09.04.2017
იური მეჩითოვის მიერ 1989 წლის აპრილში გადაღებული შავ-თეთრი ფოტოები კარგად ასახავს იმ დროინდელი მოვლენების ხასიათს, ხალხს, ემოციებს და ზოგადად, ისტორიას.
თბილისში გამოსვლები აპრილში დაიწყო. მალე ქალაქში რუსული ჯარის ნაწილები გამოჩნდა და დარბევის მოლოდინიც გაჩნდა. თუმცა, როგორც იური მეჩითოვი იხსენებს, ასე სასტიკად მოპყრობას არავინ ელოდა. “პირველივე გამოსვლიდან დავდიოდი მიტინგებზე, ვიღებდი. აღელვებულები ვიყავით ყველა, თუმცა, აქციებმა რუტინული სახეც კი მიიღო. ხომ იცით, ჩვენ თეატრალური ერიც ვართ... მანდ უამრავი ხალხი შეიკრიბა, ზოგი გულშემატკივრობდა, ზოგი აქციის სანახავად დადიოდა, სხვები მეგობრების. ვიღაც განიცდიდა, ზოგი ასე იყო, ზოგიც - ისე. იმ საღამოსაც რაღაც სურათები გადავიღე. მერე წავედი, ახლოს ვცხოვრობდი. მალევე გავიგე რაც მოხდა და გავვარდი იმ მხარეს, თუმცა მოედანი უკვე დაკეტილი იყო, იქ ჯარისკაცები იყვნენ და არავის უშვებდნენ. ძალიან აღელვებული იყო ხალხი, დარბოდნენ აქეთ-იქით. მაშინ ხომ არაფერი ვიცოდით, მსხვერპლის თუ დაშავებულების შესახებ. არადა, ვხვდებოდით, რაღაც საშინელება რომ მოხდა”- იხსენებს ფოტოგრაფი მედიაჩეკერთან საუბარში.
იური მეჩითოვის ცნობილი კადრია ახალგაზრდა ქალი დროშით - ფოტო, რომელიც 9 აპრილის სიმბოლოდ იქცა. მეჩითოვი ყვება, რომ სურათი ტრაგედიის მეორე დღეს, ვაკის პარკთან გადაიღო. “აღელვებული, მეგობართან სამსახურში ვიჯექი. ამასობაში, პირველმა შოკმა რომ გადაირა, ხალხმა გამოსვლა დაიწყო . უამრავი ადამიანი გამოვიდა. მოძრაობდნენ მანქანებით, მგლოვიარე სახეებით, შავი დროშებით. ვთქვით, მოდი გავიდეთ ჩვენც, შევუერთდეთ ხალხს. დავიძარით მელიქიშვილის ქუჩით და ვაკის პარკთან გავჩერდით. მაშინ, რუსთაველი ჯერ კიდევ რუსულ დანაყოფებს ჰქონდათ გადაკეტილი. ჰოდა, აი, პარკთან შევნიშნე ეს ლამაზი გოგონა, მოძრავ ავტომობილში, დროშით ხელში. სანამ მომიახლოვდებოდა, ჩემი მეგობრის ჟიგულზე ავძვერი, და კადრიც გადავიღე. რაღაცნაირად მოვარტყი ეტყობა. თავიდან ვერც გავაცნობიერე, რომ 9 აპრილის ერთგვარი სახე-ხატი შევქმენი,” - იხსენებს ფოტოგრაფი.
9 აპრილი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული, ემოციებით დატვირთული მოვლენაა. თუმცა, იური მეჩითოვის თქმით, მის მუშაობაზე მღელვარებას დიდი გავლენა არ ჰქონია: “როცა ათი წლიდან იღებ, ეჩვევი ბევრ რამეს, ყველაფერი თითქოს ინსტინქტების დონეზე დადის. ხელი და თვალი, თითქოს თავისით მუშაობენ. სულ დგას ეს დილემა, როგორ უნდა მოიქცე ექსტრემალურ სიტუაციებში, დაეხმარო სხვებს თუ დარჩე ფოტოგრაფად. როცა ხშირად იღებ და ეს საქმე გიყვარს, მაშინ ყველაფერი ინსტინქტამდე დადის, ასეთ სიტუაციებში მუშაობაც არ გირთულდება. თუმცა, ადამიანი, რა თქმა უნდა, ყოველთვის რჩება ადამიანად და ამ დილემაზე საუბარიც გამუდმებით იქნება”.
იური მეჩითოვი წუხს, რომ მაშინდელი სურათების დიდი ნაწილი ისე დაიკარგა, რომ გამჟღავნებაც ვერ მოასწრო. ისტორიას მხოლოდ რამდენიმე ფოტო შემორჩა - გაშავთეთრებული აპრილის შავ-თეთრი ფოტოები.