კატეგორია: ბლოგი
დილით ჩემი მეგობარი ბექა მაღვიძებს პატარა და მნიშვნელოვანი სიახლის სათქმელად, თუმცა სანამ რამეს მეტყვის, ვაფრთხილებ, რომ უმჯობესია, კარგი მიზეზი ჰქონდეს გაღვიძებისთვის.

- ტბელ, ჯეიმს ვების ტელესკოპს სარკეები შეემატა და იმედია, ძალიან მალე გაუშვებენ ჰაბლის მაგივრად, აი, მერე ნახე შენ სამყაროს დეტალური შესწავლები.

მეც ამოვიღე ტელეფონი ამ სიახლის გადასახედად და ვთხოვე ჩაესვა წყარო, სადაც უფრო მეტს გავიგებდი. რა თქმა უნდა, ისიც ნასას ლინკს მაძლევს. ცხელ-ცხელი ინფორმაცია იყო და მეც დავჯექი წასაკითხად. გავიდა ხანი, ფეისბუკის ვირტუალურ ჰორიზონტზე ამის შესახებ არც ერთი სიახლე არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მეგობრის მიერ გაზიარებულ ლინკებს. თემით არც მედიაგამოცემები დაინტერესებულან.

მომხმარებლებს თითქმის ყოველდღიური შეხება გვაქვს მედიასაშუალებებთან, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, ჩვენ არ გვყავს ჟურნალისტები, რომლებიც თავიანთ საქმიანობას მეცნიერებას მიუძღვნიან და ამ ნაწილში იქნებიან აქტიურები. ე.წ. „სამეცნიერო ჟურნალისტიკას“ არც თუ ისე დიდი ისტორია აქვს, მას უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია ნებისმიერი საზოგადოების განვითარებისთვის. სამეცნიერო ენა ყველასთვის გასაგები არ არის. თუკი მიღწევებისა და სიახლეების შესახებ არამეცნიერებს პოპულარულ ენაზე არ მოვუყვებით, ეს ადამიანები იმ სივრცის გარეთ დარჩებიან, სადაც მეცნიერები სამყაროს (და არა მარტო) იკვლევენ. ჩვენთან, სამწუხაროდ, მედიაში მეცნიერების შესახებ არაფერი იწერება, ამ მხრივ, დიდი ინფორმაციული ვაკუუმია, შედეგად, ან ერთი თვის შემდეგ შემთხვევით იგებ, რომ გრავიტაციული ტალღები აღმოაჩინეს, ან ჩვენი მედიის დიდი ნაწილი იმდენად გაუგებრად და შეცდომით გიყვება სიახლის შესახებ, სჯობს, ისევ მშვიდად გეძინოს და არაფერი იცოდე გრავიტაციული ტალღების შესახებ.

მერე აღმოჩნდება, რომ ის საზოგადოება, რომელიც პოპულარულ ენაზე იღებს ადეკვატურ, ამომწურავ ინფორმაციას მეცნიერების შესახებ, ჩვენზე გაცილებით წინ არის ინფორმირებულობის თვალსაზრისით. აი, ეს რომ არ მოხდეს, ჩვენც ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ ფეხი უნდა ავუწყოთ პროგრესს, ამაში კი, ე.წ. „სამეცნიერო ჟურნალისტიკამ“, სპეციალურმა გამოცემებმა, გადაცემებმა საკვანძო როლი უნდა ითამაშოს.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო ჰაერის დაბინძურების ხარისხით პირველია და უსწრებს ისეთ ქვეყანას, როგორიც ჩინეთია. აიტაცა ეს ქართველმა მკითხველმა, ამბავს უამრავი გაზიარება და კრიტიკული წერილები მოჰყვა - აი, რა მძიმე მდგომარეობაში ვცხოვრობთო. მხოლოდ რამდენიმე მკითხველმა დასვა დამაზუსტებელი კითხვები. სწორედ აქ იკვეთება ჟურნალისტიკის როლი. კითხვები კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ, რამდენად სარწმუნოა ეს კვლევა, უნდა ვინერვიულოთ თუ არა, რა შეიძლება იყოს ამის საპირწონედ მოყვანილი, არსებობს თუ არა რამე სხვა კვლევა და ასე შემდეგ -ეს საკითხები სწორედ მედიამ უნდა წამოწიოს წინ და მიაწოდოს საზოგადოებას.

მეცნიერებით ჟურნალისტების დაინტერესება დაგვეხმარება, რომ განვასხვავოთ ფსევდომეცნიერება რეალური მეცნიერებისაგან. ადამიანისთვის, რომელიც ვერ ერკვევა მეცნიერებაში და საკითხისადმი არამეცნიერული მიდგომა აქვს, რთულია განასხვავოს - რა არის მართალი და რა - არა. ასეთი ადამიანის შეცდომაში შესაყვანად ტექსტში 3-4 რთული სამეცნიერო სიტყვის ჩართვაა აუცილებელი და ნებისმიერი დაიჯერებს, რომ მაგალითად კლიმატის ცვლილებაში ადამიანს არანაირი წვლილი არ მიუძღვის, ან რომ თითქოს იგი მუდმივი პროცესია და ახლა ჩვენ არაფერი არ უნდა ვაკეთოთ შესაჩერებლად. ამის კარგი მაგალითი 2016 წლის 14 იანვარს Forbes-ში გამოქვეყნებული სტატიაა, რომლის მიხედვითაც 2015 წელი არც კი ყოფილა ახლოს ყველაზე ცხელ წელთან. მისი ავტორი კი ჯეიმს ტეილორია, რომლის ნამოღვაწარს რომ გადახედო, ერთი შეხედვით, საკმაოდ კომპეტენტური პიროვნება ჩანს, ატმოსფერულ მეცნიერებებს სწავლობდა და ამ კუთხით შრომობს კიდეც დღემდე, თუმცა ძლიერმა ჟურნალისტებმა, რომლებიც კარგად ერკვევიან ამ საკითხში, ზოგადად მეცნიერებაში და რომლებსაც დეტალებში „ხეტიალი“ უყვართ, აღმოაჩინეს, რომ ჯეიმს ტეილორის შემოთავაზებული ინფორმაცია არაზუსტი და დამაბნეველი იყო, რადგან ის ტროპოსფეროს ტემპერატურაზე საუბროდა და არა უშუალოდ დედამიწაზე, სადაც ხალხი ცხოვრობს, ფაქტზე დეტალურად და ვრცლად Bigthink წერს. ამ სფეროს განვითარება აღმოფხვრის მითს, რომ თითქოს მარსს „პლიონკა“ აქვს გადაფარებული, ან თუნდაც, რომ სადღაც კოსმოსში ღმერთის სახლი აღმოაჩინეს. სამეცნიერო ჟურნალისტიკის თითქმის არარსებობა და ამ საკითხზე ნაკლები საუბარი ქვეყანაში იწვევს ისეთი მითების გავრცელებას, როგორებიც ზემოთ ჩამოვთვალე, ამ ყველაფრის დაძლევაში კი გვეხმარება ის ადამიანი, რომელიც კრიტიკულად მოაზროვნეა და ეყრდნობა ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც სვამს კითხვებს, რომელსაც უყვარს ემპირიკა და მეცნიერული მეთოდი.

ჩვენთანაც ნელ-ნელა, თუმცა, ძალიან რთულად მიიწევს წინ ამგვარი მიდგომა. მნიშნელოვანია მონდომება და ძიების სურვილი, რათა უტყუარი ინფორმაცია მიიღო. საქართველოში გვაქვს სულ რამდენიმე სამეცნიერო ჟურნალი, ასევე ენთუზიასტების მიერ შექმნილი საიტი ასტრონეტი, სადაც მეცნიერებაზე იწერება. ბუნებრივია, ეს რამდენიმე „ოაზისი“ ზოგად სურათს ვერ ცვლის.

და ბოლოს, მინდა წარმოიდგინოთ საზოგადოება, რომელიც ერთმანეთისგან ასხვავებს ასტრონომიასა და ასტროლოგიას, საზოგადოება, რომლისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს თმას კენტ რიცხვში შეიჭრის თუ ლუწში, რადგან იცის, რომ თმის შეჭრა საერთოდ არ უკავშირდება მისსავე კარიერულ წინსვლას ან პირად ცხოვრებაში გამართლებას. საზოგადოება, რომელსაც NASA ამერიკის კონსპირაციული გეგმა არ ჰგონია, რომელშიც უცხოპლანეტელბზე ექსპერიმენტებს ატარებენ და ჩვენ ამაზე არაფერს გვეუბნებიან. საზოგადოება, რომელიც სვამს კითხვას და ეფუძნება ცოდნას, რომელიც ემპირიკით, სტატისტიკითა და კვლევებითაა გამყარებული და იცის მეცნიერების მნიშვნელობა. ასეთი საზოგადოების ფორმირებისთვის უმიშვნელოვანესია, მედია დაინტერესდეს მეცნიერებით...