13.12.2021
„თბილისური ფოლორცი“ ჟურნალისტმა ჯიმშერ რეხვიაშვილმა, ციფრულმა რედაქტორმა საბა ჩიხლაძემ და ილუსტრატორმა ბექა ბერიძემ ახალი აუდიტორიის მოსაზიდად და მათთან უკეთესი კომუნიკაციისთვის შექმნეს. მიზანმა გაამართლა.
ფოლორცი და მედია
ბოლო 5 წელია „მეტას“ („ფეისბუქის“ მფლობელი კომპანიის) ერთ-ერთი ძირითადი გაცხადებული მისია ქსელში მომხმარებლებისთვის საერთო ინტერესების მქონე საზოგადოების შეკრება და განვითარებაა. „ფეისბუქის“ აპლიკაციაში კი ამის მთავარი საშუალება ჯგუფებია. დღეს ქართველი ინტერნეტ მომხმარებლებისთვის არაერთი თემატური ჯგუფი არსებობს, მათ შორის მოგზაურობის, ჯანდაცვის, ქველმოქმედების, ვაჭრობის, კულინარიის, ტექნოლოგიების და სხვა. თუმცა, როგორ შეიძლება ეს სივრცე მედიასაშუალებებმა ეფექტურად აითვისონ და საერთოდ რა სარგებელს მოუტანთ მათ?
ჟურნალისტი ჯიმშერ რეხვიაშვილი წლებია თბილისის ისტორიასა და განვითარებაზე წერს. დედაქალაქის წარსულსა და თანამედროვეობაზე თითქმის ყოველკვირეულად აუდიტორიას ჯერ კიდევ მაშინ ესაუბრებოდა, როდესაც „რადიო თავისუფლება“ მხოლოდ რადიოს ფორმატით მუშაობდა. 2019 წელს სანამ თბილისის შესახებ ჯგუფს შექმნიდნენ, „თავისუფლებას“ უკვე ჰქონდა ჟურნალისტურ პროდუქტზე დაფუძნებული წარმატებული ჯგუფის შექმნის გამოცდილება.
დღეს სოციალურ ქსელში „რადიო თავისუფლების“ მიერ დედაქალაქის შესახებ შექმნილი ჯგუფი არამხოლოდ თბილისის ისტორიული ცხოვრებით დაინტერესებულ ადამიანებს, არამედ საგანმანათლებლო, სანდო წყაროებზე დაყრდნობილ, ზოგჯერ კი ისეთ უნიკალურ ვიზუალურ მასალას აერთიანებს, რასაც ინტერნეტსივრცეში სხვაგან ვერ ნახავთ.
„ფოლორცი არის ქუჩა, შუკა, ხალხმრავალი გამოცოცხლებული ადგილი. ეს თბილისური სიტყვაა. გვინდოდა ერთგვარი მოედანი გვქონოდა, სადაც ჩვენს მკითხველს ექნებოდა იმედი, რომ აქ დახვდებოდა თბილისის შესახებ მასალები, ექნებოდათ წინასწარ დათქმული ადგილი, სადაც შეძლებდნენ შემოსვლას და არ მოუწევდათ ლოდინი ვიდრე ჩვენ პერიოდულად მასალებს მოვამზადებდით“, - გვიყვება ჯიმშერ რეხვიაშვილი.
ჯგუფი საშუალებას იძლევა აუდიტორიას უფრო ახლო კომუნიკაცია ჰქონდეს სტატიების ავტორთან, ჩაებას დისკუსიებში და ჟურნალისტური მასალის მიღმა უფრო მეტი დეტალი შეიტყოს მისთვის საინტერესო თემაზე. მეორე მხრივ ჟურნალისტისთვის ეს ახალი იდეებისა და თემების მოძიების, აუდიტორიის შესწავლისა და უკუკავშირის მიღების საშუალებაა.
„ჯგუფში ბევრი ისეთი წევრია, რომელიც ჩემთვის რესპონდენტი გამხდარა და მათ გარეშე მასალას ვერ მოვამზადებდიო“, - ამბობს ჯიმშერ რეხვიაშვილი: „შეიძლება აუდიტორიამ ისეთი მნიშვნელოვანი თარიღი ან მოვლენა შეგახსენოს, რომ მერე ამ საკითხზე ცალკე მასალა გააკეთო, რაზეც ღირს მოკვლევა, ბიბლიოთეკაში წასვლა, რესპონდენტების ჩაწერა. ეს შთაგონების წყარო არის ხოლმე“.
მაგალითად „თბილისურ ფოლორცში“ ნანახი ფოტოდან გაჩნდა ილია ჭავჭავაძისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის დების: ლიზასა და სოფიოს შესახებ მასალის მომზადების იდეაც. შესაბამისად, სტატიისგან მიღებული უკუკავშირი და ჩართულობაც ჯგუფში ბევრად მაღალი იყო, ვიდრე მედიასაშუალების მთავარ გვერდზე, სადაც ყოველდღიურად სხვადასხვა თემაზე მრავალფეროვანი კონტენტი ქვეყნდება.
„ვიცოდი, რომ ეს შრომა უკვალოდ არ ჩაივლიდა, მაგრამ ასეთ რეაქციას არ ველოდით. იმდენად მეცნიერული ცოდნით, ტიტულებით დახუნძლული ხალხი შემოვიდა ჯგუფში და მათთვისაც საინტერესო იყო, რომ მოლოდინს გადააჭარბაო“, - ამბობს ჯიმშერ რეხვიაშვილი.
რატომ ჯგუფი, როცა გვერდი ისედაც გვაქვს?
ამერიკული გამოცემის „Vox-ის“ სარედაქციო სტრატეგიის ხელმძღვანელი ელისონ როკი ამბობს, რომ არც ისე მარტივია ადამიანებს გამოცემის მიმართ ნდობა ჩამოუყალიბო. ფეისბუქ ჯგუფებში კი აუდიტორიასთან ბევრად უშუალო კავშირის დამყარებაა შესაძლებელი, რაც ხანგრძლივ პერსპექტივაში მეტ ნდობას უჩენს მკითხველს.
„თუ ხალხის ინტერესს დავაკმაყოფილებთ შეთანხმებული წესების ფარგლებში და მივცემთ იმას, რაც უნდათ, ჩვენი ბრენდისთვის გრძელვადიან პერსექტივაში კარგი იქნება. ისინი "ვოქსის" უფრო მეტ ბმულზე გადავლენ, რადგან მათ რეალურად ჩვენთან უშუალო ურთიერთობა ექნებათ ჩამოყალიბებული“ , - ამბობს როკი „მეტას ჟურნალისტიკის პროექტთან“.
"ფეისბუქის" გვერდისგან განსხვავებით, თუ ჯგუფი სწორად იმართება, მასში ვერ ხვდებიან ყალბი ანგარიშები და ტროლები, რაც მომხმარებლებს შორის შეურაცხმყოფელ, პროვოკაციულ და დეზინფორმაციულ ურთიერთობას მაქსიმალურად გამორიცხავს. როგორც ჯიმშერ რეხვიაშვილი ამბობს, „თბილისური ფოლორცი“ ამის კარგი მაგალითია.
ფეისბუქის ჯგუფების კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, მომხმარებელს საშუალება აქვს ჯგუფებში დადებული კონტენტი სიახლეების გვერდისგან გამოცალკევებულად ნახოს.
„გვერდიც საჭირო, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, მაგრამ ჯგუფები აუდიტორიამდე მიღწევის დამატებითი საშუალებაა, რადგან აპლიკაციაში შეგიძლია მხოლოდ ჯგუფების გვერდიც დაათვალიერო.“, - ამბობს რადიო თავისუფლების ციფრული რედაქტორი, საბა ჩიხლაძე.
ჩართულობა რაოდენობაზე მნიშვნელოვანია
რამდენად სტაბილური იქნება ჯგუფი და რამდენად კარგადაა მასში აუდიტორია ჩართული, მის სწორად მართვაზეა დამოკიდებული. ფეისბუქ ჯგუფების ეფექტურად ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია არა მასში დამატებული ადამიანების რაოდენობა, არამედ გამოქვეყნებულ პოსტებზე აქტიურობა, უკუკავშირი, საუბარი, რეაქცია და ა.შ
„არ გვქონია იმის მისწრაფება, რომ „თბილისურ ფოლორცში“ ძალიან ბევრი ხალხი გვყოლოდა, პირიქით, ვამბობდით ცოტა იყოსო. უბრალოდ ვაკვირდებოდით აუდიტორიის რამდენი პროცენტი იყო ჩართული. არის ჯგუფები, სადაც ძალიან ბევრი ადამიანია დამატებული და არავინ არაფერს წერს. ჩენ გვერჩივნა, ხალხი ცოტა ყოფილიყო, ოღონდ ყველას დაეწერა პოსტები“, - განმარტავს საბა ჩიხლაძე.
ჯგუფის ხარისხის კონტროლისთვის გარკვეული პერიოდის განმავლობაში „რადიო თავისუფლების“ გუნდმა ახალი წევრების დამატება შეწყვიტა. მოგვიანებით მათ საწევრო მოთხოვნები გაფილტრეს და მხოლოდ ისინი დაუშვეს, ვინც ჯგუფის წესებს რეალურად ეცნობოდა და წერილობით ეთანხმებოდა.
„თუკი ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს ჯგუფები არის სივრცე, სადაც მეგობარს თუ თანამოაზრეს ესაუბრები, ისეთ ჯგუფს სადაც შემქმნელები მხოლოდ ბმულებს აზიარებენ, ან დატოვებ ან გამოწერას გააქმებ. ჯგუფებში იმიტომ ვწევრიანდებით, რომ იქ ჩვენი თანამოაზრეები არიან და თავისუფლად ვილაპარაკებთ სხვადასხვა თემაზე“, - ამბობს საბა ჩიხლაძე.
ჯგუფებში „ფეისბუქ ლაივების“ (პირდაპირი ეთერის) ჩართვა, დისკუსიის წამოწყება, წევრებისთვის „ბეიჯების“ (ფეისბუქ ჯგუფის წევრის აქტიურობის ხარისხის ერთგვარი განმსაზღვრელი) მინიჭება, თემების შექმნა და სხვა ფუნქციების მაქსიმალურად გამოყენება ჯგუფებს უფრო მეტად აცოცხლებს.
„თუ ჯგუფს გადახედავ და ნახავ, რომ ყველაზე ხშირად პოსტებს შენ წერ, მაშინ საქმე კარგად არ ყოფილაო“, - გვეუბნება „რადიო თავისუფლების“ ციფრული რედაქტორი.
როგორ გავზარდოთ ჯგუფებში ჩართულობა?
ყველა მედიას შეუძლია იპოვოს ისეთი ნიშური თემა, რომელზეც თვითონაც ქმნის მასალას და მის ირგვლივ დაინტერესებულ ადამიანებსაც შემოიკრებს.
შეიძლება გაამართლოს რომელიმე საავტორო გადაცემის ან სვეტის შესახებ შექმნილმა ჯგუფმაც და აუდიტორია ავტორის პოპულარულობამ, მასთან საუბრისა და შეკითხვების დასმის სურვილმა გააერთიანოს.
ჯგუფებს დიდი პოტენციალი აქვს რეგიონული მედიისთვისაც. ორგანიზაცია „ინტერნიუსის“ კვლევის მიხედვით, „ფეისბუქზე“ გეოგრაფიული დასახელების ჯგუფები საქართველოს თითქმის ყველა ქალაქისთვისაა შექმნილი. ხშირად ასეთ ჯგუფებს სწორედ ადგილობრივი, რეგიონული მედიასაშუალებები მართავენ.
„მეტი შანსია ბევრი ადამიანი გააერთიანო იქ, სადაც ცოტა ხალხი ცხოვრობს. რეგიონულ მედიასაც მეტი ინფორმაცია და მეტი საშუალება აქვს, რომ ამ კუთხით საინტერესო ჯგუფები გააკეთოს.“ - განმარტავს საბა ჩიხლაძე და მედიასაშუალებებს ჯგუფებში ჩართულობის გასაზრდელად ძირითად რჩევებს უზიარებს:
1. ჯერ კარგად მოვიფიქროთ ჯგუფის თემა და მერე შევქმნათ - უნდა შეირჩეს თემა, რომელიც შენც კარგად იცი და გაქვს იმის რესურსიც, რომ მის ირგვლივ ხალხი გააერთიანო. კარგად განსაზღვრე მიმართულება და მოიფიქრე რატომ აკეთებ ჯგუფს.
2. იქატიურე, შესთავაზე თემები და იყავი დისკუსიის დამწყები პირადი (არა ორგანიზაციის) ანგარიშით - მთავარია ჯგუფი დასაწყისშივე ისეთი იყოს, სადაც ხალხი იაქტიურებს. თუ ხედავ, რომ ჯგუფი პასიური გახდა და არავინ აღარაფერს წერს, უნდა მოიფიქრო სასაუბრო თემები, წევრებს შეკითხვები დაუსვა. შენზეა დამოკიდებული როგორ შეუწყობ ხელს ჯგუფის წევრებს შორის დისკუსიას.
3. მუდმივი მოდერაცია/კონტროლი - გაფილტრე კონტენტი, კომენტარები და წევრები. არ დაამატო ყალბი პროფილები.
4. მეტი აქცენტი გააკეთე ხარისხსა და ჩართულობაზე და არა რაოდენობაზე.
2021 წლის ნოემბერში „მეტამ“ „ფეისბუქის“ ჯგუფებისთვის ახალი ფუნქციები დააანონსა, მათ შორის დონაციის, ფასიანი და უფასო უფრო ვიწრო ინტერესის ქვეჯგუფების შექმნის შესაძლებლობები. საბა ჩიხლაძის აზრით, შესაძლოა, ამ სიახლეებმა, მედიას მეტი სარგებელი მოუტანოს და ტექნიკურად გაუმარტივოს მომხმარებლებისთვის ექსკლუზიური ფასიანი კონტენტის შეთავაზება.