რა შუაშია კურტ კობეინი და სტივ ჯობსი პოდკასტებთან
22.06.2021
ამერიკული როკ ჯგუფის, “ნირვანას” ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სიმღერას, Smells Like Teen Spirit, სახელი უცნაურად დაერქვა.

1991 წელს ჯგუფ Bikini Kill-ის ვოკალისტმა, კეტლინ ჰანამ „ნირვანას“ სოლისტის, კურტ კობეინის სახლის კედელზე დაწერა სიტყვები: Kurt Smells Like Teen Spirit. კობეინმა ეს ფრაზა თავიდან აღიქვა ისე, თითქოს, ჰანა გულისხმობდა, კურტს ახალგაზრდული, თინეიჯერული, სუნი ასდისო და მოგვიანებით თავის ახალ სიმღერას სწორედ ეს სახელი დაარქვა.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა Teen Spirit-ში იგულისხმებოდა დეოდორანტის სახელი, რომელსაც კობეინის მაშინდელი მეგობარი გოგო, ტობი ვეილი იყენებდა და კეტლინ ჰანა გულისხმობდა, კურტს შეყვარებულის დეოდორანტის სუნი ასდისო.

მეც, როგორც „ნირვანას“ ბევრ მსმენელს, ფრაზა Smells Like Teen Spirit წლების განმავლობაში სწორედ “ახალგაზრდული, რევოლუციული სულის” ალეგორია მეგონა, სანამ მისი ნამდვილი ისტორია “ნიკოს პოდკასტში” არ მოვისმინე.

“რადიო თავისუფლების” პოდკასტის ამ ეპიზოდში ავტორი ნიკო ნერგაძე ჰყვებოდა Nirvana-ს ერთ-ერთ კონცერტზე, BBC-ს მიერ ჯგუფ Rage Against The Machine-ის “დაცენზურებაზე” და იმაზე, თუ როგორ უსმენდა Walkmen-ის აუდიო პლეიერზე Pink Floyd-ის The wall-ს.

ქართულ მედიაში პოდკასტების მაინცდამაინც დიდი არჩევანი არ გვაქვს, მაგრამ ვისაც პოპკულტურა და კინო აინტერესებს, ნიკო ნერგაძე თავის პოდკასტში ამ თემებზე 2015 წლიდან საუბრობს. თუმცა ხანდახან ჭორებსაც გვიყვება და ყვითელ სტატიებსაც მიმოიხილავს.

პოდკასტის ფორმატის ძირითადი ხასიათიც სწორედ ესაა, შეგიძლია თავისუფლად ისაუბრო იმაზე, რაზეც გინდა და რამდენ ხანსაც გინდა. მის შექმნას და დამკვიდრებას კი, უცნაურია, მაგრამ კომპანია apple-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს, სტივ ჯობსს უნდა ვუმადლოდეთ.

რა შუაშია სტივ ჯობსი პოდკასტებთან?

2001 წელს სტივ ჯობსმა apple-ის უახლესი მოწყობილობა, მსოფლიოში ყველაზე პატარა მუსიკალური პლეიერი აიპოდი წარადგინა, რამაც აუდიოს მოსმენის კულტურა სრულიად შეცვალა. მისი მთავარი უპირატესობა სწორედ ზომა იყო, რის გამოც აიპოდის ტარება და მუსიკის ანდა სხვა აუდიო მასალის მოსმენა ყველგან შეგეძლოთ.

რამდენიმე წელიწადში აიპოდი იმდენად პოპულარული გახდა, რომ აუდიო თხრობის მთელ მიმართულებას სახელი მის გამო დაერქვა. ეს ტერმინი სიტყვების, iPod და Broadcast (მაუწყებლობა) გაერთიანებაა, და გულისხმობს იმას, რომ შესაძლებელია ამ აუდიოს ნებისმიერ დროს ჩამოტვირთვა ნებისმიერ ადგილას მოსმენა. 2004 წელს გაზეთ The Guardian-ის მიმომხილველმა ბენ ჰამერსლიმ პირველად გამოიყენა ტერმინი “პოდკასტინგი” ინტერნტში გამოქვეყნებულ აუდიო თხრობასთან მიმართებაში. მანამდე კი აუდიოს ფორმატი მხოლოდ რადიო სადგურებთან ასოცირდებოდა. საბოლოოდ, ტერინი “პოდკასტი” აუდიტო თხრობის ფორმატის სახელად ადამ ქარიმ და დეივ ვინერმა დაამკვიდრეს.

რა განასხვავებს პოდკასტებს რადიოსგან?

პოდკასტსა და რადიოს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ის არის, რომ რადიო გადაცემა პირდაპირ ეთერში გადის, ხოლო პოდკასტი წინასწარ ჩაწერის შემდეგ დარედაქტირებული აუდიო ფაილია. ბუნებრივია, რადიოშიც შეიძლება, წინასწარ ჩაწერილი სეგმენტები გავიდეს, თუმცა, რადიოში მას მაინც პირდაპირი ეთერის რეჟიმში ვისმენთ. პოდკასტი კი შესაძლებელია გადმოწერო და ნებისმიერ დროს მოუსმინო.

რადიოსგან განსხვავებით, პოდკასტი მეტად ნიშურ აუდიტორიაზეა გათვლილი და, ძირითადად, ერთი, ვიწრო მიმართულება აქვს. არ არის შეზღუდული დრო, ფორმატი, თხრობის ფორმა და ზოგადად, არ ზის ჩარჩოებში, რომელსაც ტრადიციული რადიო მაუწყებლობა გვთავაზობს.

მართალია, რადიოს დღესაც ბევრად მეტი მსმენელი ჰყავს, მაგრამ პოდკასტის აუდიტორია ძირითადად, მეტად ჩართული და დაინტერესებულია. რადიოების მიზანია ფართო აუდიტორიის მოზიდვა უამრავი სხვადასხვა შინაარსის კონტენტის შექმნით. სასურველი პოდკასტის მოსასმენად კი, საჭიროა, რომ მსმენელმა მოიძიოს და აირჩიოს კონკრეტული, მისთვის საინტერესო თემა, რაც ზრდის ჩართულობას.

და რაც ყველაზე მთავარია, ყველას შეუძლია პოდკასტის არა მხოლოდ მოსმენა, არამედ, მისი შექმნა.

პანდემია და პოდკასტები


altპოდკასტები განსაკუთრებით პოპულარული 2020 წელს, კოვიდ-19-ის პანდემიის დროს გახდა. ბრიტანეთის კომუნიკაციების კომისიის (Ofcom) კვლევის მიხედვით, Apple Podcasts პლატფორმაზე 2020 იანვრიდან მაისამდე პოდკასტების რიცხვი 870 ათასიდან მილიონ ასიათასამდე გაიზარდა. ამავე მონაცემებით, 15-25 წლის ახალგაზრდებმა რადიო პოდკასტებითა და აუდიო წიგნებით ჩაანაცვლეს.

„ედისონ რისერჩის“ თანახმად კი, 2020 წელს 12 წელზე უფროსი ასაკის ამერიკელთა 75%-მა (დაახლოებით 212 მილიონმა ადამიანმა) იციოდა პოდკასტინგის შესახებ, 2019 წელს ეს რიცხვი 70% იყო და მათგან 37% (104 მილიონი) უსმენდა პოდკასტებს ყოველთვიურად.

ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება პოდკასტების ცნობადობა და პარალელურად, მეტი ახალი პლათფორმა ჩნდება, სადაც პოდკასტების განთავსებაა შესაძლებელი. Statista.com-ის მიხედვით, 2019-2020 წლების ყველაზე პოპულარული პლატფორმები შემდეგნაირად გამოიყურება:

alt

პოდკასტების აღზევება და მომავალი

პოდკასტების მიმართ ინტერესი სულ უფრო და უფრო რომ იზრდებოდა, ამას აჩვენებს Google Trend-ის მონაცემებიც.

alt
თუმცა პოდკასტები ყოველთვის ისე პოპულარული არ იყო, როგორც დღეს. 2010-იანების დასაწყისში ეს ინდუსტრია საკმაოდ რთულ მდგომარეობაში იყო, სანამ 2014 წელს მედიაში საგამოძიებო ჟურნალისტური პოდკასტი, Serial არ გამოჩნდა. ეს პროექტი მალე იმდენად პოპულარული გახდა, რომ მსმენელს ზოგადად პოდკასტების მიმართ გაუჩინა ინტერესი. მისმა შემქმნელებმა კი სხვა აუდიო პროექტით, This American Life (ამერიკული ცხოვრება), რომელიც 1996 წლიდან ჯერ რადიოში, შემდეგ ინტერნეტით ვრცელდება, აუდიო რეპორტინგის კატეგორიაში პულიცერის პრემიაც აიღეს. This American Life ყველა წლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოდკასტია, რომელიც ყოველკვირეული, ერთსაათიანი გასართობი ხასიათისაა და იმდენად პოპულარულია, რომ 3.1 მილიონი ადამიანი იწერს თითოეულ ეპიზოდს.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოდკასტერი, კომიკოსი ჯო როგენია, რომლის იუთუბ არხს 11 მილიონამდე გამომწერი ჰყავს. მისი პოდკასტის, The Joe Rogen Experience-ის, ექსკლუზიურად განთავსების უფლება აუდიო პლატფორმა Spotify-მ 2020 წელს 100 მილიონ დოლარად იყიდა. დღეს ამ პოდკასტის ეპიზოდები 190 მილიონზე მეტჯერ არის ჩამოტვირთული.

Hot Pod-ის დამფუძნებელი და პოდკასტების ანალიტიკოსი ნიკოლას ქუა ვარაუდობს, რომ მომავალში ამ სფეროში კორპორაციების ინტერესი უფრო გაიზრდება, რაც პოდკასტებს მეინსტრიმულ გასართობ ინდუსტრიაში გადაიყვანს.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ