11.12.2018
ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიო პრესის ფოტოკონკურსიდან ბევრი ფოტო იმის გამო მოიხსნა, რომ დადგმული იყო. არის შემთხვევები, როცა ფოტორეპორტიორები სთხოვენ გმირებს გაიმეორონ ესა თუ ის მოქმედება, რომელიც დაინახეს, მაგრამ გადაღება ვერ მოასწრეს. ყოფილა შემთხვევები, როცა სცენაში შეუტანიათ კორექტივები, რათა ობიექტივში ყველაფერი იდეალურად მოხვედრილიყო.
„მედიაჩეკერი“ გთავაზობთ ცნობილი ფოტორეპორტიორებისა და რედაქტორების მოსაზრებას დადგმულ ფოტოებზე, სიმართლესა და მანიპულაციაზე ფოტოჟურნალისტიკაში.
სტენლი
გრინი
ფოტოსააგენტოს, Noor Images-ის დამფუძნებელი ამსტერდამში
ფოტოსააგენტოს, Noor Images-ის დამფუძნებელი ამსტერდამში
„ვფიქრობ, ფოტოების დადგმა ძალიან გავრცელებულია. მინახავს ძალიან ცნობილ ფოტოგრაფებთანაც, ძირითადად კონფლიქტის ან ბუნებრივი კატაკლიზმების არეალში. მინახავს ფოტოგრაფები, რომლებიც დგამენ სცენას იმის გამო, რომ მოვლენის ადგილას ძალიან გვიან მივიდნენ.
საზოგადოება მედიიასადმი ნდობას კარგავს. არადა ჩვენ უნდა ვყვებოდეთ სიმართლეს, უნდა დავუწესოთ საკუთარ თავს უფრო მაღალი სტანდარტი.
როგორც ჩანს, მხოლოდ პროფესიული აღიარება არ მუშაობს. ამიტომ ფოტორედაქტორები უფრო მომთხოვნები უნდა იყვნენ, მათ უნდა ნახონ დაუმუშავებელი ფაილები. რედაქტორებსა და ფოტოფესტივალებზეა დამოკიდებული როგორ შეასრულებენ ფოტოჟურნალისტები თავიანთ საქმეს.
სანტიაგო ლიონი
The Associated Press-ის
ფოტოგრაფიის ყოფილი პრეზიდენტი
მაგრამ არის მანიპულაციის მეორე ტიპიც - ფოტოჟურნალისტები კარნახობენ სცენას ისე, როგორი ფოტოც, ნარატივიც მათ სურთ. ეუბნებიან ფოტოს ობიექტებს გააკეთონ ისეთი რამ, რასაც ჩვეულებრივად არ აკეთებენ. ან ცდილობენ გაამეორებინონ ესა თუ ის ქმედება, რომელიც მათ მოსვლამდე მოხდა.
მაგალითად, ფოტოგრაფმა შეიძლება სთხოვოს მებრძოლს, გაისროლოს იარაღიდან, რათა ფოტო უფრო დრამატული გამოუვიდეს. ან შეიძლება დემონსტრანტს დროშის დაწვა შესთავაზოს, რაც მას თხოვნის გარეშე შეიძლება იშვიათ შემთხვევაში ან საერთოდ არ გაეკეთებინა.
სანტიაგო ლიონის ფოტო, 1998 წლის გამარჯვებული მსოფლიო პრესის ფოტოკონკურსში
ფოტოჟურნალისტებს, ფოტორედაქტორებს აქვთ მაღალი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, ამას გაცნობიერება სჭირდება. სიზუსტე და გამჭვირვალობა არის ჩვენი მოკავშირე.სამწუხაროდ, ფოტოებს დგამენ, განსაკუთრებით იქ, სადაც ნაკლებად ესმით ეთიკა და პროფესიონალიზმი. არადა ეს იგივეა, რომ გააყალბო, მოიგონო ციტატა, როცა ტექსტზე მუშაობ. ეს მედიაში არ უნდა ხდებოდეს. ამის მოგვარება შეუძლია განათლებას, გამოცდილებას.
საინტერესოა, რომ არის შემთხვევები, როცა ფოტოს ჟურნალისტები კი არ დგამენ, არამედ თავად მისი ობიექტები. ასეთი შემთხვევებია, როცა სთხოვენ ვინმეს იპოზიორონ ფოტოების წინ. მაგალითად პოლიტიკოსების შეხვედრების დროს ან სპორტული ღონისძიებების შემდეგ.
ეს სცენები, მათი მოქმედებები, თითქოს რეალურია, მაგრამ უწევთ შექმნან დადგმული სცენებიც. არადა, მუშაობისას, სწავლებისას, ფოტოჟურნალისტებს ვუმეორებთ, რომ ყოველთვის გამჭვირვალედ უნდა მუშაობდნენ და ასახავდნენ მოვლენებს ზუსტად.
დონალდ ვებერი, VII ფოტო სააგენტოს
წევრი
ფოტოგრაფიის პრაქტიკაში დასავლეთი დომინანტურია, ვესტერნული პროფესიაა, შეიძლება ითქვას. ამიტომ თითქოს ამბებს ერთი კულტურული პერსპექტივიდან ვიგებთ.
ფოტოგრაფიას ლოკალური კონტექსტი სჭირდება. გადაწყვეტილება ადგილზე უნდა მიიღო, ფოტოს იღებს რეპორტიორი და იმ მომენტში ფოტოჟურნალისტიკის საყოველთაო წესები უკან გვრჩება.
ამიტომ რას ვგრძნობთ გადაღებისას, ეს არის მნიშვნელოვანი. თუ ჩვენ მხოლოდ ესთეტიკაზე ვიქნებით დამოკიდებული, მაშინ შესაძლოა ყველაფერი რასაც ვიღებთ და ვყვებით, სიცრუე აღმოჩნდეს.
ამბავი გვკარნახობს, რა და როგორ უნდა მოვყვეთ და არა ინსიტუტები, კონკურსები და მედიაგამოცემები.
მიშელ მაკკნალი
The New York Times-ის
ასისტენტ-რედაქტორი,
ფოტოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელი
ფოტოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელი
ახალ ამბებში ფოტოს დადგმა საერთოდ დაუშვებელია. ეს არის ფოტოები, რომლებიც მიიჩნევა, რომ აღწერს რეალურ მოვლენებს, შემთხვევებს. პორტრეტი, მოდა და ნატურმორტი თავისთავად იდგმება და ეს დამთვალიერებლისთვისაც თვალშისაცემია, მისაღები.
ნათქვამია, რომ ეთიკური დილემის დროს გამოუქვეყნებლობა არის ყველაზე კარგი იმუნიტეტი. მაგალითად, ერთხელ ერთ-ერთმა ჩვენმა ფოტოგრაფმა, რომელიც ლიბანის კონფლიქტზე მუშაობდა, მითხრა, რომ ის შეესწრო დაღუპული ბავშვის მძიმე სცენას, მაგრამ მე ამ ფოტოს ვერ ვნახავდი.
იქ ისე მოხდა, რომ ხალხის ჯგუფმა დაინახა ჟურნალისტები, აიყვანა ხელში დაღუპული ბავშვის ცხედარი და დაიწყეს ქალაქში მსვლელობა. ჩვენმა ფოტოჟურნალისტმა გადაწყვიტა მათთვის ფოტო არ გადაეღო.