ევროკავშირი დეზინფორმაციის აღმოსაფხვრელად ახალ პლატფორმას ჩაუშვებს
13.02.2023

7 თებერვალს, ბრიუსელში დეზინფორმაციის თემაზე გამართულ კონფერენციაზე, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, ყალბი ინფორმაციის გავრცელების აღმოსაფხვრელად ახალი პლატფორმის ჩაშვება დააანონსა.

როგორ იმუშავებს ახალი პლატფორმა?

  • ეს იქნება დეცენტრალიზებული “სივრცე”, სადაც სხვადასხვა ქვეყნების არასამთავრობო ორგანიზაციებს, კიბერუსაფრთხოების სააგენტოებსა და სხვა სექტორის წარმომადგენლებს ინფორმაციის მიმოცვლა შეეძლებათ.
  • ამ პლატფორმაზე ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეეძლება კონკრეტული ყალბი ამბის საფუძვლიანად შესწავლა და ყალბი ინფორმაციის გავრცელების დაწყების მიზეზისა და მიზნის ანალიზი.
  • ევროკავშირის ადგილობრივი დელეგაციებში გაერთიანდებიან ექსპერტები, რომლებიც ამ თემაზე იმუშავებენ. დამატებით, მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს ყველა ენაზე.
  • რაც დეზინფორმაციის ამოცნობას გაამარტივებს და იქნება ახალი “მექანიზმი” მის წინააღმდეგ ბრძოლაში.

რა უნდა ვიცოდეთ?

2022 წელს ევროპარლამენტის დახმარებით, დაიწყეს “EuvsDisinfo” კამპანია, სადაც ძირითადად რუსეთისა და ჩინეთიდან გავრცელებულ მანიპულაციურ ამბებს განიხილავენ მათ შორის ქართულ ენაზეც, პლატფორმის შექმნის თავდაპირველი მიზანი ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებთან დაკავშირებული დეზინფორმაციის აღმოფხვრა იყო.

 

რა არის FIMI?

საერთაშორისო ამბებით მანიპულაცია და ჩარევის საფრთხეებზე (Foreign Information Manipulation And Interference Threats) 2023 წელს პირველი ანგარიში გამოქვეყნდა.

მოკლედ, რას მოიცავს FIMI-ს ანალიზი:
  • აქტორი, ანუ ვინ ავრცელებს ინფორმაციას.
  • ხარისხი - ინფორმაციის განაწილება, ვინ იყო სამიზნე აუდიტორია?
  • კონტენტი - შინაარსი,იდეა რომელიც ვრცელდება
  • ხასიათი - რამდენად არის კოორდინირებული და ინტენსიური?
  • ეფექტი - რა ზიანი მიადგა საზოგადოებას (სამიზნე აუდიტორიას)?

ანგარიშის თანახმად, ჩინეთისა და რუსეთის “შემაშფოთებელი” თანამშრომლობა მოიცავს მანიპულაციებს ევროკავშირზე და დასავლეთისთვის ომის შედეგების დაბრალებას.


მნიშვნელოვანი გზავნილები კონფერენციიდან:

  • “რუსეთში გამოხატვისა და მედიის თავისუფლების ხარისხი შემცირებულია, ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ომის დროს, რადგან რუსეთის მოქალაქეებმა ფაქტობრივად არაფერი იციან უკრაინაში რუსეთის ომსა და მსხვერპლზე.”
  • “რუსული მთავრობა ცდილობს, რომ ადამიანებს დააჯეროს, თითქოს ისინი არ დაესხნენ თავს უკრაინას და მხოლოდ საკუთარი ქვეყნის დაცვას ცდილობენ.”
  • “სულ რაღაც 10 დღის წინ ერთ-ერთი უკანასკნელი დამოუკიდებელი მედია, რომელიც რუსულ რეჟიმს გადაურჩა “არასასურველ ორგანიზაციად” გამოცხადდა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სიმართლის თქმას ცდილობს “უცხოეთის აგენტია”.
  • “წლების განმავლობაში რუსეთის მთავრობა აქტიურად აფინანსებდა დეზინფორმაციას, ათასობით ადამიანის საშუალებით ამ სისტემას როგორც იარაღს ისე იყენებენ და ეს მართლაც ნამდვილი იარაღივითაა, დეზინფორმაცია მტკივნეულია და კლავს, ის ართმევს ხალხს უნარს, რომ გააანალიზონ რა ხდება სინამდვილეში”.
  • “კრემლის რეჟიმი არა მხოლოდ შიდა დონეზე აკონტროლებს ინფორმაციას, არამედ მუდმივად ცდილობს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხოელი პარტნიორების დისკრედიტაციას”.

ავტორი : თამარ თოიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ