03.04.2018
1. გამოძიება როკფელერსა და „სტანდარტ
ოილ კომპანიზე“
ფოტოზე:
იდა ტარბელი და ჯონ როკფელერი
მე-19 საუკუნის ბოლო და მე-20 საუკუნის დასაწყისი ამერიკაში სოციალური აქტივიზმის და იმ ჟურნალისტების ეპოქის დროა, ვისი რეპორტაჟების გამოც, ქვეყანაში ბევრი სისტემური ხარვეზი გამოსწორდა.
ერთ-ერთი მათგანი იდა ტარბელი იყო, ყოფილი მასწავლებელი. იდას რეპორტაჟები McClure’s Magazine-ში იბეჭდებოდა. 1902-1904 წლებში ტარბელმა ნამუშევრების მთელი სერია მიუძღვნა „სტანდარტ ოილ კომპანის“, რომელიც ცნობილ ბიზნესმენს ჯონ როკფელერს ეკუთვნოდა. ჟურნალისტმა ამერიკის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობკომპანიაში კანონდარღვევები და კრიმინალი აღმოაჩინა.
ტარბელმა თავისი გამოძიება ასისტენტ ჯონ სინდალთან ერთად 1900 წელს დაიწყო. ის უშუალოდ კომპანიაში დასაქმებული ადამიანებისგანაც იღებდა ინტერვიუებს. ბოლოს კი კომპანიის ერთ-ერთი ნავთობმაგნატი ჰენრი როჯერსიც ჩაწერა.
1912 წელს, ტარბელის გამოძიების სისწორე დაადასტურა აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ. რომელმაც როკფელერის კომპანიას ე.წ. შერმანის აქტის დარღვევა დაუდგინა.
2. გამოძიება ჩიკაგოს საქონლის
ფერმებში საწარმოო სტანდარტების დარღვევის შესახებ
მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩიკაგო აშშ-ში ხორცის წარმოების ცენტრი იყო. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ქალაქის მსხვილი ფერმები ხორცპროდუქტებს მნიშვნელოვანი დარღვევებით აწარმოებდნენ.
ჩიკაგოს საქონლის ფერმებში დარღვევების გამოვლენა აფტონ სინკლერის ჟურნალისტური გამოძიებით დაიწყო. საინტერესოა, რომ მისი ეს გამოძიება რომანის სახით გამოიცა. „ჯუნგლები“ - ასე ერქვა წიგნს, რომელიც დოკუმენტურად აღწერდა საქონლის ფერმაში ლიტველი იმიგრანტის შვიდ კვირიან სამუშაო გამოცდილებას.
წიგნში ფერმის ყოველდღიურობა, არასათანადო პირობები და ანტისანიტარია იყო აღწერილი. „ჯუნგლების“ გამოცემისთანავე თეთრმა სახლმა ყოველდღიურად მოქალაქეების წერილების მიღება დაიწყო. ამერიკელები ფერმების შემოწმებას ითხოვდნენ. საბოლოოდ, აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა ხორცპროდუქტების წარმოებაზე კანონმდებლობის გამკაცრება გადაწყვიტა.
3. გამოძიება სენატორ ჯოზეფ მაკარტის მიერ საბჭოთა კავშირის აგენტების დევნაზე
ფოტოზე:
ჯოზეფ მაკარტი სენატში მოხსენების დროს
1950 წელს, ამერიკელმა სენატორმა
ჯოზეფ მაკარტიმ კომუნიზმის საფრთხეზე გამუდმებული საუბარი დაიწყო და
განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში 200-ზე მეტი კომუნისტი
მუშაობდა. მაკარტი ამტკიცებდა, რომ ხელთ ჰქონდა სახელმწიფო
დეპარტამენტის და სხვა საჯარო სამსახურების თანამშრომლების სია,
რომლებიც საბჭოთა სპეცსამსახურებისთვის მუშაობდნენ.1952 წელს სენატორმა უკვე ამერიკელ სამხედროებს დასდო ბრალი საბჭოთა კავშირისთვის ჯაშუშობაში და ამის გამო სენატში ხმაურიანი მოსმენებიც გამართა. მარეი მარდერმა, რომელიც The Washington Post-თვის მუშაობდა, სენატორის ბრალდებების შესწავლა დაიწყო. როგორც მარდერის ჟურნალისტური გამოძიებით გაირკვა, ნიუ ჯერსის ფორტ მონმუტის ჯარისკაცები უდანაშაულოები იყვნენ და მაკარტის ბრალდებები მათ აგენტობაზე სენატორის წარმოსახვა იყო.
არადა, როგორც შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი ტრუმანი ამბობდა, მაკარტის ბრალდებებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ამერიკის სახელმწიფო სამსახურების თანამშრომლების რეპუტაციას. მის გამუდმებულ გამოსვლებს, რომ აშშ-ში ასობით კომუნისტი ჯაშუშია, „მაკარტიზმი“ და სენატორის მიერ „ალქაჯების დევნა“ უწოდეს.
4. „პენტაგონის
ქაღალდები“
ფოტოზე: დენიელ ელსბერგი
„პენტაგონის ქაღალდებს“ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში დაცულ
დოკუმენტებს უწოდებენ, რომლებიც ჟურნალისტებმა გაასაჯაროვეს.
„პენტაგონის ქაღალდები“ 1945-1967 წლებში აშშ-ვიეტნამის პოლიტიკურ და
სამხედრო ურთიერთობაზე მასალებს შეიცავდა და ვიეტნამის კონფლიქტში
შეერთებული შტატების ჩართვას დეტალურად აღწერდა.„პენტაგონის ქაღალდებმა“ გამოაჩინა, რომ წლების განმავლობაში პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკუთარ მოსახლეობას და კონგრესს ფაქტებს უმალავდა. დოკუმენტებში აღწერილი იყო, როგორ ამწვავებდა აშშ ვიეტნამის ომს ლაოსისა და კამბოჯის ვიეტნამის საზღვრისპირა რეგიონების დაბომბვით, ჩრიდლოეთ ვიეტნამზე თავდასხმით და სხვ.
„პენტაგონის ქაღალდები“ 1971 წელს გაზეთ The New York Times-ში სამხედრო ანალიტიკოსმა და აქტივისტმა დენიელ ელსბერგმა გამოაქვეყნა. ელსბერგს აშშ-ის ხელისუფლება დაუპირისპირდა. მას სახელმწიფო ქონების მისაკუთრებაში, შეთქმულებასა და შპიონაჟში დასდეს ბრალი. მაგრამ გასაჯაროვებულმა დოკუმენტებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია, მას მალევე მოჰყვა „უოტერგეიტის“ სკანდალიც და ხელისუფლებამ „პენტაგონის ქაღალდებთან“ მიმართებითაც შეიცვალა პოზიცია.
„პენტაგონის ქაღალდები“ აშშ-ის ხელისუფლებამ თავად 2011 წლამდე არ გაასაჯაროვა. 2011 წელს კი მთელ დოკუმენტაციას მოეხსნა გრიფი და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ის მასალებიც, რაც თავის დროზე ჟურნალისტურ გამოძიებაში ვერ მოხვდა.
5. „უოტერგეიტის“
სკანდალი
ფოტოზე: კარლ ბერნშტეინი და ბობ ვუდვორდი
„უოტერგეიტის“ საქმე მსოფლიოს ალბათ ყველაზე ცნობილი ჟურნალისტური
გამოძიებაა. ყველაფერი 1972 წლის 17 ივნისს გამთენიისას დაიწყო, როცა
პრეზიდენტ ნიქსონის საარჩევო კამპანიის 5 აქტივისტი „უოტერგეიტის“
საოფისე კომპლექსში მდებარე დემოკრატიული პარტიის შტაბ-ბინაში
შეღწევის მცდელობისას დააკავეს.„უოტერგეიტში“ შეღწევის მცდელობისას დაკავებულებს ყურადღება თითქმის არავინ მიაქცია, The Washington Post-ის ჟურნალისტებმა კი გამოძიება დაიწყეს. ორი რეპრტიორის ბობ ვუდვორდისა და კარლ ბერსნტეინის ჟურნალისტურ გამოძიებას ბევრი დაბრკოლება შეხვდა, მაგრამ მათმა თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი გამოიღო. „უოტერგეიტის“ საქმე დიდი სკანდალით დასრულდა და ჟურნალისტებს პულიტცერის პრემიაც მოუტანა.
ჟურნალისტური გამოძიების დროს დადგინდა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოპონენტებს უკანონოდ უსმენდა და კომპლექსში შეჭრის მცდელობაც პროგრამის ნაწილი იყო, რომელიც ნიქსონის პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.
საბოლოოდ, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. პრეზიდენტი ნიქსონი ვადაზე ადრე გადადგა, მასთან დაახლოებული პირები კი დააპატიმრეს.
6. პანამის დოკუმენტები
პანამის დოკუმენტები ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ჟურნალისტური გამოძიებაა. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა 2.6 ტერაბაიტის მოცულობის 11.5 მილიონი დოკუმენტი შეაგროვეს, რომლებიც მსოფლიოს ყველაზე გავლენიან პირებს: პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებს, ბანკებს, შოუბიზნესსა თუ ცნობილ სპორტსმენებს ეხებოდა. პანამის დოკუმენტებით გამოვლინდა, როგორ იყენებდნენ ისინი ოფშორულ ზონებს ფულის გასათეთრებლად და გადასახადებისგან თავის ასარიდებლად. მასალები 1977 წლიდან 2016 წლამდე კანონდარღვევით შესრულებულ საქმიანობას შეიცავდა.
პანამის დოკუმენტებზე გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმი (ICIJ) გერმანულ გაზეთ Suddeutsche Zeitung-თან და 100-ზე მეტ მედია-პარტნიორთან ერთად ერთ წელზე მეტ ხანს მუშაობდა.
ყველაფერი კი 2014 წელს დაიწყო, როცა მიუნხენში Suddeutsche Zeitung-ის თანამშრომლებს ბასტიან ობერმაიერსა და ფრედერიკ ობერმირს ანონიმური წყარო დაუკავშირდა. წყაროს ინფორმაციით, ის პანამაში დარეგისტრირებული ნაკლებად ცნობილი იურიდიული კომპანიის, Mossack Fonseca-ს შესახებ კონფიდენციალურ დოკუმენტებს ფლობდა.
Mossack Fonseca ანონიმურ ოფშორულ კომპანიებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყიდის. 1970 წელს დაარსებული კომპანიის საშუალებით, პირებს შეუძლიათ აწარმოონ საკუთარი ბიზნეს-მოლაპარაკებები. თან ისე, რომ დაიფაროს კონკრეტული კომპანიის მფლობელი და მისი საკუთრება.
მას შემდეგ, რაც Suddeutsche Zeitung-ის ჟურნალისტებმა მასალების მასშტაბი აღმოაჩინეს, ICIJ-ის დაუკავშირდნენ, სადაც უამრავი დოკუმენტის დამუშავებისთვის სპეციალური პლატფორმის შემუშავება დაიწყეს. ორგანიზაციამ შექმნა მძლავრი, დაცული ვებსაიტი, სადაც ჟურნალისტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეეძლოთ აეტვირთათ მოკვლეული მასალები და საკუთარი მიგნებები ერთმანეთისათვის გაეზიაერებინათ.
ჟურნალისტური გამოძიების შედეგიც შესაბამისი იყო - პანამის დოკუმენტებმა სკანდალი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოიწვია. ჟურნალისტურ გამოძიებას კომპლექსური გაშუქებისთვის 2017 წელს პულიტცერის პრიზიც გადაეცა.
7. სამოთხის
დოკუმენტები
„სამოთხის დოკუმენტები“ გამომძიებელი ჟურნალისტების დაახლოებით
ისეთივე ნამუშევარია, როგორც მისი წინამორბედი “პანამის დოკუმენტები”.
მასზე მსოფლიოს ასამდე წამყვანი მედიასაშუალების ჟურნალისტები
მუშაობდნენ. მოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ევროპისა და აშშ-ის
მაღალი თანამდებობის პირები გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით
ოფშორულ სივრცეს საკუთარი ფინანსების დასამალად იყენებენ. „სამოთხის
დოკუმენტებში“ ბრიტანეთის დედოფალიც კი აღმოჩნდა.„სამოთხის დოკუმენტები“ დაახლოებით 13 მილიონ დოკუმენტს მოიცავს. როგორც პანამის დოკუმენტებზე, მასზეც გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმი (ICIJ) გერმანულ გაზეთ Suddeutsche Zeitung-თან ერთად მუშაობდა.