პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმი კონფლიქტის გაშუქებისას
13.09.2017
რა ხდება მაშინ, როცა იმ ომს აშუქებ, რომელშიც შენი ქვეყანა მონაწილეობს? რა დილემების წინაში დგას ამ დროს რეპორტიორი? ამ საკითხებზე ეთიკური ჟურნალისტიკის ქსელმა გამოაქვეყნა სტატია “პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი”, რომელსაც მედიაჩეკერი მცირედი შემოკლებით გთავაზობთ.

ჟურნალისტი ჯონ პილგერი The Guardian-თვის დაწერილ სვეტში იხსენებდა 2003 წელს ამერიკული არმიის ბაღდადში ტრიუმფით შესვლას. პილგერის კრიტიკის ობიექტი ის ასობით ჟურნალისტი გახდა, ვინც ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოზეიმე ხალხსა და ჯარისკაცებს აშუქებდა, ყურადღების მიღმა კი დატოვა ქალაქის და ქვეყნის სხვა ნაწილები. ის ხალხი, ვინც ომში ოჯახის წევრები დაკარგა, სახლი დაენგრა ან უბრალოდ მშვიდობიანი ცხოვრება სურდა, თუნდაც ჰუსეინის მმართველობის ქვეშ. პილგერის აზრით, ძალიან ბევრი ჟურნალისტი, თუნდაც ძლიერი და თავისუფალი მედიის პირობებში ხდება საკუთარი ქვეყნის სამხედრო სულისკვეთების ნაწილი, უფრო მეტად კი მსხვერპლი, რადგან კარგავს ობიექტურობას და იქცევა მხარედ.

არიან მედიასაშუალებები, რომლებიც აშკარად იყვნენ და არიან გარკვეული ინტერესების მატარებლები, მთავრობის პროპაგანდის ნაწილი. ასეთი იყო, მაგალითდ, სერბეთის სახელმწიფო რადიო და ტელევიზია იუგოსლავიის დაშლისას და მხარეა Russia Today - რუსეთის ხელისუფლების იარაღი და პროპაგანდის წყარო უკრაინასთან კონფლიქტში. თუმცა, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიასაშუალებებიც რისკის ქვეშ მუშაობენ, როცა მათი ქვეყანა სამხედრო კონფლიქტში ერთვება. სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები სულ უფრო ძლიერად ცდილობენ ომში ჩართონ ყველა მოქალაქე, მათ შორის ჟურნალისტებიც.

მედიასაშუალებების პოლიტიკა შეიძლება დაემთხვეს ხელისუფლების ინტერესებს, იყოს მისი პოზიციის გამტარი, ან უბრალოდ პატრიოტულმა სულისკვეთებამ ნიუსრუმში შესაძლოა, ითამაშოს საკუთარი როლი. თუმცა, კონფლიქტი ვერ გაშუქდება იმ ჟურნალისტების გარეშე, ვინც ჯარისკაცებთან ერთად მიდიან ომში. მიდიან, ოღონდ სხვა მიზნებით. როგორც პირველი წყაროები კი, მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას კი კონფლიქტის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ამიტომ, მნიშნელოვანია, რომ მაშინ, როცა ბევრია ემოცია, ტრაგიზმი და სიძულვილი, რეპორტიორები არ გახდნენ სტერეოტიპებისა და პროპაგანდის ნაწილი. მნიშვნელოვანია ახსოვდეთ, ისაუბრონ მხოლოდ ფაქტებზე, იმუშაონ მოსახლეობის ინფორმირებისთვის და არ მიენდონ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ ომის შავ-თეთრ ვერსიას.

ჟურნალისტები კონფლიქტის გაშუქებისას თუკი მხარეებს ორამდე ამცირებენ, ძალიან მარტივია მოვლენების არასწორი ინტერპრეტაცია მოხდეს. ამ დროს, ცდუნება, რომ მოვლენები დაყო თეთრად და შავად, მაღალია. ორი მოთამაშის კონფლიქტში თუ ერთ მხარეს საკუთრი ქვეყანაა, ზღვარი სულ უფრო უფერული ხდება რეპორტიორსა და ჯარისკაცს შორის. ასეთი დაპირისპირება აუცილებად მოითხოვს გამარჯვებულს და წაგებულს. არადა კონფლიქტს ბევრი მხარე აქვს, ძალიან ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე კი კონფლიქტის მხარის მიუხედავად, ომიდან წაგებული გამოდის. საინტერესოა, რომ დაპირისპირებაში ერთვებიან ორგანიზაციები, ან ქვეყნები, რომლებიც ცდილობენ მშვიდობის დამყარებას, კონფლიქტის გადაწყვეტას. როცა ჟურნალისტი საკუთრი ქვეყნის ჯარისკაცი ხდება, დიდია რისკი, მესამე მხარესაც საკუთრი ქვეყნის ხელისუფლების პოზიციით მიუდგეს. ანუ დაკარგოს ობიექტურობა.

არადა, კონფლიქტის გაშუქების დროს, მხოლოდ ბალანსის დაცვაც არაა საკმარისი. ჟურნალისტი, როგორც წესი, ამ დროს პოზიტიურ როლსაც ასრულებს. რეპორტიორები, რომლებიც სახიფათო ზონებში საკუთრი სიცოცხლის რისკის ფასად მიდიან, მუშაობენ მშვიდობისთვის და არა ომისთვის. საკუთრი წვლილი შეაქვთ კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების ცხოვრების უკეთ წარმართვაში. ეს კი შეუძლებელია მხარედ ქცეულმა რეპორტიორმა შეძლოს.

ერთი შეხედვით, საკუთრი ქვეყნის ომის გაშუქებისას პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმი სხვადასხვა მხარეს ჩანს. რეპორტიორი ხომ ინტერესთა კონფლიქტის წინ დგება - რა უნდა ქნა, თუკი შენი სახელმწიფო უდანაშაულო ხალხს ხოცავს? მით უმეტეს, როცა ერთმა არასწორად მითითებულმა კოორდინატმა შეიძლება დიდი მსხვერპლი გამოიწვიოს მშვიდობიან მოსახლეობაში. თუმცა, პროფესიონალი ჟურნალისტის მოვალეობაა სიმართლის თქმა, მოვლენების გაშუქება მიუკერძოებლად. ეთიკური და პროფესიონალი ჟურნალისტი კარგი მოქალაქეა და პატრიოტიზმიც მხოლოდ სამხედრო სულისკვეთებით არ გამოიხატება.

ავტორი : ალექსანდრე ქეშელაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ