ჟურნალისტების ცხოვრება და გამოწვევები
უამრავჯერ გამხდარა კინოს ინტერესის საგანი. ამ მხრივ გამონაკლისი არც
2018 წელი იყო. მიმდინარე წელს ორი მხატვრული ფილმი და ორი
სატელევიზიო სერიალი გამოვიდა, რომლებშიც მთავარი თემა მედია და ამ
სფეროში მომუშავე პროფესიონალები არიან.
The
Post
ყველაზე წარმატებული და რეიტინგული, როგორც მოსალოდნელი იყო, სტივენ
სპილბერგის „პოსტი“ გამოდგა, მერილ სტრიპით მთავარ როლში. ფილმი
„ოსკარის“ ორ და „ოქროს გლობუსის“ ხუთ ნომინაციაზე იყო
წარდგენილი.
ისტორიული პოლიტიკური თრილერი 1971 წელს გაზეთ Washington Post-ის
ირგვლივ მიმდინარე რეალურ მოვლენებს ეფუძნება. გამოცემას პენტაგონის
საიდუმლო დოკუმენტები უვარდება ხელში, სადაც ვიეტნამის ომის უცნობი
დეტალებია აღწერილი. მთავრობისთვის ამ ინფორმაციის გავრცელება, ცხადია
დიდი პრობლემაა და პოლიტიკოსები ყველნაირად ცდილობენ ამას ხელი
შეუშალონ. გაზეთის მფლობელი და მთავარი რედაქტორი რთული ამოცანის
წინაშე დგანან: მკითხველს სიმართლე მოუთხრონ და რისკზე წავიდნენ თუ
გაჩუმდნენ და კომფორტის ზონაში დარჩნენ.
⇒ ასევე
იხილეთ: The Post - როცა მედია დილემის
წინაშეა
A Private War
მარი კოლვინი ალბათ ყველა დროის
ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და გამბედავი ომის რეპორტიორი ქალი იყო
ჟურნალისტიკის ისტორიაში. ბრიტანული „The Sunday Times” -ის
საზღვარგარეთის კორესპონდენტი 27 წლის განმავლობაში მუშაობდა
გამოცემაში და ყველაზე აქტიურად ცხელ წერტილებსა და კონფლიქტის ზონებს
აშუქებდა. ერთ-ერთი სამუშაო ვიზიტის დროს, შრი-ლანკაში, კოლვინმა
მარცხენა თვალი დაკარგა. თუმცა, არც ამ ამბავს შეუშინებია და ჩვეულ
რეჟიმში საქმიანობა აქტიურად განაგრძო. კოლვინი 2012 წელს, სირიაში,
ქალაქ ჰომსში მოკლეს. ის 56 წლის იყო.
მიმდინარე წელს ამერიკელმა რეჟისორმა მეთიუ ჰაინემანმა მარი კოლვინის
შესახებ ბიოგრაფიული დრამა გადაიღო. ფილმში ჟურნალისტი ცხოვრების
საკვანძო მომენტები, მისი განცდები და დილემებია აღწერილი. ჰაინემანი
დოკუმენტური კინოს ცნობილი რეჟისორია, თუმცა „პირადი ომი“ მისი
პირველი სრულმეტრეაჟიანი მხატვრული ფილმია.
ნამუშევარს დებიუტისთვის მოსალოდნელზე კარგი გამოხმაურება ჰქონდა.
კრიტიკოსებმა საქებარი სიტყვები არ დაიშურეს როგორც რეჟისორის, ისე
მთავარი როლის შემსრულებელი როზამუნ პაიკის მიმართ. ფილმი ჟურნალ
Vanity Fair-ში 2012 წელს გამოქვეყნებულ სტატიას ეფუძნება, რომლის
ავტორიც საგამოძიებო ჟურნალისტი, მარი ბრენერია.
⇒ ასევე იხილეთ: A Private War - მხატვრული ფილმი მარი კოლვინის შესახებ
Sharp
Objects
HBO-ს ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი,
სატელევიზიო სერიალი „ბასრი საგნები“, გამომძიებელი ჟურნალისტის,
კამილ პარკერის ისტორიას გვიყვება. პარკერი დროებით მშობლიურ ქალაქს
უბრუნდება, რომ ორი გაუჩინარებული გოგონას ამბავი გამოიძიოს.
პროფესიული გამოწვევების პარალლურად მას საკუთარ ფსიქიკურ
პრობლემებთან და ალკოჰოლიზმთან გამკლავებაც უწევს, რაც კიდევ უფრო
ამძაფრებს სიტუაციას. ფსიქოლოგიური თრილერის ჟანრში გადაღებული
ნამუშევარი მისტიკურ, განსაკუთრებულ ატმოსფეროს უქმნის მაყურებელს და
უბიძგებს, მთავარ პერსონაჟთან ერთად განიცადოს და გაუმკლავდეს
პრობლემებს და წინაღობებს.
კამილ პარკერის როლს ამერიკლი კინოს ვარსკვლავი, ემი ადამსი თამაშობს,
რომელიც ამავდროულად ფილმის ერთ-ერთ მთავარი პროდუსერიცაა. „ბასრი
საგნების“ რეჟისორი ჟან-მარკ ვალეა, რომელსაც მანამდე ცნობილი
ფილმები: “ Café de Flor”, Dallas Buyers Club“ და „ახალგაზრდა
ვიქტორია“ აქვს გადაღბული. რვა ეპიზოდისგან შემდგარი სატელევიზიო შოუ
გილიან ფლინის ამავე სახლწოდების ნოველაზეა დაფუძნებული. მწერალი
ასევე ავტორია წიგნისა „Gone Girl“, რომელსაც განსაკუთრებული
პოპულარობა მისმა ეკრანიზაციამ მოუტანა 2014 წელს.
Press
„პრესა“ BBC1-ის ახალი სატელევიზიო
სერიალია, რომელიც ორი კონკურენტი გამოცემის ისტორიას ასახავს და
ჟურნალისტებისა და რედაქტორების საქმიანობის საინტერესო დეტალებზე
გვიყვება. The Post და The Herald – ორივე გაზეთი ცდილობს თავი
გაართვას და პოზიციები შინარჩუნოს ციფრული ეპოქის 24 საათიან, უწყვეტ
ინფორმაციულ დინებაში. როგორ აბალანსებენ ჟურნალისტები პირად
ცხოვრებასა და კარიერას, რა პროფესიული და ცხოვრებისეული დილემების
წინაშე დგებიან ისინი და როგორ ართმევენ თავს გამოწვევებს- ორი
სარედაქციო ჯგუფის ყოველდღიურობის აღწერით ფილმი სწორედ ამ საკითხების
გაშლას ცდილობს.
ამ ეტაპზე სერიალის მხოლოდ 6 ეპიზოდია გამოსული. სცენარის ავტორი მაიკ
ბარტლეტია, რეჟისორი კი ტომ ვონი. ამ ტანდემმა მანამდე BBC-ის
წარმატებულ სერიალ, Doctor Foster-ზე იმუშავა.