02.02.2018
ახლა ჰოლანდიელ რეპორტიორს პროფესიული საქმიანობის გარდა, საკუთარი ბლოგი აქვს მობილურის ჟურნალისტიკაზე და პარალელურად სმარტფონით მუშაობას ასწავლის ჟურნალისტების სულ უფრო მზარდ ნაკადს. ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება იდგეს ტელევიზიის ჟურნალისტი და ელოდებოდეს გადამღებ ჯგუფს, როცა ყველაფერი რაც სჭირდება ჯიბეში უდევს.
მობილურით მუშაობა მარტივია და იაფი, მაგრამ ტრადიციული მედიის ჟურნალისტები ხშირად იმაზე მიუთითებენ, რომ მათი აზრით, სმარტფონიან მედიას უჭირს მოიპოვოს რეპუტაცია და რესპექტაბელურობა, რასაც დიდი კამერებით მუშაობა ანიჭებთ.
არადა, კარგი ნამუშევრისთვის მხოლოდ სარკული კამერა საკმარისი არ არის. „როიტერის ინსტიტუტის“ 2017 წლის კვლევის მიხედვით, რესპონდენტები უფრო მარტივად თანხმდებიან სმარტფონიან რეპორტიორებს, ვიდრე სატელევიზიო ჯგუფებს. თავად ინტერვიუს პროცესშიც უფრო გახსნილი და თავისუფლები არიან.
კვლევის პროცესში, ფინელმა ჟურნალისტმა პანუ კარჰუნენმა ჩაატარა ექსპერიმენტი. სავაჭრო ცენტრში გამოკითხვისთვის გაუშვა ჟურნალისტი მობილურით და სამ კაციანი სატელევიზიო ჯგუფი. 400 ადამიანისთვის ინტერვიუს თხოვნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ უფრო მეტი ადამიანი თანხმდებოდა მობილურით მისულ რეპორტიორს ინტერვიუზე, ვიდრე სატელევიზიო ჯგუფს.
„როიტერის ინსტიტუტის“ კვლევა მიზნად ისახავდა გაეგო, აქვს თუ არა შესაძლებლობა ჟურნალისტიკას სმარტფონით, შევიდეს ისეთ ადგილებში, სადაც კამერა ვერ ხვდება. უფრო კარგად გააშუქოს სენსიტიური თემები და ჩაწეროს ინტერვიუები ისეთ რესპონდენტებთან, რომლებსაც კამერასთან საუბარი არ სურთ. კარჰუნენმა კვლევის დროს გამოკითხა 11 რეპორტიორი და მათი გამოცდილებით აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტებმა მობილურით იმუშავეს იქ, სადაც ტელევიზიით რეპორტაჟების გაკეთება ვერ შეძლეს. ამის საილუსტრაციოდ მოტანილია Bild-ის, Time-ის და BBC Panorama-ს რეპორტაჟები ლტოლვილთა კრიზისზე, რომლებიც გამოცდილმა ჟურნალისტებმა ძირითადად მობილურის „ლაივსტრიმინგით“ და სმარტფონით გაკეთებული რეპორტაჟებით გააშუქეს.
კვლევის დროს გამოკითხული რეპორტიორები, მათ შორის, BBC Radio 5-ის ჟურნალისტი ნიკ გარნეტი და მობილურის ჟურნალისტიკის ტრენერი და მეცნიერი ივო ბურუმი იმაზეც საუბრობდნენ, რომ სმარტფონმა მათ მეტი მასალის მოპოვების შესაძლებლობა მისცა. იმისთვის, რომ მზა ჟურნალისტური ნამუშევრები გაეკეთებინათ, რეპორტიორებს იმ ადგილების დატოვება არც დასჭირვებიათ, სადაც უშუალოდ იღებდნენ.
ჟურნალისტიკას სმარტფონით თავისი გამოწვევებიც აქვს. ვებზე მომუშავე ჟურნალისტებს ინტერნეტის პრობლემა ხშირად ექმნებათ. არის ადგილები, სადაც მაღალი სიჩქარის ინტერნეტი ხელმისაწვდომი არ არის. მობილურის ინტერნეტის ცუდი ხარისხის გამო ვერ ხერხდება ხარისხიანი პირდაპირი ეთერის გაშვება ან ნამუშევრის სწრაფად მიწოდება მოსახლეობისთვის.
თანამედროვე სმარტფონები მაღალი ხარისხის ფოტოს და ვიდეოს იღებენ. მობილური ტელეფონების მწარმოებლებმა ერთი შეხედვით მოახერხეს სმარტფონით გადაღებული ფოტოს ხარისხი სარკული ფოტოაპარატის მიერ გადაღებულ ფოტოსთვის გატოლებოდა. მაგრამ ფოტო და ვიდეოკამერებში ციფრულ სენსორთან ერთად დიდ როლს ასრულებს ობიექტივებიც. არც მობილურის და ფოტოაპარატის ფიქსელებია ერთნაირი. სმარტფონის ციფრული სენსორი, რომელიც სურათს აღბეჭდავს, უფრო მცირე ზომისაა, ვიდრე კამერაში ჩაყენებული ფოტოს სენსორი. მარტივად რომ ვთქვათ, მობილურის 10 მეგაფიქსელი, რომელშიც უფრო მცირე ზომის ფიქსელებია, პროფესიული კამერის 10 მეგაფიქსელზე ნაკლებ ხარისხიანია.
აქედან გამომდინარე, სმარტფონი ჯერ-ჯერობით ბოლომდე ვერ ანაცვლებს პროფესიულ კამერებს. მაგრამ ინტერნეტ მედიას ინფორმაციის მიღების წყაროდ სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს და მობილურით მუშაობის სისწრაფე და პირდაპირი წვდომა ინტერნეტ აუდიტორიასთან სმარტფონიანი ჟურნალისტიკის წარმატებულ მომავალზე მეტყველებს. პროფესიულ კამერებზე მოთხოვნილება დღითიდღე მცირდება ყოველდღიურ ჟურნალისტიკაში. განსაკუთრებით ცხელ, მნიშვნელოვან თემებზე მუშაობის დროს.
BBC-ის ახალი ამბების დირექტორმა ჯეიმს ჰარდინგმა 2014 წელს ერთ-ერთ გამოსვლაში სმარტფონიან ჟურნალისტიკას მეოთხე რევოლუცია უწოდა. „ერთი საუკუნის განმავლობაში BBC-მ ახალი ამბების სამყაროს ტრანსფორმირება რამდენჯერმე შეძლო. იყო სამი რევოლუცია - პირველად რადიო, შემდეგ ტელევიზია და ბოლოს ონლაინ მედია. მაგრამ ახლა, სმარტფონების ერაში მეოთხე რევოლუციის მომსწრეები ვართ - სმარტფონიანი მედიის”.