კატეგორია: ბლოგი

იმის საილუსტრაციოდ, რას აჩვენებს მაყურებელს პროსამთავრობო მედია თბილისში მიმდინარე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მიმდინარეობისას, ტელევიზიების ერთი დღის, 2 მაისის მთავარი საინფორმაციო გამოშვებები განვიხილოთ. 


„იმედი“ - “ქრონიკა” 20:00

მაშინ, როდესაც თბილისში, ცენტრალურ ქუჩაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია იმართებოდა და თითქმის, ყველა ტელეარხი პირდაპირ ეთერში გადმოსცემდა გმირთა მოედანზე მიმდინარე მოვლენებს,  ტელეკომპანია იმედზე ამ დროს სერიალი „ვენდეტა“ გადიოდა. 

საინფორმაციო გამოშვება “ქრონიკა” ეთერში ზუსტად 20:00 საათზე შევიდა.  ამ დროს აქციაც დაახლოებით 2 საათის დაწყებული იყო და მისი მონაწილეების დაკავებებიც.

ტელეკომპანია “იმედის” მთავარი საინფორმაციო გამოშვების ანონსით, პირველი ამბავი იყო:  „ჩამსხვრეული მინები, კოცონი, ნაგვის ურნები, ვანდალიზმი და ძალადობრივი ქმედებები პარლამენტის შენობასთან- ოპოზიცია პასუხისმგებლობას ისევ გაურბის“.  ქალაქის ცენტრში, გმირთა მოედანზე ზუსტად ამ დროს მასშტაბური აქცია იმართებოდა, სადაც ადამიანებს აკავედნენ, “იმედი” კი მაყურებელს წინა ღამით განვითარებულ ამბავს უყვება და თან ისე, თითქოს, „არა რუსულ კანონს“ - აქციის მონაწილეები მხოლოდ იმიტომ იყვნენ პარლამენტის მიმდებარედ შეკრებილნი, რომ ვანდალური ქმედებები ჩაედინათ.

კადრებში ვხედავთ, რომ “იმედი” მხოლოდ იმ ვიდეო მასალას აჩვენებს, სადაც აქციის მონაწილეები ბარიკადებს აწყობენ და  ვიდეო სათვალთვალო კამერებს აზიანებენ. 

ანონსიდან ვიგებთ, რომ გადაცემაში ასევე, საუბარი იქნება ბულინგზე, პირადი ინფორმაციის გასაჯაროვებაზე, “ქართული ოცნების” წევრისადმი პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე, თბილისში გამართულ ფორუმზე და ანონსის ბოლო ამბად: “ოპოზიციის აქცია“ - გმირთა მოედანზე იმ წუთში მიმდინარე მოვლენები.

გამოშვების მთავარი ნაწილის დაწყება ქრონოლოგიურად დააანონსებულ ამბებს მიჰყვება. 2 მაისის “ქრონიკის” მთავარი გამოშვება დაიწყო 1 მაისის მიწურულს, პარლამენტთან გამართული აქციის ამბით, თუმცა, არა პროტესტის ფაქტების ქრონოლოგიის მოყოლით, არამედ ტექსტით რომ ოპოზიცია აქციებზე პასუხიმგებლობას არ იღებს, ხოლო “ქართული ოცნება” მოუწოდებს ხალხს, რომ დარჩნენ სამართლებრივი ნორმების ფარგლებში.  აქვე “იმედი” გვთავაზობს პროტესტანტების ფარულ აუდიო ჩანაწერს, სადაც, თითქოს, აქციის მონაწილეები ერთმანეთს ესაუბრებიან მოლოტოვის კოქტეილისა და „აკა -ემის“ სროლაზე. 

1 მაისის აქციაზე არავის უსვრია არც მოლოტოვის კოქტეიული და არც ცეცხლსასროლი იარაღი. 

“იმედის” ჟურნალისტისა და პირველი სიუჟეტის ავტორის, მაკა აბულაძის რეპორტაჟი სწორედ ამ აუდიო ჩანაწერით იწყება. სიუჟეტში არაფერია ნათქვამი იმის გარდა, რომ აქციის მონაწილეები პარლამენტთან რამდენიმე საათის განმავლობაში მხოლოდ ვანდალიზმით იყვნენ დაკავებულები. 

გამოშვების მეორე ამბად “იმედმა” შემოგვთავაზა ევროკომისიის პრეზიდენტისთვის „ხალხის ძალის“ წევრის, დიმიტრი ხუნდაძის მიწერილი წერილი. წერილი სრულად გახმოვანებულია გრაფიკული გამოსახულებით, რომელშიც ხუნდაძე ურსულა ფონ დერ ლაიენს რადიკალების მხარდაჭერაში სდებს ბრალს. ის წერილის ბოლოს საუბარს რატომღაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შვილებსა და მათ საქმიანობაზე იწყებს.

გამოშვების მესამე ამბის ავტორი, სოფო ბერიძე გვიყვება „ოპოზიციის ბრძოლაზე რუსული მეთოდებით“. ავტორი მოგვითხრობს, როგორ ცდილობს ოპოზიცია საპარლამენტო უმრავლესობის ოჯახის წევრების მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას. სიუჟეტში ვისმენთ პარლამენტის ვიცე-სპიკერის ნინო წილოსანის სინქრონს, რომელიც ოპონენტების ხელწერას ფაშისტურს უწოდებს. 

[ავტორის ჩანართი: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, მისი კომენტარები და სოციალურ ქსელებში აქტიურობა ცალკე თემა და დიდი განხილვის საგანია, ამიტომ მოდით, აქ შევჩერდები და ქ-ნინოსთან დაკავშირებით მიმოხილვას ცალკე ბლოგში შემოგთავაზებთ.]

დავუბრუნდეთ 2 მაისის ტელეკომპანია “იმედის” მთავარ საინფორმაციო გამშვებას.

გადაცემა გრძელდება ამბით „სპორტსმენების ბულინგი“.  ქრონიკის წამყვანი ხატია ქვათაძე გვიყვება, რომ ქართველი მორაგბეების წინააღმდეგ ბულინგს აქვს ადგილი. მათ აიძულებენ, რომ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით აზრი გამოხატონ. ამბავს თან ერთვის “საქართველოს რაგბის კავშირის” პრეზიდენტის, სოსო ტყემალაძის სინქრონი.

შეგახსენებთ, სოსო ტყემალაძე 2021 წლის რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების დროს ერთადერთი კანდიდატი იყო. ყრილობაზე ტყემალაძის კანდიდატურას მხარი 42-მა დელეგატმა დაუჭირა. აგრეთვე, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია. მასთან და ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან მეგობრული ურთიერთობები თავად ტყემალაძემაც არაერთხელ დაადასტურა. როგორც ირკვევა, იოსებ ტყემალაძე ბიზნესმენიცაა, რომელიც ჩართულია აბასთუმნისა და წყალტუბოს პროექტებში, რომელიც ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება. ტყემალაძე “იმედთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ხელისუფლებისგან ხელშეწყობის გარდა, რაგბის კავშირს სხვა არაფერი ახსოვს. 

გავაგრძელოთ “ქრონიკის” ქრონოლოგია. ამის პარალელურად გმირთა მოედანზე მიმდინარე აქციაზე უკვე რამდენიმე პირია დაკავებული, სულ ცოტახანში რუსთაველზე მიმდინარე აქციიდან პროტესტანტები მსვლელობით სწორედ გმირთა მოედნისკენ გამოემართებიან. 

და აი, სწორედ შემდეგი ამბავი ეძღვნება მიმდინარე აქციას. “იმედი” ჰედლაინად იყენებს ფრაზას: „ აქცია რადიკალების ორგანიზებით“.  ჟურნალისტი მაკო ლორთქიფანიძე რუსთველის გამზირზე, პარლამენტის წინ დგას და პირდაპირი ჩართვით გვიყვება, რომ აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი აქვთ დაკავებული და ავტომობილებით გადაადგილება შეჩერებულია. ასევე, ის აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილეები „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს აპროტესტებენ და გვეუბნება, რომ აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი მშვიდობიანი ფორმით გაპროტესტების რეჟიმში დარჩებიან. 

მაკო ლორთქიფანიძის ჩართვის შემდეგ, 20:18 წუთზე “იმედი” გვთავაზობს გმირთა მოედნის საერთო კადრს. წამყვანი გვიყვება, რომ თურმე აქცია გმირთა მოედანზეც ყოფილა, გზა იქაც გადაუკეტავთ, თუმცა,  სამართალდამცავებმა ის უკვე გაათავისუფლეს. როგორც კი კადრში გამოჩნდა, რომ გზა ისევ გადაკეტილი და მოძრაობა პარალიზებულია, წამყვანი ტექსტს ცვლის და ამბობს, რომ ცოტახნის წინ გაათავისუფლეს, თუმცა, ახლა გზა ისევ გადაკეტილია. ამით გმირთა მოედანზე მიმდინარე პროტესტის ამბავი ქრონიკის ამ ბლოკში სრულდება. 

გამოშვება ისევ „გამჭვირვალობის კანონზე“ ამბებით გაგრძელდა. შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის გენერალურ დირექტორს შეხვდა, რა მოხდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში. 

ამ უკანასკნელ ამბავში ჟურნალისტი, ლევან მორჩიაშვილი გვიყვება, როგორ დაესხნენ თავს “ნაციონალური მოძრაობის” წევრები “ქართული ოცნების” აქტივისტს.

[ავტორის ჩანართი: ყველანაირი ძალადობა მიუღებელი და დაუშვებელია! ეს ისე, ვინმეს რომ არ ეგონოს, ძალადობას ვამართლებ. ხოდა არ ვიცი, რატომ მახსენდება ამ ამბავზე უმოწყალოდ ნაცემი ლევან ხაბეიშვილი.]

20:28 წუთია და “ქრონიკა” გრძელდება ამბით - „ფორუმი თბილისში.“

ამით გამოშვების პირველი ბლოკი სრულდება ანუ მთავარი ამბები ამით ამოიწურა. “ქრონიკაში” იმ წუთებში მიმდინარე აქციებს მხოლოდ ორი ამბავი დაეთმო: პარლამენტთან ჟურნალისტის ჩართვა და გმირთა მოედნის ერთადერთი დრონით გადაღებული კადრი წამყვანის ფრაზით, რომ მოძრაობა ჯერ გაიხსნა, შემდეგ ისევ ჩაიკეტა. 

გაცილებით საინტერესო შეგვიძლია, ვუწოდოთ “ქრონიკის” მეორე ბლოკს.

ამ ნაწილის გამხსნელი ვრცელი სიუჟეტი იყო იმაზე, თუ როგორ მოინახულა ქვემო ქართლში არსებული საწარმო ოთარ შამუგიამ. ამ ამბავს მოჰყვა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გავრცელებული განცხადება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. განცხადების ბოლოში ნათქვამი იყო, რომ აშშ გმობს ყველანაირ ძალადობას და აი აქ “ქრონიკის” წამყვანი, ლევან ჯავახიშვილი შემდეგ ამბავზე გადასასვლელ კარგ ფრაზას პოულობს და ამბობს: “ თავად შეერთებულ შტატებში კერძოდ...“

სწორედ ამ წინადადებით გახსნა წამყვანმა ამბავი, რომელიც ამერიკაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხებოდა.

ის მკვეთრად და ომახიანად გვიყვება: „კალიფორნიის უნივერსიტეტში პალესტინელთა მხარდამჭერი სტუდენტური აქცია პოლიციამ რეზინის ტყვიებით, ხელკეტებითა და შოკური მოქმედების ხელყუმბარების გამოყენებით დაშალა...“  საუბრობს ლევან ჯავახიშვილი ნიშნის მოგებით? თუ რატომ ტოვებს მისი ინტონაცია და სახის გამომეტყველება ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს, მიგვანიშნებდეს, რომ აი, ამერიკა, რომელიც ძალადობას გმობს, თვითონ როგორი მოძალადეა. ათობით აქტივისტი დააკავესო სამართალდამცავებმაო, ამერიკაზე გვიყვება და აქვე, გმირთა მოედანზე რომ ხალხი დაიჭირეს, მთელს გამოშვებაში სიტყვაც არ გაჟღერებულა. ეს ფაქტია.

ამერიკაში მიმდინარე მოვლენებს ჟურნალისტ მარიამ გიგანის ავტორობით, “იმედმა” ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა.

მოგვასმენინეს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სინქრონი, რომელზეც ლევან ჯავახიშვილმა გვითხრა, რომ პრეზიდენტი ამერიკაში მიმდინარე მოვლენებს „ვანდალიზმსა და კანონდარღვევას უწოდებს“. არ ვიცი, მე მაქვს დეჟავიუ, თუ ამ ინტონაციით ისევ იმის ხაზგასმას ცდილობს, რომ აი “ქართული ოცნებაც” ხომ ზუსტად ვანდალიზმს უწოდებს „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ აქციებს და აგერ, აი, ჯოც იგივეს ამბობს, ხალხო. შეიძლება ეს ჩემი პირადი შეფასებაა და ამით არც არაფერს ამბობს წამყვანი და უბრალოდ ამერიკაში მიმდინარე მოვლენებს გვიყვება, თუმცა, სუბიექტურად ნამდვილად ვერავინ ჩათვლის კითხვას: რა საჭიროებას წარმოადგენდა აშშ-ის აქციების ასე ფართოდ  გაშუქება, მაშინ როდესაც შენს ქვეყანაშიც არანაკლებ მასშტაბური აქციები ტარდება?! 

არ ვიცი, ამ ბლოგის წერის დროს რატომ მიტრიალებს თავში სიტყვა “პროპაგანდა”, იქნებ ბოლოში რომ გავალ, უკეთ მივხვდე. 

ამერიკის შემდეგ, “ქრონიკა” ისევ თბილისს დაუბრუნდა და მაყურებელს დრონით გადაღებული გმირთა მოედნის კადრი შესთავაზა. 20:44 წუთზე ხატია ქვათაძე გვეუბნება, რომ მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია. 

ეთერი კვლავ უცხოეთის ამბებს და თურქეთში პროტესტს ეთმობა. გვანცა ფოცხვერია გვთავაზობს რეპორტაჟს, სადაც გვიყვება, რომ თურქეთში მიმდინარე აქციებზე დაშავდა 28 სამართალდამცავი და დაკავებულია 217 დემონსტრანტი. ჟურნალისტი აკონკრეტებს, რომ მსვლელობა-მანიფესტაციების ორგანიზატორები: პროფკავშირები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია იყო. 

ისევ ვერ ვხდები, რატომ მაქვს დეჟავიუ და რატომ მაგონებს ეს სიტყვები “ქართული ოცნების” და “იმედის” პირველი ბლოკის ნარატივს, რომ თბილისის საპროტესტო აქციების უკან რადიკალები დგანან. 

თურქეთიდან “ქრონიკა” ისევ თბილისს და გმირთა მოედნის კადრს უბრუნდება ტექსტით, რომ პოლიციელებს აქციის მონაწილეები გზის მეორე მხარეს გადაჰყავთ. ამბობენ იმასაც, რომ აქციის მონაწილეების რაოდენობა არაა საკმარისი იმისთვის, რომ მათ გზის გადაკეტვა შეძლონ. 

“ქრონიკა” გამოშვებას 20:55 წუთზე ასრულებს სააღდგომო ამბით და “იმედის” ეთერში ამჯერად თურქული სერიალი „შერბეთი“ იწყება.


ტელეკომპანია „პოსტვ“


ტელეკომპანია „პოსტვის” საინფორმაციო გამოშვება 19:00 საათზე დაიწყო. ამ დროს მთავარი ამბავი გმირთა მოედანზე მიმდინარე აქცია იყო, სადაც დემონსტრანტებმა სამანქანო მოძრაობა შეაჩერეს და სამართალდამცავები მათი დაკავებისთვის ემზადებოდნენ.  თუმცა, „პოსტივის“ საინფორმაციო გამოშვების ანონსით, პირველი ამბავი იყო: “გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი კანონად 2 კვირაში იქცევა, რისგან დაიცავს ქვეყანას უცხოეთიდან შემოსული ფინანსების გამჭვირვალობა, სახელისუფლებო გუნდის პოზიციები რამდენიმე წუთში“

“იმედის” მსგავსად, „პოსტივის“ ანონსშიც მოხვდა ამბავი „ვანდალიზმის შესახებ“. მისი ნარატივი ერთი-ერთში იმეორებს „ქრონიკის“ მთავარი სიუჟეტისას. მას კიდევ უფრო ამძაფრებს წამყვანის, ანა აშორდიას ენერგიული, მკვეთრი ხმით წარმოთქმული  ფრაზა: „რადიკალური ჯგუფების დესტრუქციული ქმედებები“.

თუ „იმედისა“ და „პოსტივის“ 2 მაისის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებს პარალელურ რეჟიმში ჩავრთავთ და თვალებს დავხუჭავთ, დილემის წინაშე აღმოვჩნდებით, თუ რომელიმე ტელევიზიის წამყვანის ხმას კარგად ვერ ვცნობთ, შეიძლება გაგიჭირდეს იმის გარჩევა, რომელი არხი რომელ ამბავს გადმოცემს. 

„პოსტივის“ 19:00-საათიანი გამოშვების ამბების თანმიმდევრობა „იმედისას“ ძალიან ჰგავს. „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“,  „ხელისუფლების მტკიცე გადაწყვეტილება“, დესტრუქციული ოპოზიცია“, „ვანდალიზმი“, „შტურმი საკანონმდებლო ორგანოზე“, - მსგავსი ფრაზებითა და რეპორტაჟებში გამოყენებული ერთი და იგივე მოლაპარაკე თავებით ამ ორი ტელევიზიის კონტენტი ერთმანეთის მსგავსია .

თუმცა, „პოს ტვ-ის“ მაინც ერთი გამორჩეული ნიშა აქვს. ისე ჰყვებიან ამბებს, თითქოს, წინასწარმეტყველური ტონით, გეგონა, დანამდვილებით იციან, რა მოხდება. აი მაგალითად, გვეუბნებიან, რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს 13 მაისის სასესიო კვირაში განიხილავს პარლამენტი და დაამტკიცებს კიდეც, მერე პრეზიდენტი ამას ვეტოს დაადებს, მაგრამ უმრავლოესობა ამ ვეტოს დაძლევს.  ტაში!

ტელევიზიის ამ დღის მთავარი გამშვების პირველი 23 წუთი გასული დღის ამბებს მიეძღვნა. მიმდინარე აქციიდან, პარლამენტიდან ჩართვა 23-ე წუთზე მოხვდა ეთერში.
ჟურნალისტის პირდაპირ ჩართვას რაც შეეხება, კარგად, ზედმიწევნით იცოდა, თითქმის, ყველა ოპოზიციური პარტიის დასახელება.

ამავე ბლოკში მოხვდა: ამბავი „დაბულონგებულ მორაგბეებზე“,  „ხუნდაძის წერილი ევროკომისიის პრეზიდენტს“ , “„ქართული ოცნების” აქტივისტზე თავდასხმა“, „ფორუმი თბილისში“.  მოკლედ,  ყველაფერი იგივე, რაც - “იმედზე”. 

მეორე ბლოკი კი „რადიკალურად“ განსხვავებული იყო. მისი გამხსნელი ამბავი ვრცელი სიუჟეტით „სისტემური კორუფცია მოლდოვაშია“.

არ ვიცი, უკავშირდება თუ არა ეს ამბავი მაია სანდუს, მოლდოვის პრეზიდენტის გამოხმაურებას საქართველოში მიმდინარე აქციებზე, თუმცა, მაინც გახსენებთ. 

შემდეგ კი ისევ „იმედის“ მსგავსად: პროტესტი ამერიკაში, დაკავებულები და დარბეული აქციის მონაწილეები. თუმცა, ამ ამბავზე „პოს ტვ“-ის შეფასება „ექსპერტისთვისაც“ უკითხვას და აშშ-ის პროტესტი რეჟისორ გოგა ხაინდრავას შეაფასებინეს, რომელიც ადასტურებს ჩემს ზემოთ  გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ამერიკის აქციების შესახებ სიუჟეტი იმის საჩვენებლად გააკეთა არხმა, რომ საქართველოში მიმდინარე აქციებთან პარალელი გაევლოთ.

გოგა ხაინდრავა: „ეს არის მაგალითი ფარისევლობის. გუშინ კოლუმბიის უნივერსიტეტში შევარდა რობოკოპების რაზმი, შტურმით აიღეს უნივერსიტეტის ერთ-ერთი შენობა, 300 სტუდენტი დააპატიმრეს , დაანგრიეს იქაურობა. ამის ფონზე,  გუშინ ჩატარებულ ოპერაციაზე, რომელიც საქართველოს პოლიციამ ჩაატარა, დღეს, დილით მეთიუ მილერი გამოდის და იძახის, რომ საქართველოში რაღაცა უფლებები ირღვევა. აი, ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტები, რომელიც ღუპავს იმათ, ვინც ცრუობს. ჩვენ არ ვცრუობთ, ისინი ცრუობენ და დაინგრევიან ამ სიცრუეზე.“

„პოსტივის“ არც ის ამბავი გამორჩა, ოთარ შამუგიამ რომ ქვემო ქართლში საწარმო მოინახულა. 

შემდეგი ამბავი იყო „გვირილობა“ და გამოშვებაც დასრულდა. 

საინფორმაციოს დასრულებისთანავე დაიწყო გადაცემა - „გვერდიდან“ , რომლის წამყვანის პირველივე ფრაზა იყო: „ 1958 წელს ამერიკამ მიიღო რუსული კანონი“.  

„იმედსაც“ და „პოსტივისაც“ დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გამორჩათ ამბავი, როგორ გაუსწორდნენ ფიზიკურად აქციის მონაწილეებს ე.წ „ტიტუშკები,“ რომელთა ვინაობაც მეორე დღესვე გაირკვა და აღმოჩნდა, რომ მედიის მიერ დასახელებული პირები: ისაკ (გიორგი) უბილავა და დავით ჯავახია, როგორც წარმატებული მწვრთნელები თბილისის მერიისგან ყოველთვიურად 500 ლარს იღებენ.


ამ დღიდან კი ყველაზე დასამახსოვრებელი, ალბათ, მაინც “იმედის” გადაცემა „იმედი LIVE“-ში ჟურნალისტ მანჩი გაბელიას ჩართვა იყო. თავს უფლებას მივცემ და ამ ამბავს ვუწოდებ ნათელ თვალსაჩინოებას იმისას, თუ რა არის „იმედის“  პროპაგანდისტული ნარატივი და ნებსით თუ უნებლიედ როგორ ახადა ფარდა ჟურნალისტმა ამ პროპაგანდას. 


სხვა ტელევიზიები


ამ დროს, როდესაც „პოს ტვ“ და „იმედი“ ვანდალიზმსა და ოპოზიციაზე საუბრობდა, კრიტიკული ტელეარხები: „მთავარი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“ აქციას დაწყების მომენტიდან პირდაპირ ეთერში აშუქებდნენ. აღსანიშნავია, ისიც, რომ “საზოგადოებრივი მაუწყებლისა” და “რუსთავი 2”-ის  მთავარი საინფორმაციო გამოშვებები ჩვეულებრივზე ადრე დაიწყო და აქციის მიმდინარეობას მაყურებელს ისინიც პირდაპირ ეთერში სთავაზობდნენ. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თბილისში გამართული აქციის პარალელურად, ტელეეკრანებზე, გაყოფილ ფანჯარაში “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” „იმედისა“ და „პოს ტვ-ის“ ანალოგიური სიუჟეტი გადიოდა ამერიკაში მომხდარ დემონსტრაციებთან დაკავშირებით.

alt

 
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.
კატეგორია: ბლოგი


"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონის ხელმეორედ ინიცირების შემდეგ, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ კიდევ უფრო გააძლიერა შეტევა მედიაზე, განსაკუთრებით კი - დამოუკიდებელ ონლაინ გამოცემებზე.

 

საქართველოს პარლამენტში ონლაინ მედიის წარმომადგენლების არ შეშვება, მმართველი პარტიის წევრების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი არაეთიკური, ზოგჯერ აგრესიული და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება პოლიტიკური კამპანიის ნაწილს დაემსგავსა.

 

"ქართული ოცნების" წევრები, პარლამენტის თავმჯდომარის ჩათვლით ჟურნალისტების მიმართ ნეგატიური განწყობის ან დამოკიდებულების ღიად გამოხატვას არ ერიდებიან და ონლაინ მედიას არა მხოლოდ ვერბალური განცხადებებით, არამედ სოციალური ქსელებითაც კი უპირისპირდებიან.

 

ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა თვალსაჩინო გახადა, რომ ოცნების წევრები კრიტიკული ონლაინ გამოცემების აქტიური მკითხველები და თითოეულ სიტყვაზე ჩასაფრებული მეთვალყურეები არიან. იმის გათვალისწინებით, რომ მმართველი გუნდის წევრები კრიტიკულ მედიასთან ინტერვიუს არასდროს თანხმდებიან, ისინი მათ საპასუხოდ ან თავდასხმის საშუალებადაც კი ფეისბუქსა და სამთავრობო მედიებს ირჩევენ.


თვალსაჩინოებისთვის ვნახოთ, როგორია ბოლო პერიოდში მომხდარი ამბების ქრონოლოგია და როგორ ცდილობს ხელისუფლება და მასთან აფილირებული პროპაგანდისტული ტელევიზიები დამოუკიდებელი და კრიტიკული ონლაინ გამოცემების დისკრედიტაციას.


ნინო წილოსანი VS “პუბლიკა“

23 აპრილს ამბროლაურში, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით გამართულ საყოველთაო სახალხო განხილვაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებული განცხადება აბორტთან, ხელოვნურ და ინ ვიტრო განოყოფიერებასთან დაკავშირებით განხილვის საგანი გახდა.

მედიაგამოცემა „პუბლიკამ“ მამუკა მდინარაძის ნათქვამთან დაკავშირებით გამოაქვეყნა მასალა სათაურით - "მდინარაძე ინ ვიტროზე: საკამათო გახდა, მარტოხელა ქალს უნდა ჰყავდეს თუ არა შვილი“. გამოცემამ ბეჭდური სახით გაშუქებულ ამბავს, თან დაურთო მამუკა მდინარაძის სრული და უცვლელი პასუხი.

მასალაზე გამოხმაურებამ მმართველ გუნდსა და პროპაგანდისტულ მედიებში არ დააყოვნა. თავად მდინარაძემ „პუბლიკას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე და მანიპულაცია უწოდა. მან გამოცემა მისი კომენტარის დამონტაჟებაში დაადანაშაულა.

მდინარაძესთან ერთად, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აღშფოთება გამოხატა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმაც. დეპუტატმა დაწერა, რომ „პუბლიკა“ სიცრუის ტირაჟირებას ჩვეულ სტილში განაგრძობდა. წილოსანმა მასალას მორიგი ტყუილი და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატა უწოდა. 

A screenshot of a computerDescription automatically generated


პარლამენტის წევრის ფეიბუქ პოსტს „პუბლიკა“ თავადაც გამოეხმაურა და ამბროლაურში გამართულ შეხვედრაზე მამუკა მდინარაძის გამოსვლა უკვე ვიდეოს სახით გაავრცელა. 

A screenshot of a video chatDescription automatically generated


ვიდეოს ლინკი: https://www.facebook.com/watch/?v=2356163147928303

ნინო წილოსანი ამ მასალასაც გამოეხმაურა და მისი ვებგვერდზე დადებიდან მალევე მან შემდეგი ახალი პოსტი გამოაქვეყნა:

A screenshot of a computerDescription automatically generated


დეპუტატმა “პუბლიკას” მიერ გავრცელებულ ვიდეოს არაფრისმთქმელი უწოდა და აღნიშნა, რომ მამუკა მდინარაძე უბრალოდ სხვადასხვა ჯგუფების პოზიციაზე საუბრობდა, ეს მისი პოზიცია არ იყო, “პუბლიკა” კი მანიპულირებდა. რომ მათ მიერ გავრცელებულ მასალაში ეს კონტექსტი ნახსენები არ იყო და მედიის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, თითქოს, ირონიული ტონით “პუბლიკას” დონორებსაც მიმართა.

ნინო წილოსანი ამით არ გაჩერებულა. დეპუტატის მედიაზე შეტევა ასე გაგრძელდა.

24 აპრილს “პუბლიკამ” გამოაქვეყნა ახალი მასალა სახელწოდებით -" როგორ დასაქმდა გური სულთანიშვილის ცოლი ნინო წილოსანის სამდივნოში".

სტატიაში აღნიშნულია, რომ გამოცემას წყარომ მიაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პროსამთავრობო ტელევიზიის Postv-ის ტელეწამყვანის, გური სულთანიშვილის ცოლი, მედეა ჯმუხაძე წილოსანის სამდივნოში დასაქმდა. 

"პუბლიკა" ამბის გადასამოწმებლად თავად მედეა ჯმუხაძესაც დაუკავშირდა. კითხვაზე, თუ ვისგან მიიღო შემოთავაზება და ხომ არ უკავშირდება მისი დასაქმება სულთანიშვილს, რადგან საზოგადოების მხრიდან, შესაძლოა, ეს ასე ყოფილიყო აღქმული, ჯმუხაძემ აღნიშნა, რომ შემოთავაზება თავად ნინო წილოსანისგან მიიღო. 

მედია გამოცემა ნინო წილოსანსაც დაუკავშირდა. დეპუტატმა "პუბლიკას" ასე უპასუხა: „გამჭვირვალობის საპასუხოდ მეორე უდონობა მოიფიქრეთ? ანუ ქალი აუცილებლად ვიღაცის ცოლი უნდა იყოს და ქმრის გამო ასაქმებდნენ? სექსისტური განაცხადი ახალი ფურცელია თქვენს „შემოქმედებაში“. ამას მალევე მოჰყვა წილოსანიც ფეისბუქ პოსტიც.

 

A screenshot of a computerDescription automatically generated

 

"იმედისა" და "პოსტვ"-ის გამოხმაურება


მმართველი გუნდის რიტორიკა სამთავრობო მედიებმა გააგრძელეს. ტელეკომპანია "იმედმა" გამოქვეყნა მასალა ჰედლაინით: “მამუკა მდინარაძე "პუბლიკას" მიერ გავრცელებულ ტყუილზე”. 

A screenshot of a video chatDescription automatically generated

მაშინ, როდესაც არანაირი ფაქტით არ დასტურდება, რომ “პუბლიკამ” ცრუ ინფორმაცია გაავრცელა და სრული ვიდეო ჩანაწერიც ცხადყოფს, რომ გამოცემამ მხოლოდ და მხოლოდ დეპუტატის სიტყვების ციტირება მოახდინა, "იმედმა" მას მაინც დადასტურებულად ტყუილი უწოდა.


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის სრულ გამოსვლას აქტიურად აზიარებდა და პოსტავდა ტელეკომპანია Postv. პროპაგანდისტულმა მედიამ ამ ამბავს ვრცელი მიმოხილვა მიუძღვნა გადაცემაში - „სამნი და კო", რომლის ერთი-ერთი წამყვანიც გური სულთანიშვილია. შალვა რამიშვილმა თქვა, რომ ამბავი სიმართლეს შეესაბამება და სულთანიშვილის მეუღლე მართლაც წლებია პარლამენტში მუშაობს, რაშიც თავად სულთანიშვილმა შესწორება შეიტანა და აღნიშნა, რომ მისი მეუღლე ახალა გაფორმდა, თუმცა, მანამდე Fem Tech-ის პროგრამის განვითარებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი. 

როგორც "პუბლიკამ" მედეა ჯმუხაძის სოციალურ გვერდზე გადაამოწმა, მან პარლამენტში ოფიციალურად მუშაობა მიმდინარე წლის 1 მარტს დაიწყო. 

“სამნი და Co.“- ს ერთ-ერთი წამყვანი და ტელეკომპანია "პოსტვ"-ის გენერალური პროდიუსერი, ძალადობაში არაერთხელ ბრალდებული შალვა რამიშვილი „პუბლიკას“ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს და ამბობს, რომ თითქოს, მედიას ჯმუხაძის „რაღაცაში გამოჭერა სურდა,“ მაშინ როდესაც "პუბლიკამ" მას  წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად დაურეკა. 


შალვა პაპუაშვილი VS გელა მთივლიშვილი 


"ქართული ოცნების" სხვა წევრების მსგავსად, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც აქტიურადაა დაკავებული ონლაინ მედიებისა თუ მათი დამფუძნებლების დისკრედიტაციით. 

მიმდინარე წლის შემოდგომაზე „მთის ამბების“ რედაქტორის, გელა მთივლიშვილის მასალა, რომელიც შოვში დატრიალებულ ტრაგედიას ეხებოდა კონკურსის - "ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში" ფინალში მოხვდა. როგორც აღმოჩნდა, შალვა პაპუაშვილს სტატიის შინაარსი არ მოეწონა. მან ევროკავშირის საელჩოს საქართველოში მოსთხოვა, განმარტება თუ რატომ მოხვდა გელა მთივლიშვილის საგამოძიებო სტატია ევროკავშირის პრიზის ფინალისტებში. პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრებით, მთივლიშვილის სტატია „ტყუილებით სავსე“ იყო და როცა ასეთი მასალა ევროკავშირის კონკურსის ფინალში ხვდება, მნიშვნელოვანია, ამაზე პასუხისმგებლობა ევროკავშირმა აიღოს.

შალვა პაპუაშვილმა გელა მთივლიშვილის „ თვითგამოცხადებული ჟურნალისტი“ უწოდა, რომელიც ტყუილების გავრცელებით მოსახლეობაში პანიკის დათესვას ცდილობს.

პარლამენტის თავმჯდომარის თავდასხმებს "მთის ამბების" რედაქტორზე Media Freedom Rapid Response (MFRR) გამოეხმაურა. MFRR არის ევროპის მასშტაბით მოქმედი მექანიზმი, რომელიც აკვირდება და რეაგირებს პრესისა და მედიის თავისუფლების დარღვევის ფაქტებზე ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებში.

MFRR-ის პარტნიორმა ორგანიზაციებმა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ჟურნალისტის დისკრედიტაციაზე შეშფოთება გამოთქვეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს არ არის პირველი ინციდენტი, როდესაც შალვა პაპუაშვილი მედიის დისკრედიტაციას ცდილობს. MFRR-მა მაგალითად OC Media-თან დაკავშირებული შემთხვევა გაიხსენა, როდესაც 2023 წლის სექტემბერში პარლამენტის თავმჯდომარემ საჩივრის წერილით მინიმუმ ერთ დონორ ორგანიზაციას მიმართა, მას შემდეგ რაც მედიამ პაპუაშვილის თვალსაზრის გამოქვეყნებაზე უარი თქვა. 

შალვა პაპუაშვილი VS ნეტგაზეთი/ბათუმელები 

 

ეს არი იყო შალვა პაპუაშვილის მედიაზე თავდასხმის არც პირველი და არც უკანასკნელი შემთხვევა. 

ახლა, როდესაც მმართველმა პარტიამ რუსული კანონი ხელმეორედ დააინიცირა, მათი მხრიდან ონლაინ მედია განსაკუთრებული წნეხის ქვეშ აღმოჩნდა. 

შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ "ქართული ოცნების" წევრები არ ტოვებენ არცერთ სტატიასა თუ ამბავს, რომელსაც ონლაინ მედია ავრცელებს, აკომენტარებენ ყველაფერს და პროპაგანდას უწევენ მათ მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს, რომელიც მათი თქმით, სწორედ ამ მედიაორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობისთვისაა საჭირო. 

ამ პერიოდში შალვა პაპუაშვილის მორიგ სამიზნედ ნეტგაზეთი/ბათუმელები იქცა. ამბავი მედიის მიერ გამოქვეყნებული მასალით დაიწყო, სადაც ნათქვამი იყო, რომ პაპუაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში 1 ლარად ჰექტრობით მიწა შეიძინა.

სტატიას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა და საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა. მან ნეტგაზეთი/ბათუმელების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აბსოლუტური ტყუილი უწოდა.

 

ონლაინ გამოცემამ ტექნიკური, თუმცა, არა ფაქტობრივი შეცდომა გაასწორა და მკითხველს ბოდიშიც მოიხადა.

ფაქტი, რომ პაპუაშვილმა 1 ლარად მიწის ნაკვეთი ნამდვილად შეიძინა, ასახული მისივე დეკლარაციაშია.


პარლამენტის თავმჯდომარის დასავლეთ საქართველოს რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დროს, ნეტგაზეთი/ბათუმელების რედაქტორმა, ეთერ თურაძემ ამ თემაზეც ისაუბრა და წარადგინა დოკუმენტები, რომელიც მედიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის სინამდვილეს ადასტურებდა. თუმცა, შალვა პაპუაშვილი დაჟინებით იმეორებდა, რომ ნეტგაზეთი/ბათუმელები იტყუებოდა.

პაპუაშვილი ეთერ თურაძის გამოსვლას ფეისბუქის საკუთარ გვერდზეც გამოეხმაურა. 




პარლამენტის თავმჯდომარემ ყველაფრის მიუხედავად, თურაძის გამოსვლას ცილისწამება უწოდა და თავის პოსტში ისევ და ისევ “რუსული კანონის” მიღების აუცილებლობას გაუსვა ხაზი, რითიც მისი მტკიცებით, “ქართული ოცნება” საბოლოოდ, დაადგენს თუ ვინ აფინანსებს ამ შემთხვევაში ბათუმელებს/ნეტგაზეთს და ზოგადად, ქართულ ონლაინ მედიას.




ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.