ფემიციდის გაშუქება - რეკომენდაციები ჟურნალისტებისთვის
08.03.2020
ხშირად მედია ფემიციდს აღწერს, როგორც იზოლირებულ მოვლენას და არა გენდერული დისკრიმინაციის სისტემის ნაწილს. ფემიციდის გაშუქებისას ჟურნალისტები ყურადღებას ამახვილებენ უფრო დამნაშავეზე, ვიდრე მსხვერპლზე, თითქოს ამართლებენ იმ კაცების საქციელს, რომლებსაც არ შეუძლიათ ბრაზის შეკავება და იმავდროულად ქალებს აღწერენ, თითქოს მათ გამოიწვიეს პარტნიორების გაღიზიანება და რისხვა შეუსაბამო გარეგნობითა და საქციელით (ღალატი, დაუმორჩილებლობა).

რატომ არის პრობლემური ფემიციდის ამგვარი გაშუქება და რატომ მოეთხოვება მედიას მაღალი გენდერული მგრძნობელობა, - გთავაზობთ თიკო ცომაიას მიერ მომზადებულ გზამკვლევს ჟურნალისტებისთვის.

ფემიციდი რთული საკითხია, რომელიც ბევრ ქვეყანაში ზოგადად მკვლელობისგან გამიჯნული არ არის. სირთულეები, რომლებიც ფემიციდის თემას უკავშირდება, მოიცავს არასრულ მონაცემთა ბაზას და ანგარიშგებას, გამჭვირვალობისა და დატრენინგებული რეპორტიორების ნაკლებობას, რისი შედეგიცაა არასრული ან პირიქით, გაზვიადებული, სენსაციური გაშუქება. ამგვარი რეპორტინგი კი იწვევს საზოგადოებაში შიშებისა და სტერეოტიპების გამყარებას.

მონაცემებზე ხელმიუწვდომლობა და გაშუქების ნაკლებობა პირდაპირ კავშირშია იმასთან თუ რამდენადაა დაცული მსხვერპლებისა და საზოგადოების საჭიროებები. ამას გარდა, გასათვალისწინებელია, რომ არსებობს ფემიციდის ისეთი ნაირსახეობები, როგორიცაა სელექციური აბორტი და ღირსების მკვლელობები. ეს ფენომენები კულტურულ - სპეციფიკურია და რთული შესაფასებელია, რადგან ამ საკითხების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა დაბალია.

კვლევის თანახმად, მედიის ჩარჩო სამ ძირითად კომპონენტზეა შექმნილი: წყარო, ენა და კონტექსტი.

წყარო: დადგენილია, რომ დანაშაულის შესახებ ახალ ამბებში, ყველაზე ხშირად პირველადი წყარო სამართალდამცავი ორგანოები არიან, რის გამოც სწორედ ისინი განსაზღვრავენ მედიის ძირითად ჩარჩოს (Chermak, 1995; Erickson, 1989;Fishman, 1981; Surette, 2007). მნიშვნელოვანია, რომ სხვა პროფესიების მქონე ადამიანების ციტირებაც ხდებოდეს, რომ ფემიციდი წარმოჩინდეს, როგორც სოციალური პრობლემა.

ენა: სიტყვების შერჩევა გავლენას ახდენს საზოგადოების მიერ მოვლენების აღქმასა და ინტერპრეტირებაზე (Bullock and Cubert, 2002; Gillespie et al., 2013). მნიშვნელოვანია ფემიციდის ტაბუს დამსხვრევა. მისი მნიშვნელობის ახსნა. თავად სიტყვა ფემიციდის გამოყენება, განსაკუთრებით, მედია დისკურსში ისეთი ტერმინების ჩანაცვლება, როგორიცაა “სიყვარულის დანაშაული”, “აღტაცების დანაშაული” ან “ეჭვიანობის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული”.

კონტექსტი: სოციალურ პრობლემების ახსნა მნიშვნელოვანია, როგორც ინდივიდუალურ, ასევე სოციალურ დონეზე. ინდივიდუალურ დონეზე პრობლემის აღწერისას ადამიანები საკუთარი გამოცდილებას სხვებთან მიმართებაში იაზრებენ, რაც მათ გადაწყვეტილების მიღებასა და მოქმედებაში ეხმარებათ(Kelly, 1988). საზოგადოებრივ დონეზე, პრობლემის აღწერა არის პირველი ნაბიჯი საზოგადოებრივი რესურსების მობილიზებისა და პოლიტიკის შემუშავებისკენ(Mehrotra, 1999).

მედიის მიერ ძალადობის გაშუქება ეხმარება საზოგადოებას მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები, აყალიბებს საზოგადოებრივ აზრს და ხელს უწყობს თემის მობილიზებას.

ხშირად მედია ფემიციდს აღწერს, როგორც იზოლირებულ მოვლენას და არა გენდერული დისკრიმინაციის სისტემის ნაწილს. ფემიციდის გაშუქებისას გამოყენებული ენა და გამოვლენილი დეტალები ხშირად აღწერენ სისატიკეს და მსხვერპლს ადანაშაულებენ, რითაც ამყარებენ აზრს, რომ ასეთი მკველობები ერთეული, იზოლირებული შემთხვევებია. უფრო მეტ ყურადღებას დამნაშავეზე ამახვილებენ მსხვერპლთან შედარებით. ხშირად დამნაშავის მიმართ სიმპატიასაც კი გამოხატავენ. ხშირად ამართლებენ იმ მამაკაცების საქციელს რომლებსაც არ შეუძლიათ შეიკავონ ძალადობა და ბრაზი, იმავდროულად ქალებს აღწერენ, თითქოს მათ გამოიწვიეთავის პარტნიორების გაღიზიანება და რისხვა შეუსაბამო გარეგნობითა და საქციელით (ღალატი, დაუმორჩილებლობა).

მართალია, ფემიციდის შემთხვევების გაშუქებით საზოგადოება პრობლემას აცნობიერებს, თუმცა მთავარია არა მხოლოდ შემთხვევებს გაშუქების სიხშირე არამედ შემთხვევების სიღრმისეული და ხარისხიანი გაშუქება. ამა თუ იმ საკითხზე რეპორტინგის მიზანი არის მოქალაქეების ინფორმირება იმგვარად, რომ მათ ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღონ. ჟურნალისტებმა თავის რეპორტაჟებში საზოგადოება საჭირო ინფორმაციითაც უნდა უზრუნველყონ, მაგალითად ძალადობის გამაფრთხილებელი ნიშნების შესახებ, რომ მათ ამოიცნონ ძალადობა და ხელი შეუშალონ ძალადობრივი ქცევის განმეორებას.

ფემიციდის გაშუქება რთულია ჟურნალისტური კარიერის ნებისმიერ ეტაპზე. მსხვერპლის ოჯახი, მეგობრები და კოლეგები რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებიან, ამიტომ ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების პროცესი უნდა იყოს პროფესიული და სენსიტიური.

  • ქალთა მკვლელობების თემაზე მომზადებულ მასალებში სიტყვა ფემიციდის მოხსენება არ უნდა იყოს გადაჭარბებული და სენსაციური, რაც გაზრდის შიშს და გენდერულ სტერეოტიპებს საზოგადოებაში.
  • ფემიციდის საქმე არ უნდა იქნეს განხილული როგორც იზოლირებული, განსაკუთრებული მოვლენა, არამედ როგორც სოციალური პრობლემა.
  • გამოყენებული ენა და დეტალები არ უნდა ადანაშაულებდეს დაზარალებულს.
  • სიტყვები და გამოთქმები სწორად უნდა შეირჩეს. ისეთი გამოთქმები, როგორიცაა: "სიყვარულის გამო ჩადენილი დანაშაული", "ვნების გამო ჩადენილი დანაშაული" ან "ეჭვიანობის გამო ჩადენილი დანაშაული" არის საზოგადოების შეცდომაში შემყვანი და არ უნდა გამოვიყენოთ;
  • დაუშვებელია დამნაშავეების ქცევის გამართლება. ქალები არ უნდა იყვნენ წარმოჩენილი ისე, თითქოს მათ პროვოცირება მოახდინეს და გამოიწვიეს მამაკაცის რისხვა;
  • ამბავმა უნდა შეაფასოს ინციდენტი სიფრთხილით, მგრძნობელობითა და ტაქტით. მასალა ხელს უნდა უწყობდეს პრობლემის გააზრებას;
  • საჭიროა ხარისხიანი და სიღრმისეული გაშუქება;
  • მნიშვნელოვანია ძალადობის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშნების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • ჟურნალისტებმა ყოველი ინციდენტი გამჭვირვალედ უნდა გადაამოწმონ. შემთხვევაში უნდა შეისწავლონ კონკრეტული კატეგორიის (დამნაშავე / დაზარალებულის ასაკი, იარაღის მფლობელობა, ფსიქიკური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა და სხვა) დანაშაულის დეტალური მონაცემები;
  • გაშუქება უნდა ითვალისწინებდეს საზოგადოების კულტურულ სპეციფიკას: განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ყველაზე დაუცველ და ნაკლებად დაცულ ჯგუფებს (ეთნიკური უმცირესობები, დევნილები, მიგრანტები);
  • ახალი მედიის რეალობა ჟურნალისტებისგან მოითხოვს ინოვაციური ტექნოლოგიური ხერხების ცოდნას, რომ ამბავი იყოს ადვილად გასაგები და გავრცელებადი. ჟურნალისტმა კარგად უნდა იცოდეს ისეთი ხერხები, როგორიცაა ქრაუდსორსინგი, მონაცემთა შეგროვება და ანალიზი, სოციალური ქსელებისა და სხვა ინტერაქციული პლატფორმების გამოყენება;
  • ფემიციდის გაშუქების გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკების გაცნობაც. 

ბლოგის ავტორი : თიკო ცომაია;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ