ქართული მედიაგარემო 2023 წელს
22.12.2023
ქართული მედიაგარემო 2023 წელს რუსეთის ომი უკრაინაში ჟურნალისტებისთვის 2023 წელსაც ერთ-ერთი მთავარი ამბავია ქართული მედიისთვის, ქვეყანაში კვლავ მწვავე პოლიტიკური პოლარიზაციაა, რაც აისახება ყველა სფეროზე, მათ შორის მედიაზეც.

2023 წელსაც არ შეცვლილა მოცემულობა და ჟურნალისტებისთვის ყოველდღიურობად რჩება საქმიანობაში ხელის შეშლა, შეურაცხმყოფელი რეპლიკები და ძალადობა.
  • 2021 წლის 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შემდეგ ჟურნალისტებზე თავდასხმები გახშირდა. ერთი მხრივ, ამის მიზეზი ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკაა, მეორე მხრივ, კი დაუსჯელობის სინდრომი.
ცვლილება კანონში და კომკომის გაფართოებული მანდატი
  • პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მე-3 მოსმენით მიიღო მაუწყებლის შესახებ კანონში სადავო ცვლილები.
  • კანონს მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, 3 წინააღმდეგი იყო.
  • ცვლილებებით გაფართოვდა კომუნიკაციების კომისიის მანდატი.
უხამსობა და სიძულვილის ენა აქამდეც აკრძალული იყო, თუმცა ახლა დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება კომუნიკაციების კომისიასთან გაასაჩივროს თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
პროექტის ავტორები ამბობენ, რომ ამ ცვლილებებით შეასრულებენ ევროკავსირის 12 რეკომენდაციიდან მე-7 პუნქტს.
საკითხზე მომუშავე ორგანიზაციები კი ამბობენ, რომ ეს ზრდის საფრთხეს სიტყვის თავისუფლების და მედიების დამოუკიდებლად საქმიანობის კუთხით.

ასევე, პარლამენტმა შეცვალა პირველი მოსმენით მიღებული და საზოგადოებრივი მაუწყებლის გაკრიტიკებული კანონპროექტი. ახალი ვერსიის მიხედვით, ტელევიზია ქვეყნის თითოეული დასაქმებულიდან 64 ლარით დაფინანსდება.
  • კანონი 2026 წლიდან ამოქმედდება და დაფინანსება დამოკიდებული იქნება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში წინა წლის დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობაზე.
მედიის აკრედიტაციის ახალი წესი პარლამენტში

2023 წლის 6 თებერვალს გამოქვეყნდა საქართველოს პარლემენტის თავმჯდომარის ბრძანება, რომელიც ამტკიცებდა ჟურნალისტთა აკრედიტაციის ახალ წესებს, მათ შორის მედიის წარმომადგენლების მოვალეობები მოიცავს:
  • პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ.
  • "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მონაცემებით, საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაცია დაყრდნობით, აკრედიტაციის ახალი წესის ამოქმედებიდან, აკრედიტაცია შეუჩერდა კრიტიკული მედიის 11 წარმომადგენელს;

კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"

7 მარტს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ "რუსული კანონი" "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი".

  • "უცხო აგენტად" სახელდებოდდა მედიასაშუალებებიც, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო "უცხოური ძალაა", ანუ საგრანტო პროექტებია.
  • 3-დღიანი სამოქალაქო პროტესტის შედეგად, ხელისუფლება იძულებული გახდა უკან გაეწვია კანონი.
  • 2 მარტს, "რუსული კანონპროექტის" განხილვისას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. პარლამენტის მიმდებარედ დააკავეს "პუბლიკას" დირექტორი ზურა ვარდიაშვილი და გამოცემა "ტაბულას" ჟურნალისტი ბექა ჯიქურიშვილი. ისინი რამდენიმე საათში ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
  • 2023 წლის აპრილში, საქალაქო სასამართლომ ორივე მათგანს 2200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
  • 8-9 მარტის საპროტესტო აქციის გაშუქებისას დაშავდნენ ჟურნალისტები და ოპერატორები.

ნიკა გვარამიას პატიმრობა და შეწყალება

2023 წლის 23 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა და ის თითქმის წელიწადნახევრიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.

სასამართლომ გვარამიას პატიმრობა 2022 წლის მიუსაჯა ნიკა გვარამიას, სამი წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა "რუსთავი 2-ის" დირექტორობისას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით.

ნიკა გვარამიას პატიმრობა გაუარესებული საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებით, მედიაგარემოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო და მოხვდა ისეთი ორგანიზაციების ანგარიშებში, როგორიცაა "Human Rights Watch" და "რეპორტიორები საზღვრების გარეშე", ასევე ევროპარლამენტის მიერ მომზადებულ რეზოლუციაში.

საერთაშორისო ორგანიზაციები

RSF - პრესის თავისუფლების ინდექსი
  • საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით 2022 წელს 89-ე ადგილზე იყო, 2023-ის მონაცემებით კი 77-ზეა.
  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, 20 მარტს გამოქვეყნებულ, ყოველწლიური ანგარიშში (2022 წლის) საუბარია გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის შეზღუდვებზე, მათ შორის, ჟურნალისტებზე ძალადობასა და მათ მიმართ მუქარაზე.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

ევროკომისიამ 8 ნოემბერს გასცა რეკომენდაცია, საქართველოს სტატუსის მინიჭებაზე, ხოლო 15 დეკემბერს საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

გარდა ამისა, კომისიამ დაასახელა 9 პირობა, რომლებიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა წევრობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს, აქედან სამი - მედიასა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ეხება.
  • პირველი პირობა: ებრძოლოს დეზინფორმაციას და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებს ევროკავშირსა და მის ღირებულებებზე.
  • მეხუთე პირობა: საპარლამენტო ზედამხედველობის შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუტების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა.
  • მეცხრე პირობა: ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება, მათ შორის, ადამიანის უფლებების ამბიციური სტრატეგიის მიღებითა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით. მოწყვლადი ჯგუფების, მედიაპროფესიონალებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ მუქარის ფაქტებზე მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიების დაწყება და ძალადობის ორგანიზატორებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვა, მათი ჩართულობის უზრუნველყოფა კანონშემოქმედებით და პოლიტიკის შემუშავების პროცესში და მათი თავისუფლად მუშაობის უზრუნველყოფა.

ავტორი : თამარ თოიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ