28.02.2015
„სპექტრი“- „კავკასიის“ სავიზიტო ბარათი 2015-02-28 რატომღაც მჯერა,
რომ ნებისმიერ ქვეყანაშია ერთი პოლიტიკოსი მაინც, რომელიც ყველას
ოპოზიციაში უდგას, არავინ და არაფერი მოსწონს და ყველას აკრიტიკებს.
მოკლედ, მჯერა, რომ ყველგან არსებობს შალვა ნათელაშვილის მსგავსი
პოლიტიკოსი და ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ყველასთვის გასაგებია, რა
თვისებებს და ხასიათის თავისებურებებს მოიაზრებს განზოგადებული სახე
„შალვა ნათელაშვილი“... ქართული მედიის „შალვა ნათელაშვილის“ წოდება
რომ არსებობდეს, მისი უალტერნატივო მფლობელი დავით აქუბარდია
იქნებოდა, რომელიც ყოველი სამუშაო დღის ბოლოს, „სპექტრის“ სტუდიიდან
თანამოაზრეებთან ერთად ესალმება მაყურებელს და ისიც მთელი საათით
ქვეყნის ბედზე, პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, მართლმსაჯულებასა თუ
სოციალიზმზე მეგობრული სჯა-ბაასის მოწმე ხდება. გულწრფელი საუბრები
ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებზე - „სპექტრს“ სატელევიზიო
სივრცეში ეს ნიშა უკავია. მიმართვის ფორმებს და ეთერში ქცევას თუ
დავაკვირდებით, დავასკვნით, რომ წამყვანი მაყურებელთან ისეა
გაშინაურებული, ხანდახან საჭიროდ არც მიიჩნევს სტუმრების წარდგენას -
რიგ შემთხვევებში მხოლოდ სახელიც საკმარისია. წამყვანი არც
მეტყველების მანერასა და ფორმას ანიჭებს მნიშვნელობას: გაუმართავი
წინადადებები, ხშირად და უმართებულოდ გამოყენებული კალკი და
ბარბარიზმები („ვიგოდნიკი“, „დვარნიაშკა“ და სხვა), გადაცემის
ძირითადი თემებისგან ხშირი გადახვევა ან სპონტანური ცვლილებები -
„სპექტრის“ „საფირმო“ მახასიათებლებია. წამყვანი ხშირად სცდება ასევე
ჟურნალისტის ამპლუას და სტუმრებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ
სამართლებრივ საკითხებზეც აძლევს რჩევებს. ასე, მაგალითად, ნინო
გვენეტაძეს „სასამართლოების დირექტორობის“ შემთხვევაში, „იუსტიციის
უმაღლესი კანტორის“ გაუქმებას და ალტერნატივის შექმნასაც სთხოვს.
(ამერიკაში სულ ასეაო, მოჰყავს არგუმენტად. თან მაყურებელს
განუმარტავს, რომ მიშამ სასამართლოს „კამასუტრა“ უყო და სისტემა
ამოიდო.)
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა უკრაინაში დანიშვნას გაკვირვებული
ეხმაურება, აქაოდა, ეს „დვარნიაშკები“ და „ვიგოდნიკები“ თუ ასეთ მაღალ
თანამდებობებზე მოსხდებოდნენ, როგორ წარმოვიდგენდიო. ამავდროულად კი
ერთ-ერთ რუსულ ტელევიზიაში მიხეილ სააკაშვილზე გაკეთებულ ტენდენციურ
გადაცემაზეა გაბრაზებული...
ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს, იუბილართან ერთად, მოსახლეობასაც
ულოცავს, შიგადაშიგ მთავრობასაც აკრიტიკებს, ჩაბმულ „ელექტრიჩკას“
უწოდებს.
ამ და სხვა უამრავი მაგალითის მოყვანა სავსებით საკმარისია იმის
დასტურად, რომ გადაცემა “სპექტრი“ ჟურნალისტურ სტანდარტს არ
ექვემდებარება: აქ ვერასდროს ნახავთ საწინააღმდეგო აზრის მქონე ორ
სტუმარს, წამყვანი არც თავად უწევს მათ ოპონირებას, მეტიც, ხშირად
სტუმარზე მეტს თავად საუბრობს ისე, თითქოს სტუმარი მხოლოდ იმისათვის
სჭირდება, სტუდიაში რომ ეულად არ იგრძნოს თავი, ტენდენციურიც არის და
ეთიკის სტანდარტებსაც არღვევს...
„კავკასია“ საინტერესოდ მოწყობილი ტელევიზიაა, სადაც, სხვა
მაუწყებლებთან შედარებით დაბალანსებული და რაფინირებული საინფორმაციო
გამოშვების ფონზე, აქუბარდიას „სპექტრი“სტანდარტიდან არის
ამოვარდნილი.
მიუხედავად ამისა, სწორედ ეს გადაცემა იქცა ტელევიზიის სავიზიტო
ბარათად.