რა გავლენა აქვს პიარს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე?
02.03.2023
პიარ კამპანიები იარაღია საზოგაროებრივ აზრზე გავლენის მოსახდენად. ის შესაძლებელია გამოყენებული იყოს როგორც მავნე მესიჯების გასავრცელებლად, ასევე პოზიტიური კამპანიებისთვის.

დღეს, ციფრულ სამყაროში, კონკრეტული ორგანიზაციისთვის ან პოლიტიკური პირისთვის სასურველი ნარატივის გავრცელება იმაზე მარტივია, ვიდრე ოდესმე.

რა არის პიარი?

PR (Public Relations) ანუ საჯარო ურთიერთობების მთავარი ფუნქცია სხვადასხვა დაწესებულებისა თუ ინდივიდის შესახებ საზოგადოებრივი აზრის შექმნა ან შეცვლაა. კომუნიკაციის სხვადასხვა სტრატეგიას ჯერ კიდევ ძველ ბერძნულ და რომაულ ცივილიზაციებში იყენებდნენ და დღემდე, მისი მთავარი მიზანი, ამა თუ იმ საკითხზე ან ორგანიზაციაზე, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაა.

სპინი - პიარის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდი.

საზოგადოებასთან ურთიერთობისას, სასურველი ინფორმაციის აუდიტორიამდე მისატანად, პიარის სპეციალისტები ხშირად "სპინის მეთოდს" იყენებენ. ეს ერთი და იმავე მესიჯის, ნარატივის მუდმივად გავრცელებას გულისხმობს. შესაბამისად, ამ მეთოდით ძირითადად, კონკრეტული პროდუქტის ან პირის მხოლოდ მისთვის სასურველ მხარეს წარუდგენენ აუდიტორიას, რაც, ხშირად დეზინფორმაციაა და სოციალური მედიის პირობებში განსაკუთრებით სწრაფად და კარგად მუშაობს.

სპინის მეთოდი ხშირად პროპაგანდის ერთ-ერთი საშუალებაა. მაგალითად, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლება ავრცელებს ერთი და იმავე შინაარსის მქონე "მესიჯებს", რომ ეს არის სპეციალური ოპერაცია და რუსები თავიანთ მიწასა და ხალხს იცავენ, რასაც მისი სატელიტი მედია და "ინფლუენსერები" ავრცელებენ.

პიარი სოციალური მოძრაობებისთვის

ამასთანავე, აუდიტორიასთან სტრატეგიულ ურთიერთობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანებში სხვადასხვა თემაზე ცნობიერების ამაღლებისა და სოციალური მოძრაობების ჩამოყალიბებისთვის.
  • ერთ-ერთი პირველი სოციალური მოძრაობა, 1913 წელს ვაშინგტონში ჩატარებული, "სუფრაჟისტთა (ქალთა მოძრაობის მონაწილეები, რომლებიც ქალებისთვის ხმის მიცემის უფლებას ითხოვდნენ) აღლუმი" იყო, რომელიც იმდროინდელ მედიაში აქტიურად გაშუქდა. შედეგად, ამ მოძრაობამ საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერა მიიღო.
  • პიარის სხვადასხვა ტაქტიკის გამოყენებით, როგორიცაა პრეს-რელიზების მომზადება-გაგზავნა, ფლაერების გავრცელება, პერსონალური კომუნიკაცია და საჯარო გამოსვლები, 1970-იან წლებში პირველი პრაიდი გაიმართა, და ის დღემდე, მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, ლგბტქ+ ადამიანებისთვის საკუთარი იდენტობისა თუ უფლებების დასაცავად და აღსანიშნავად.
  • შავკანიანთა უფლებებისა და მათ მიმართ პოლიციის განსაკუთრებული სისასტიკის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ერთ-ერთი უახლესი სოციალური მოძრაობის #BlackLivesMatter-ის მთავარი ნიშა, თანამედროვე პიარისთვის კი დამატებითი ინსტრუმენტი, სოციალური მედიის ჰეშთეგები იყო. ამასთანავე, საზოგადოებისთვის ამ პრობლემაზე ცნობიერების ასამაღლებლად, არტისტები და აქტივისტები იყენებდნენ პიარის სხვადასხვა ხერხებს, ავრცელებდნენ პოსტერებს, კარიკატურებს და აწყობდნენ აქცია-პერფომანსებს.
  • კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე აქტიურად საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც 2018 წელს 15 წლის აქტივისტი, გრეტა ტუნბერგი სკოლას აცდენდა და შვედეთის პარლამენტთან პროტესტით ხელისუფლებსგან ამ თემაზე სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებას მოითხოვდა. სხვა კამპანიებთან ერთად, ამ შემთხვევაში, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად გამოიყენეს ე.წ "ინფლუენსერები" ანუ ადამიანებისთვის ცნობილი სახეები. პროტესტის ტალღა მალევე გავრცელდა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, გაიზარდა ცნობიერება განაღლებად ენერგიაზე.

ავტორი : თამარ თოიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ