ჟურნალისტური ეთიკით“ შეფუთულ “მოკრძალებულ” ცენზურაზე თუ გსმენიათ რამე?! თუ არ გსემნიათ, მაშინ 16 ოქტომბერს საზოგადოებრივ მაუწყებელზე „კვირის მოამბე“ არ გინახავთ.
13 ოქტომბერი ქართული საზოგადოებისთვის ბოლო წლების ერთ-ერთი უმძიმესი დღეა, როცა ახლადგახსნილ ვაკის პარკში 13 წლის გოგოს შადრევანში დენმა დაარტყა.
ელიტურ კორუფციას დიდი ხნის წინ გაცდენილი და სახელმწიფო სტრუქტურის ყველა რგოლში ტრადიციად ქცეული არაპროფესიონალიზმისა და კორუფციის კატასტროფული შედეგი იმ დღეს ყველაზე თვალსაჩინო გახდა. დღემდეარ გამოვლენილან და დასჯილან პასუხისმგებელი პირები.
დღემდე, საზოგადოებას უშედეგო იმედი ჰქონდა, რომ ქალაქის მერი მორალურ პასუხისმგებლობას აიღებდა და თანამდებობას დატოვებდა.
დღემდე, საზოგადოების ნაწილს უიმედოდ სჯეროდა, რომ ახლა მაინც ვერ გაუბედავდნენ მოტყუებას, მაგრამ ისევ შევცდით: მერი ისევ მერიაშია, ადგილზეა ყველა თანამშრომელი, შადრევნის საფრთხოებაზე პასუხისმგებელი ყველა პირი, ხოლო ქართული ოცნების ტროლების ქარხანა მორიგ კონსპირაციაზე მუშაობს და დივერსიის ირაციონალურ ვერსიებს ავითარებს.
ისიც ცხადია, დივერსიის ვერსია იმდენად უსაფუძვლოა, რომ სამთავრობო მედიის იდეოლოგიურად მოწამლულმა ჟურნალისტებმაც ვერ გაბედეს ფაქტების გაყალბება, მაგრამ პროპაგანდისტული მეთოდები შეცვალეს. როცა მიხვდნენ, რომ ბავშვის სიკვდილში დამნაშავე მერიის, ასევე ტენდერში გამარჯვებული კომპანიის თანამშრომლების პროფესიულ გულგრილობას ვერაფერი გადაფარავდა, დანაშაულის მიჩქმალვა 13 ოქტომბრის გმირის, დევი მეზურნიშვილისა და გადარჩენილი ბავშვების ისტორიით დაიწყეს. ამ ტენდენციით სამთავრობო მედიასაშუალებებმა მერიის პიარსაც დაასწრეს, ხოლო გუშინ არც მერიის პიარი ჩამორჩა კოლეგებს და დევი მეზურნიშვილთან გადაღებული კახი კალაძის ფოტო გამოაქვეყნა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით ალბათ იკითხავთ, მაინც რა ჩაიდინა ამისთანა 80 მილიონით დაფინანსებულმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რაც სხვა მედიას არ გაუკეთებიაო. მოკრძალების გარეშე ვიტყოდი, რომ ჟურნალისტიკაში ახალი სიტყვა ვერ თქვა, მაგრამ პროპაგანდის ახალი ნაირსახეობა ნამდვილად შემოგვთავაზა.
16 ოქტომბერს პირველ არხზე, საღამოს 9 საათზე გადაცემა „კვირის მოამბე“ სამი ჟურნალისტის მონოლოგით დაიწყო. გადაცემის თავისუფალი ფორმატი სამივე წამყვანს აზრების გამოთქმის საშუალებას აძლევს. სამივემ გულწრფელი გულისტკივილი გამოხატა მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების გამო და, ის-ის იყო, ლოგიკურად მათი მონოლოგი რეპორტაჟს უნდა გაეგრძელებინა, რომ ერთ-ერთმა მათგანმა მაყურებელს სიტყვით მიმართა:
„ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვის, ასეთ დროს განსაკუთრებულად რთულია მუშაობა, რადგან თითოეულ ფოტოს, თითოეულ კადრს, თითოეულ სიტყვას აქვს მნიშვნელობა და საქართველოს პირველი არხი მუდმივად იცავს მედია სტანდარტებს, იცავს ეთიკის ნორმებს გაშუქების დროს. არ შემიძლია არ გავიხსენო ჩვენი კოლეგის, ჟურნალისტის, ეკა ლომიძის სიტყვები. მან დაწერა, როცა თანაგრძნობის გარდა სხვა ქცევის ადგილი არ რჩება, ასეთ დროს თავთან ერთად უნდა დავხაროთ კამერაც“. - რამდენიმე წამში ეთერში ჯერ დევი მეზურნიშვილის, შემდეგ ექიმ მეგი ბანცაძის ინტერვიუებიდან მოკლე ამონარიდი გადის და რეპორტაჟის გარეშე სრულდება ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის და აშკარა დანაშაულის გაშუქება. როგორც ჩანს, იმ დღეს პირველი არხის კამერა მართლაც დახარეს.
საკამათოა, რა იგულისხმა ციტატის ავტორმა, ვისი ფრაზაც პირველი არხის ჟურნალისტმა ეთერში გაახმოვანა. დიდი ალბათობით, ეკა ლომიძე არა მსგავსი ფაქტის გაშუქებაზე უარის თქმას, არამედ ქართული მედიის თანმხლებ “ნეკროფილიას” გულისხმობდა: მგლოვიარე მშობლების კადრებს, ბავშვის დაკრძალვის კადრებს, რასაც მაღალი სტანდარტის მქონდე მედიაში არასდროს ვხედავთ.
მართალია, არც პირველ არხზე შეგვხვედრია ასეთი ფორმით ტრაგედიის ან მკვლელობის გაშუქება, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, პირველმა არხმა ჟურნალისტური ეთიკა ცენზურის „ეთიკად“ გარდაქმნა და კვირის უმთავრესი თემა ერთსაათიან შემაჯამებელ გადაცემაში ამავე არგუმენტით უგულებელჰყო. არ გეჩვენებათ, რასაც კითხულობთ: სიუჟეტი ვაკის პარკში მთავრობის დაუდევრობით და გულგრილობის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის შესახებ ვერ მოხვდა საზოგადოებრივი მაუწყებლის კვირის შემაჯამებელ გადაცემაში, რადგან ცენზურა იმ დღეს „მედია ეთიკით“ გამართლდა, იმ “ეთიკით”, რომელიც, მაგალითად, პოეტ ზვიად რატიანის საქმეში პირველ არხს არც გახსენებია.
რატომ არ გვიამბეს 13 ოქტომბერს მომხდარ უბედურებაზე კვირა დღეს, იკითხავდა მაყურებელი, მითუმეტეს მაშინ, როცა თავად ამ გადაცემის სათაური პირდაპირ ამბობს, რომ მთელი კვირის მთავარი მოვლენები უნდა შეაჯამოს. უცნაურია ისიც, რომ რამდენიმე საათით ადრე გავრცელებულ ამავე გადაცემის ანონსში წამყვანის ხმა გვამცნობს:
„ტრაგედიის ადგილად ქცეული ვაკის პარკი, უბედური შემთხვევის მიზეზები, საგამოძიებო მოქმედებები და მთავარი შეკითხვა, ვინ არის პასუხისმგებელი მომხდარზე, რამ შეიწირა მარიტას სიცოცხლე“. ანონსში დასმული კითხვები პასუხგაუცემელი დარჩა, ხოლო ე.წ. „ჟურნალისტური ეთიკის“ სახელით ერთ-ერთი უმთავრესი და უმძიმესი საქმის იგნორირება სხვა არაფერია თუ არა ცენზურა, მთავრობის დანაშაულის დაფარვისა და მთავარი აქცენტების უგულებელყოფის მცდელობა, მსხვერპლიდან, ობიექტივის გმირებზე გადატანით ყურადღების გაფანტვის ხერხი, რაც სამთავრობო პროპაგანდის გამოკვეთილი ხელწერაა.
კონტექსტი: „კვირის მოამბე“ ათითვის წინ სკანდალით დახურული გადაცემიის, „ახალი კვირის“ საეთერო ალტერნატივაა. ამბები ამ თემაზე იხილეთ აქ:
“ახალი კვირის” გუნდის წევრების ურთიერთსაპირისპირო განცხადებები ცენზურასთან დაკავშირებით
დეტალები მოკლედ: რა ვიცით საზმაუს მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე
საზოგადოებრივი მაუწყებლის “შავი სია” და დაბლოკილი სიუჟეტები - ჟურნალისტები სახელებს ასაჯაროვებენ
მაუწყებელში მაღლაფერიძის გავლენა ძლიერდება - ინტერვიუ პირველი არხიდან წამოსულ ქეთი თუთბერიძესთან
18.10.2022