ყალბი ფოტოები თითქოს თურქეთის ტრაგედიიდან
07.02.2023

6 თებერვალს, თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, ინტერნეტში აქტიურად ვრცელდება ფოტოები შემთხვევის ადგილიდან, მათ შორის რამდენიმე მანიპულაციური სურათიც.

რატომ არის თემა მნიშვნელოვანი?

მსგავსი ტრაგედიებისა და კატასტროფების დროს განსაკუთრებით რთულია, გაარჩიო ერთმანეთისგან რეალობა და მანიპულაცია.

  • ზოგიერთ ინტერნეტმომხმარებელსა და ზოგ შემთხვევაში მედიას, ნებსით თუ უნებლიედ აუდიტორია შეცდომაში შეჰყავს.
  • მსგავსი ფოტოს გავრცელების მიზანი ხშირად სოციალურ ქსელში ყურადღების მიპყრობაა, რადგან ტრაგედიის ამსახველი მასალით მანიპულირება მარტივია.
  • ამიტომაც, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან რეალური და ყალბი ამბავი.

მეთოდოლოგია

იმის გასარკვევად, თუ რომელმა წყარომ გაავრცელა ფოტო Google Images-ს ვებგვერდი გამოვიყენეთ. აქ სურათის ატვირთვის შემდეგ, მარჯვენა მხარეს ჩნდება ბმულები სადაც ეს ფოტოა გამოყენებული.

პერსონალური კომპიუტერისთვის შეგიძლიათ RevEye დააყენოთ და ნებისიმიერ ფოტოზე, კურსორის მარჯვენა ღილაკზე დაჭერით ერთდროულად რამდენიმე პლატფორმაზე მოგიძებნით იმავე სურათს.

alt

დამატებით, ყალბია თუ არა ფოტო ამის გადასამოწმებლად InVid-ის გამოყენებაა შესაძლებელი. წაიკითხეთ ვრცლად.

ფოტო #1

ვირუსულად გავრცელებული ფოტოებიდან ერთ-ერთი პირველი იყო ძაღლის სურათი, რომელიც თითქოს 2023 წლის, თებერვლის მიწისძვრის დროს პატრონის გადარჩენას ცდილობდა.

ფოტო იძებნება ერთ-ერთ ვებგვერდზე ფოლდერში “ძაღლის გადარჩენა”, ეს კი ბოლოს 2019 წელს განახლდა. იმის ზუსტი ადგილმდებარეობა და დრო თუ სად არის ეს ფოტო გადაღებული უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ის მინიმუმ 2019 წლის 3 იანვრამდეა გადაღებული.

იგივე სურათი 2020 წელს ტვიტერზეც ვრცელდებოდა.

alt

alt


ფოტო #2

მეორე ფოტო, რომელსაც სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ნანგრევებში მყოფი ბავშვის სურათია. რეალურად, ეს ფოტო გადაღებულია 2019 წელს ალბანეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ.

ფოტო 2022 წლის თებერვალშიც ვრცელდებოდა, თუმცა მაშინ თითქოს უკრაინაში ომს ასახავდა.


alt



ფოტო #3

ვირუსულად გავრცელებულ ფოტოებს შორისაა ასაკოვანი კაცის სურათიც, რომელიც ნანგრევების ფონზეა. ეს ფოტო, Google Image-ზე დაყრდნობით, 1999 წლის თურქეთის (დუზჩეს) მიწისძვრიდანაა.

alt


ფოტო #4

კიდევ ერთი გავრცელებული ფოტო მიწისძვრის შედეგად დანგრეულ შენობებს ასახავს. ეს სურათი “The Associated Press”-მა გაავრცელა და ის თურქეთის ქალაქ ელაზიგშია გადაღებული 2020 წლის მიწისძვრის შემდეგ.

alt


ავტორი : თამარ თოიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ