კატეგორია: ბლოგი
ნელ-ნელა ვსწავლობთ მედიის კრიტიკას; მედიის შესახებ მედიაც აღარ არის წარმოუდგენელი რამ (აღარც „არაკოლეგიალურია“). მაგრამ იმ სივრცეში, სადაც ფეისბუქი უკვე თავადაა მეინსტრიმული მედია, ჩვენ, თითქოს, კვლავ მხოლოდ მომხმარებლებად ვრჩებით. დროა ამ ილუზიას გამოვემშვიდობით.

არაერთი კორპორატიული მედიასაშუალება, შიგადაშიგ, ზოგიერთ ჩვენგანს სოციალური ქსელის აქტიურ მომხმარებლად მოგვიხსენიებს ხოლმე. ეს უხერხული გამონათქვამი პირდაპირ აღნიშნავს ქცევას, მაგრამ ლამის გაურბის მის რეალურ აღწერას: ჩვენ დამოუკიდებელი მედია, სამოქალაქო მედია, საკუთარი თავის მედია ვართ. მედიის კრიტიკა თუ აუცილებელია, ჩვენი თავიც ვაკრიტიკოთ. თუ მედიასაშუალებები ხშირად იმედებს გვიმტყუნებენ ხოლმე, ისიც ვიკითხოთ - იქნებ ჩვენც მეტი და უკეთ შეგვიძლია? ჩვენც ხომ მართლაც დიდი ხანია უკვე, რაც სამოქალაქო მედია ვართ და არა უბრალოდ მომხმარებლები.

  • · 2008 წელს „თბილისის ფორუმი“ ხელისუფლებას მომხმარებლის გამო არ გაუთიშია; მან უკონტროლო საინფორმაციო წყარო, ინდივიდუალური სამოქალაქო მედია აღკვეთა (ბევრის აზრით, მართებულადაც).
  • იმავე ფორუმზე თბილისის მერი ჭიაბერაშვილი ონლაინ მომხმარებლებთან არ კონტაქტობდა; ის მოქალაქეებთან ამყარებდა კომუნიკაციას - იმ მოქალაქეებთან, რომლებიც შემდეგ შთაბეჭდილებებს დანარჩენებს გვიზიარებდნენ.
  • „მამაო ბუასილის“ ვიდეოების გამოჩენის შემდეგ, შსს იუთუბის ან ფეისბუქის მომხმარებლებით არ დაინტერესებულა, სამოქალაქო პროვოკაციის შემქმნელ-გამავრცელებლებზე ცდილობდა გასვლას.
  • დღევანდელი ფეისბუქ-გვერდის ავტორი და ადმინი, რომელიც 17 მაისის ერთ-ერთი ვერსიისთვის იბრძვის და სხვების დარწმუნებას ცდილობს, არ არის მომხმარებელი, მედიააქტივისტია.
  • ის მომხმარებელიც კი, რომელსაც მაღაზიაში სამ არაბიოდეგრადირებად პარკს აჩეჩებენ და ამის გამო სოცმედიით ჩივის, აღარ არის სოცმედიის მომხმარებელი მხოლოდ, ის უკვე სამოქალაქო მედიაა.

ეს ყველაფერი კონცეპტუალური სიახლე არაა, სოცმედიის სამოქალაქო-პოლიტიკური ძალის შესახებ ვიცით, მაგრამ ისე ვიქცევით, თითქოს ეს არ ვიცოდეთ. მოვიხმართ ისე, თითქოს კვლავ მხოლოდ მომხმარებლები ვიყოთ. იმ მომენტიდან, როდესაც სოცმედია-არხებს - ფორუმებს, ბლოგ-პლატფორმებს, ფეისბუქს, ტვიტერს, იუთუბს თუ მაივიდეოს - მხოლოდ პროდუქტებად აღარ აღვიქვამთ, საკუთარი თავის უკეთეს მედიად ვიქცევით. ამ თვალსაზრისით, რამდენიმე მომენტის გათვალისწინება მნიშვნელოვანი მგონია:

დამოუკიდებელი ავტორის იდეა უნდა გადარჩეს

მედიის თუ სხვა ორგანიზაციის სივრცეში ბლოგერი ახლებური „მესვეტეა“, რომელიც, ათასნაირი ვარიაციით, სტაბილური კონტრიბუტორისგან განსხვავდება. მოკლედ, ბლოგერი ან მხოლოდ ლამაზად ჟღერს, ან, ამავდროულად, გამოცემისა და ავტორის თანამშრომლობის არატიპური ფორმატია.

მაგრამ ტრადიციული გაგებით (და აქ ტრადიციონალისტი ვარ), ბლოგერი პირველ რიგში ინდივიდუალური ავტორია, რომელიც აუნაზღაურებლად, საკუთარ სივრცეშივე „იხარჯება“: ის გაუკონტროლებელი წყაროა, რომელიც მხოლოდ საკუთარი რედაქციით, საკუთარ თავს წარმოადგენს.

გარდა ამისა, ის, რასაც დღევანდელი კორპორატიული მედია ფეისბუქის „აქტიურ მომხმარებელს“ ეძახის, Blogger-იდან და Wordpress-იდან „სოციალურ ქსელებში“ მიგრირებული მოქალაქე-კომენტატორის ახალი მეტსახელია.

მოკლედ, პლატფორმები იცვლებიან, და დაე „ბლოგერის“ მნიშვნელობაც შეიცვალოს, მაგრამ დამოუკიდებელი ავტორის და მისი სივრცის გაგება არ უნდა დავკარგოთ: ადრე თუ გვიან, სამოქალაქო ჟურნალისტიკას მოვიკითხავთ, რადგან ის ძალიან დაგვჭირდება.

ანონიმური ინტერეს-შეკავშირება გადამწყვეტია

ნებისმიერი სოცმედია-ევანგელისტი გვეტყვის, რომ სოციალური მედია და კონკრეტულად ფეისბუქი კომუნიკაციის გამარტივებული საშუალებაა. თუმცა, სოცმედია ყველას სხვადასხვა მიზეზით გვიზიდავს.

პოლიტიკოსებისა და საჯარო პირებისთვის სოცმედიის დემოკრატიული პოტენციალი, როგორც მინიმუმ, მეორეული ამბავია. მათთვის ეს, პირველ რიგში, 2010-იანების ერთგვარი „ფაქსია“: ინფორმაციას უკვე საინფორმაციო სააგენტოს გვერდის ავლით, დაყოვნების და გაშუალების გარეშე გვიზიარებენ. თუ მათთვის ეს სტრატეგიული კომუნიკაციის კომფორტული არეალია, სამოქალაქო აქტივიზმი სოცმედია-ფეტიშიზმს უკრიტიკოდ არ უნდა აჰყვეს, გამოწვევებზეც უნდა დაფიქრდეს. გამოწვევაა, მაგალითად, ქვეყნის არასაკმარისი ინტერნეტიზაცია, ინფორმაციის უხარისხობა და ამ უხარისხო ინფორმაციის დომინანტობა, ახალგაზრდებში უცხო ენების ცუდად ფლობა, ფაქტების გადამოწმების შრომატევადობა და შრომის სიძვირე, და ა.შ.

საჯაროდ გამოქვეყნების შესაძლებლობა - კარგი მოცემულობაა, მაგრამ დემოკრატიული და ჰორიზონტალური საჯარო კომუნიკაციისთვის სხვა პარამეტრებიც მნიშვნელოვანია. საერთო ინტერესების მქონე ადამიანთა აღმოჩენა-ურთიერთშეკავშირებისთვის, დისტანციური თანამშრომლობისთვის, რაიმე ქმედების საჯარო სივრცისთვის შემზადებისთვის გადამწყვეტია სპეციფიკური ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს.

ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ისეთი პლატფორმის შემთხვევაში, რომლის ალგორითმი ქსელურ კომუნიკაციაზეა აგებული, სადაც იძებნება პერსონა, ორგანიზაცია, მაგრამ სადაც სიტყვის ძებნა ან ჰორიზონტალურად დალინვა (ჰეშთეგი) ენდემური პრაქტიკა არაა. ამ თვალსაზრისით, საქართველოში თუ სხვაგან, ზოგადად ფეისბუქი არაა იმდენად რევოლუციური, რამდენადაც კონკრეტულად მისი „ჯგუფები“ - ინტერესების (და არა ძველი ნაცნობობის) საფუძველზე შეკავშირებული თემები.

ჯგუფები, სიები, ფორუმები ისეთი კომუნიკაციური რეჟიმებია, სადაც სანაცნობო ქსელების სისქეებში და ლაბირინთებში შეუღწევადობა დაძლეულია, ხოლო ანონიმური შეკავშირება და დიალოგი ტექნიკური შესაძლებლობა კი არა, მთავარი აქცენტიცაა.

მრავალპლატფორმიანობა ნიშნავს სიახლეს ან ის თქვენთვის არ არის

თინათინ ხიდაშელი ტვიტერზე ქართველებთან კონტაქტს არ გაურბის:



დააკვირდით: ტვიტის დასაწყისში წერტილია, რათა გამოხმაურება საერთო საჯარო ნაკადში, სხვებისთვისაც გამოჩნდეს. ამაშია ფუნდამენტური სხვაობა ორ მიდგომას შორის: ფორმალურად იყო წარმოდგენილი პლატფორმაზე, და მის შესაძლებლობებს მაქსიმალურად იყენებდე. მაგრამ ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრიც, ღარიბაშვილიცა და ნაციონალური მოძრაობის წევრებიც ტვიტერზე სრულიად სხვა მოტივით არიან - მათი სამიზნე აუდიტორია არა ლოკალური ან ქართულენოვანი, არამედ საერთაშორისო საზოგადოებაა.

დროა მათგან ვისწავლოთ, რადგან ტიპური ქართველი მომხმარებელი ნებისმიერ სხვა სოცმედია პლატფორმაზე იმას იმეორებს, რასაც ფეისბუქზეა შეჩვეული: ეძებს ძველ ნაცნობებს და მშობლიურ ენაზე მოსაუბრე თანამემამულეებს. ამ თვალსაზრისით, ის ისევე „ღიაა“ სიახლეებისადმი, როგორც ჩემი არაერთი ქართველი თანამგზავრი უცხოეთში, რომლის მიზანი სხვა ქართველის ან რუსულენოვანი ადამიანის ჯანდაბიდან გამოძებნა და პოსტსაბჭოთა მიკროსამყაროს რეანიმაციაა.

რაც უნდა ვამტკიცოთ, რომ გემოვნებაზე არ დაობენ, ყველა სუნელ-საკმაზი ერთნაირად არ გამოიყენება. ასევეა სოცმედია-არხებიც. ნორმალურია, ფეისბუქის გარდა სხვა პლატფორმა არ გჭირდებოდეს, მაგრამ არ არის ნორმალური, Google +-ზე ისევ გოგა ხაჩიძის ან ძველი კლასელის სტატუსებს ეძებდე.

მოვლილი კონტენტი ასჯერ ნათქვამზე მეტად ეფექტიანია

ნაკადში ჩაკარგვის ნაცვლად, ინფორმაციის შენახვა და ორგანიზება-არქივირება გაცილებით მადლიანი საქმეა. ესაა რელევანტური ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე ზრუნვა - ზრუნვა სხვებისთვის: პოტენციური თანამოაზრისთვის, საჭიროების მქონე ჯგუფისთვის, და ა.შ. ეს რომ აქამდე გაგვეაზრებინა, სექსუალური განათლების დანერგვის „საფრთხეების“ შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე უფრო თვალშისაცემი, თავად სათანადოდ მომზადებული ონლაინ გზამკვლევი გვექნებოდა, და დღეს სკოლისგან ნაღალატევი მოზარდი პორნოგრაფიით და მართლმადიდებლური წყაროებით უხარისხო ინფორმირებას გადარჩებოდა.

ამა თუ იმ თემაზე მოკლე დეფინიციის, ვრცელი ენციკლოპედიური განმარტების, კლასიკური/საბაზისო ტექსტის და მისი თარგმანის, შესაბამისი ნიუსების და ახალი კომენტარების ერთად თავმოყრა, სისტემატიზირება და კოლექციის მუდმივი შევსება-განახლება მომავალში წარმატებული მხარის გრძელვადიანი კაპიტალდაბანდებაა.

მოკლედ, სოცმედიის აქტიური მომხმარებლობა მხოლოდ მომხმარებლობა არაა, ხოლო როცა გავიაზრებთ, რომ, მეტნაკლებობით, ასე თუ ისე, სამოქალაქო მედიას წარმოვადგენთ, გაცილებით თვითცნობიერი გავხდებით იმის თაოაბაზე, თუ რას ვაკეთებთ, და როგორ უნდა ვიყოთ უკეთესი მედია - ჩვენი თავის უკეთესი მედია.