როგორ მოუატყუა "სამყაროთა ომმა" აუდიტორია
12.10.2016
1938 წელი. ამერიკაში რადიოს ბუმია, ცხელ-ცხელი ამბებს მოსახლეობა სწორედ მის ეთერში ელის. მოულოდნელად, 30 ოქტომბერს, საღამოს რვა საათზე, რადიოსადგურ CBS-ის ეთერში საშინელი ფრაზა გაისმის: “ღმერთო ჩემო. ციდან უზარმაზარი ნაცრისფერი გველივით მოიკლაკნება რაღაც, აი მეორეც, მესამეც… ეს რაღაცები საცეცებს მაგონებს. აი უკვე მის ტანსაც ვხედავ, სველი ტყავივით. ქალბატონებო და ბატონებო, ეს დაუჯერებელია. ჩვენ თავს რაღაც საშინელება ხდება” - ასეთი ახალი ამბავი ამცნო რადიომ მსმენელს. CBS-ის ცნობით, მარსელთა შემოტევა სულ უფრო ძლიერდებოდა, უცხოპლანეტელთა თავდასხმას უამრავი მსხვერპლი მოჰყვა, ამერიკული ჯარი მობილიზებულია. სინამდვილეში კი, ეს ორსონ უელსის რადიო დადგმაა და არა ახალი ამბავი. ჰერბერტ უელსის მიერ დაწერილ სამეცნიერო ფანტასტიკის “სამყაროთა ომის” მიხედვით ახალგაზრდა დრამატურგმა პიესა დაწერა, შემდეგ კი CBS-ის ეთერში პრაიმთაიმის დროს მოუყვა მსმენელს.

ორსონ უელსის პიესამ აშშ-ის მილიონობით მოსახლეობაში საშინელი პანიკა გამოიწვია. მათ დაიჯერეს, რომ ქვეყანას მარსელები მართლაც დაესხნენ. სინამდვილეში, მომავალმა რეჟისორმა სულ პატარა მანიპულაცია გააკეთა, რისი მეშვეობითაც მოატყუა ლამის მთელი ქვეყანა. ზუსტად რვა საათზე რადიოს დიქტორმა მსმენელს აცნობა, რომ ეთერში გავიდოდა ორსონ უელსისა და მერკური თეატრის რადიო დადგმა - “სამყაროთა ომი”. თუმცა, ანონსს ამინდის პროგნოზი მოჰყვა, შემდგომ თავად უელსის შესავალი და ისევ წყვეტა. ამჟამად მუსიკალური ჭრა. მუსიკის შემდეგ მოულოდნელად დაიწყო პიესა, ახალი ამბების გამოშვებით და დიქტორმა ხალხს მარსელთა შემოტევის შესახებ განწირული ხმით აცნობა. საშინელი ხმები და სიჩუმე ის გადამწყვეტი წუთები იყო, როცა მოსახლეობა პანიკამ მოიცვა, ზოგი სარდაფში იმალებოდა, სხვები უმისამართოდ გარბოდნენ, გაურბოდნენ არარსებულ მოვლენას. კაცები იარაღს ითხოვდნენ საკუთარი ოჯახების დასაცავად, მთავრობამ კი ამ პანიკის გამო მობილიზება მართლაც გამოაცხადა.



ორსონ უელსმა ალბათ იცოდა, რომ ამერიკული რადიოს “ოქროს ხანაში” ძალიან ბევრი ელოდა მოუთმენლად მთავარ საინფორმაციო გამოშვებას. ალბათ ისიც იცოდა, რომ ამის მიუხედავად, მსმენელი CBS-ს მხოლოდ 20:12 წუთზე რთავდა, რადგან კონკურენტი რადიოსადგურ NBC-ის ეთერში 8 საათზე გაცილებით პოპულარული მოკლე კომედიური შოუ გადიოდა. სწორედ ამიტომ, მისი შესავალი მხოლოდ ერთეულებმა მოისმინეს, დანარჩენებმა კი პირდაპირ მარსელთა თავდასხმის შესახებ მიიღეს შემზარავი ინფორმაცია.

მაშინ, დიდად არც მედიამანიპულაციების გამოცდილება ჰქონდათ და არც ჟურნალისტური ეთიკის საჭიროების. ამიტომ შეიძლება უელსს კარგად ჰქონდა გააზრებული რა შედეგებს მოიტანდა მისი ექსპერიმენტი, შეიძლება - არც. შედეგი მაინც ერთია - თითქოს უწყინარმა რადიო დადგმამ აშშ-ში ორ მლიონზე მეტი ადამიანი პანიკაში ჩააგდო, ზოგიერთ მათგანს შეიძლება სიცოცხლე ფატალურადაც დაესრულებინა, სხვებმა კი მედიისადმი ნდობა დაკარგეს.

ორსონ უელსმა, მალევე თავად მოუხადა ბოდიში საზოგადოებას. თან ღელავდა, რომ ეს ექსპერიმენტი დაანგრევდა მის მომავალს. იქნებ ამიტომაც, 1941 წელს უელსმა გადაიღო ფილმი “მოქალაქე კეინი”, კინოკლასიკა, რომელსაც დღესაც ხშირად იყენებენ ჟურნალისტიკის პროგრამის კურიკულუმებში. მაინც, ორსონ უელსის პიესა მედიამანიპულაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. ის კარგად ასახავს ჟურნალისტიკის შესაძლებლობებსაც - იყოს მოსახლეობისთვის სანდო წყარო, საიმედო დასაყრდენი ან “სამყაროთა ომის” მსგავსად, დიდი ზიანი მიაყენოს მას. 1938 წლის შემდეგ ათობით წელი გავიდა, ამაღლდა სტანდარტები, შეიმუშავეს ეთიკის პრინციპები. მაღალკვალიფიციურმა მედიასაშუალებებმა დაინახეს სანდოობის მნიშვნელობა. მანიპულაციისა და ინსცენირების შესახებ მუხლი, თითქმის ყვეკა ეთიკურ კოდექსში გვხვდება, საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტს თანახმადაც “აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში დადგმებისა და ინსცენირების გამოყენებისგან, ან ნათლად უნდა განმარტოს, რომ ეს არის დადგმა ან ინსცენირება. დოკუმენტური ან რეალური ფაქტების ყოველი სამაუწყებლო რეკონსტრუქცია უნდა იყოს ნათლად მითითებული”.

ავტორი : ალექსანდრე ქეშელაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ