რჩევები ჟურნალისტებს კორონავირუსის გაშუქებასთან დაკავშირებით
28.02.2020

კომპილაცია მოამზადებულია  SAFE ინიციატივა, IREX-ის მიერ


28 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები უკვე ოფიციალურად დადასტურდა. თემის გაშუქებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის შენარჩუნებაში ჟურნალისტები ცხადია, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაცული იყოს მათი უსაფრთხოება.

გაგაცნობთ უსაფრთხოების რამდენიმე მნიშვნელოვან წესს, რომელთა დაცვაც განსაკუთრებულ ძალისხმევასა და დიდ ფინანსურ დანახარჯს არ მოითხოვს.

ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ მოქმედება საჭიროა დაუყონებლივ და გახსოვდეთ, რომ მცირე და რუტინული სიფრთხილის ზომები უდიდეს როლს თამაშობს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.


⇒   მედია მენეჯერების საყურადღებოდ:

  • გახსოვდეთ, რომ თქვენი მედიის მუშაობა დამოკიდებულია თქვენი თანამშრომლების ჯანმრთელობაზე. აუხსენით თანამშრომლებს, რომ გაციების მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაშიც უნდა დარჩნენ სახლში და ეს დრო ჩაეთვლებათ საპატიოდ.

  • დარწმუნდით, რომ თქვენს თანამშრომლებს არ შეუქმნის უხერხულობას საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეალური ინფორმაციის თქვენთვის გაზიარება.

  • შეიმუშავეთ ნათელი გეგმა, თუ როგორ შეუძლია თანამშრომელს იმუშაოს დისტანციურად, სახლიდან, იმ შემთხვევაში თუ გაციების სიმპტომების გამო ვერ მოდის ოფისში ან ვერ გადის გადაღებაზე/ ინტერვიუზე. 

  • შეეცადეთ სამუშაო ოფისებში ადვილი იყოს ჰიგიენის ნორმების დაცვა: შეამოწმეთ სველი წერტილები, მოიმარაგეთ ანტიბაქტერიული საპნები, სადეზინფექციო დისპენსერები ოფისისთვის და აკონტროლეთ, რომ დისპენსერები რეგულარულად შეივსოს. მოუწოდეთ თანამშრომლებს გაანიავონ ოფისები. ოფისებში ხელმისაწვდომი უნდა იყოს პირბადეები და ერთჯერადი ხელთათმანები, ასევე ერთჯერადი ხელსახოცები მათთვის, ვინც გადაღებაზე/ ინტერვიუზე სამედიცინო დაწესებულებებში მიდის.

⇒     ჟურნალისტების საყურადღებოდ:

  • დარწმუნდით, რომ თქვენს სამუშაო სივრცეში იცავთ ჰიგიენას. რეგულარულად გაასუფთავეთ სამუშაო მაგიდა და ნივთები (ტელეფონი, კლავიატურა, ლეპტოპი, კამერა, მიკროფონი, ) სველი წესით სადეზინფექციო დანიშნულების მქონე ხსნარით და/ ან ანტისეპტიკური ხელსახოცებით, რათა არ დააზიანოთ ტექნიკა.

  • ხშირად დაიბანეთ ხელი და გამოიყენეთ ერთჯერადი სამედიცინო ხელთათმანი თუ გიწევთ ვიზიტი ან მუშაობა რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც შეიძლება იყვნენ დაავადებული ადამიანები. ხელთათმანები და პირბადეები არ გამოიყენოთ განმეორებით.

  • თან იქონიეთ სადეზინფექციო ხსნარი ჯიბის შეფუთვით, გამოიყენეთ რეგულარულად. რესპირატორული ჰიგიენისთვის გამოიყენეთ ერჯერადი ხელსახოცები, გამოყენებული ხელსახოცები არ ჩაყაროთ თავღია ქაღალდის ურნებში.

  • არასდროს არ დადოთ კამერა/ მიკროფონი იატაკზე, მიწაზე, კიბეზე - ისეთ ზედაპირებზე, რომლებიც არ იწმინდება ან იშვიათად იწმინდება. როცა შეძლებთ გაწმინდეთ კამერის/ მიკროფონის/ფოტოაპარატის შტატივი ანიბაქტერიული ხელსახოცით (მაგალითად Meliseptol) და ისე შეინახეთ/ გადაეცით კოლეგას.

  • დაიცავით დისტანცია რესპონდენტებთან საუბრის დროს. განსაკუთრებით მაშინ, თუ ინტერვიუს სამედიცინო პერსონალთან წერთ ან იმ რესპონდენტებთან, ვინც სამედიცინო დაწესებულებში ან პოტენციურად დაინფიცირებულ ადგილას იყვნენ.

  • გახსოვდეთ, რომ თქვენი ოჯახის წევრები და ახლობლები შეიძლება ნერვიულობდნენ თქვენზე და გაითვალისწინეთ მათი ემოციური მდგომარეობა. ესაუბრეთ სიფრთხილის იმ ზომებზე, რომლებსაც მიმართავთ თქვენ და თქვენი ორგანიზაცია სამუშაო პროცესში.

  • გაითვალისწინეთ, რომ სახლში უნდა დარჩეთ მაშინაც კი, თუ მსუბუქი გაციების სიმპტომები გაქვთ. წინასწარ შეუთანხმდით თქვენს უფროსს/ მენეჯერს, რომ ასე მოიქცევით და შეატყობინებთ მდგომარეობის ცვლილების შესახებ რაც შეიძლება ოპერატიულად.

  • და ბოლოს, რეგულარულად გაეცანით განახლებულ ინფორმაციას კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით და წინასწარ მოიფიქრეთ თუ რომელ კლინიკას/ სამედიცინო დაწესებულებას მიმართავთ საჭიროების შემთხვევაში.

უფრო დეტალური სამედიცინო რეკომენდაციები და ასევე ზოგადი ინფორმაცია კორონავირუსთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომებზე მიიღეთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან და სამედიცინო მრჩევლისგან.



სასარგებლო ბმულები:

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ