"სრედსზე" რუსული პროპაგანდისტული დეზინფორმაცია შეუფერხებლად ვრცელდება
03.08.2023
მოკლედ: 
  • რუსეთიდან და სხვა ავტორიტარული ქვეყნებიდან, სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი პროპაგანდისტული საინფორმაციო გვერდები შეუზღუდავად ავრცელებენ დეზინფორმაციულ მასალებს მიკრობლოგინგის ახალ პლატფორმა "სრედსზე" (Threads).

მაგალითად,
  • "სპუტნიკ ნიუსმა", რომელიც კრემლის სახელმწიფო პროპაგანდისტული პლატფორმაა, "სრედსზე" გავრცელდა ყალბი ვიდეო, რომ თითქოს, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, მაღაზიაში ათვალიერებს წიგნს დემენციის შესახებ, სახელწოდებით - "ტვინის ვარჯიშები დემენციისთვის."

alt

ფოტოზე: კადრი მანიპულაციურად დამუშავებული, პროპაგანდისტული რუსული მედიის მიერ გავრცელებული ვიდეოდან

რეალურად,
  • ვიდეო, რომელიც "სპუტნიკმა" გასულ კვირაში, "სრედსზე" მანიპულაციურად გაავრცელა, დამუშავებულია.
  • და სინამდვილეში, გადაღებულია 2012 წელს, მაშინ, როდესაც ჯო ბაიდენი იყო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და "Costco"-ს მაღაზიას სტუმრობდა.
  • ორიგინალ ვიდეოში არ ჩანს მანიპულაციურად დამუშავებულ ვიდეოში "დამონტაჟებული" აბრა, წარწერით — "ტვინის ვარჯიშები დემენციისთვის".
  • ვიდეოს ორიგინალი ვერსიის ვრცელი ჩანაწერი დაარქივებულია აქ.
alt
ფოტოზე: კადრი ვიდეოს ორიგინალი ჩანაწერიდან

სტრიქონებს შორის:
  • ამერიკული ტელეარხის, ABC-ის თანახმად, 2020 წელს, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადგინა, რომ რუსეთი ავრცელებდა დეზინფორმაციას ჯო ბაიდენის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ.
  • რუსული სქემის მიზანი იყო, გაევრცელებინა ბრალდებები ბაიდენის "ცუდი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ" და ამით გავლენა მოეხდინა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე შეერთებულ შტატებში.

რა არის პრობლემა?
რადგან "მეტა" არ იმეორებს "ფეისბუქსა" და "ინსტაგრამზე" დამკვიდრებულ მიდგომას, მომხმარებლის სწორი ინფორმირების მიზნით, სახელმწიფოს მიერ მართული მედია მონიშნოს შესაბამისი "იარლიყით", კომპანიის ახალი მიკრობლოგინგის პლატფორმა მიმზიდველი გახდა ისეთი პროპაგანდისტული გამოცემებისთვის, როგორებიცაა:
  • Sputnik, RT (მართავს რუსეთი);
  • CGTN, Xinhua News (მართავს ჩინეთი);
  • Fars News (მართავს ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია).

მონაცემებში:
  • ამ პროპაგანდისტულმა გამოცემებმა "სრედსის" გაშვებიდან მალევე მიიზიდეს 270 000-მდე მიმდევარი.
  • ეს ბევრად ნაკლებია, ვიდრე მათ მიერ, წლების განმავლობაში "ტვიტერზე" მოპოვებული მილიონობით აუდიტორია.

რა საჭიროა იარლიყები პროპაგანდისტულ ანგარიშებზე?
  • მეტამ, გუგლმა და ტვიტერმა, კრემლის მიერ კონტროლირებად მედიებს შეზღუდვები დაუწესეს მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. მეტი
  • ამას წინ უძღოდა დამოუკიდებელი კვლევები, რამაც აჩვენა, რომ აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, კრემლისტური გავლენის კამპანიები სოციალურ ქსელებში მანიპულირებდნენ ამომრჩეველზე და მუშაობდნენ შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის კამპანიის გასაძლიერებლად.
  • "ტვიტერმა", რომელიც რებრენდინგის შემდეგ მოიხსენიება, როგორც "იქსი", პროპაგანდისტული არხების მონიშვნა 2020 წლიდან დაიწყო და ასეთი გამოცემების ანგარიშებს დაურთო წარწერა — "სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედია".
  • თუმცა, 2023 წლის აპრილში, სოციალური ქსელის ახალმა მფლობელმა, ელონ მასკმა, ასეთი გამაფრთხილებელი "იარლიყი" გააუქმა და საკუთარ თავს "სიტყვის თავისუფლების აბსოლუტისტი" უწოდა.

შესაძლოა, მარკ ზაკერბერგის ახალი პლატფორმის, "სრედსის" პოლიტიკა, არ მონიშნოს პროპაგანდისტული ანგარიშები, განპირობებული იყოს სწორედ ელონ მასკის "იქსთან" კონკურენციით,
რადგან
  • "სავარაუდოდ, ამ ეტაპზე "მეტას" პრიორიტეტია მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა და კომპანია მოზომილია შინაარსის რეგულირების ნაწილში", — თქვა გამოცემა The Wall Street Journal-თან ნილ შაჰმა, ტექნოლოგიური ბაზრის კვლევის ფირმიდან Counterpoint Research.
მისი ვარაუდით, მეტას მოუწევს, მანიპულაციურ ანგარიშებს დაურთოს შესაბამისი ნიშანი.
  • "ამის გარეშე შესაძლოა, პლატფორმა (სრედსი) "აფეთქდეს", თუ ყალბი შეტყობინებები და სიძულვილის ენა ვირუსული გახდება", — უთხრა გამოცემას ტექნოლოგიური კომპანიის ანალიტიკოსმა.

რას ამბობს მეტა?
რომ
  • კომპანია "დაჩქარებულად" დაამატებს "იარლიყს" ახალ მიკრობლოგინგის პლატფორმაზეც.

კონტექსტი:
სოციალური მედიის კრიტიკოსების ნაწილი წლებია საუბრობენ იმის შესახებ, რომ ისეთი კომპანიები, როგორიცაა Facebook და Twitter, მეტს უნდა აკეთებდნენ დეზინფორმაციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ამ მოსაზრების საპირისპიროდ, სხვები ამბობენ, რომ პლატფორმების ამგვარი მიდგომა "ცენზურის პოლიციის" ტოლფასია.

ინფოგრაფიკა: რით ჰგავს და რით განსხვავდება "სრედსი" "იქსისგან"? ნახეთ აქ


ავტორი : გიორგი გიორგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ