მედიის „იერარქია“
31.03.2015
ოდესმე თუ გითქვამთ, რომ ჟურნალისტი ხართ, აუცილებლად შეგაგებებდნენ - რომელ ტელევიზიაში? საქართველოში რეპორტიორად რომ აღგიქვან, ხელში ტელევიზიის მიკროფონი უნდა გეჭიროს. იმის გამო, რომ საერთო ეროვნული მაუწყებლები საქართველოს ტერიტორიის ყველაზე დიდ ნაწილს ფარავენ, მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიღების ძირითადი წყარო სწორედ ისინი არიან. ხალხიც ცნობს პერსონებსაც და ლოგოსაც.

ლოგოიანი მიკროფონი კი ქართული ჟურნალისტიკის ყველაზე თვალსაჩინო სავიზიტო ბარათი გახდა. ეს არის ნივთი, რომლის ქონის შემთხვევაში, შეგიძლია კითხვის დასმა გააწყვეტინო კოლეგას, რომელსაც მიკროფონის ნაცვლად დიქტოფონი უჭირავს, რესპონდენტი გაიყვანო შუა პრესკონფერენციიდან, ბრიფინგის მსვლელობისას შევარდე და მიკროფონი მოხსნა ტრიბუნიდან. სატელევიზიო მიკროფონი თითოეულ მათგანს თავდაჯერებულობას მატებს და ზრდის რწმენას, რომ ის არის მნიშვნელოვანი პერსონა.

სოციალური დასწავლა ამ „კასტაში“ ყველაზე აქტიურად მუშაობს. სტაჟიორები სიუჟეტის აწყობასთან ერთად მათებურ თავდაჯერებულობასაც ადვილად ითვისებენ. ტელეჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ თუ რაიმე იერარქია არსებობს მედიაში, ისინი ყველაზე მაღალ საფეხურზე დგანან.

სამაგიეროდ საპირისპიროს ფიქრობენ კიდევ ერთი „კასტის“ წარმომადგნელები - ის ონლაინ გამოცემები, რომლებიც ყველაზე მეტად მიიჩნევიან ეთიკური სტანდარტების დამცველად. მიკროფონის ნაცვლად მათ ზურგს საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები უმაგრებს, სადაც ისინი, როგორც ეთიკური და სანდო მედიასაშუალებები, ისე არიან მოხსენიებულნი და დასკვნებსა თუ კვლევებში მათ ინფორმაციას ხშირად იყენებენ.

მიუხედავად ამისა, მათი გავლენა საზოგადეობაზე მცირეა, ვინაიდან ინტერნეტთან წვდომა, საეთერო მაუწყებლობასთან შედარებით, გაცილებით ნაკლებ მოქალაქეს აქვს. სამაგიეროდ, საკუთარ თავს მიიჩნევენ ყველაზე ეთიკურ გამოცემებად, რაც ასევე, აძლევთ უფლებას იფიქრონ, რომ ამ იერარქიაში სწორედ ისინი არიან თავში. მათ ცინიკური დამოკიდებულება აქვთ ზემოხსენებული ტელემედიის „კასტის“ მიმართ, მიიჩნევენ, რომ ისინი მხოლოდ მიკროფონის დამჭერები არიან და რეალურ ჟურნალსიტიკას არ ქმნიან.

ორივე მათგანი იცავს „კასტის“ წესს და ერთმანეთში თითქმის არ ირევიან. ჟურნალისტები მედიასაშუალებებს მხოლოდ „შიდაკასტურად“ იცვლიან.

მესამე „კასტა“ რეგიონული მედიაა, რომელმაც ვერ მოიშორა „დაჩაგრულობის“ ერთგვარი კომპლექსი. აქ მუდმივად ფიქრობენ, რომ სხვებთან შედარებთ მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა და დანარჩენი მედიასაშუალებები ვერასდროს მივლენ მათთან, რადგან სხვებს არ უწევთ იმავეს გადატანა. რეგიონებში ყველაფერთან ერთად, მცირე ბაზარია, რაც შემოსავლების ნაკლებობას განაპირობებს და თუ მათ პროდუქტში რაიმე ხარვეზია, ეს სწორედ ამ მწირი რესურების გამო ჩნდება. ფიქრობენ, რომ თუ რომელიმე ინფორმაციის წვდომაზე პრობლემა ექმნებათ, ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ადგილობრივი ჟურნალისტები არიან.

ცალკე „კასტა“ კი არა, პლანეტაა „ასავალ-დასავალი“ და მისი მსგავსი გამოცემები, რომლებიც არანაირ ეთიკურ სტანდარტებს არ აღიარებენ. მათთვის ერთადერთი განმსაზღვრელი მაღალი ტირაჟია, რაც ნამდვილად აქვთ. შესაბამისად, ფიქრობენ, რომ იმ წარმოსახვით იერარქიულ კიბეზე სწორედ ისინი არიან თავში. ამგვარი გამოცემები არ ურთიერთობენ ზემოთ ნახსენები ტიპის მედიასაშუალებებთან, ეს უკანასნელნი კი, თავის მხრივ, უღირს საქციელად მიიჩნევენ „ასავალ-დასავალის“ მსგავს გამოცემებთან რაიმე შეხების წერტილის ქონას.

პლურალიზმი კარგია. განსხვავებულების ერთად თანაარსებობა დემოკრატიის მნიშვნელოვანი მონაპოვარია. „კასტა“ სულ სხვა რამეა. საკუთარ უპირატესობად მიგაჩნია იქ მოხვდრა, სადაც ხარ და პრივილეგირებულად გრძნობ თავს სწორედ იმიტომ, რომ ამ „კასტის“ წევრი ხარ.

პლურალისტური დემოკრატიის ქვეყნებში არსებობს საერთო წერტილები, რაზეც განსხვავებულები თანხმდებიან და ერთიანდებიან, იმისთვის, რომ ცალ-ცალკე გაძლიერდნენ.

საქართველოში ეს შეხების წერტილი მედიის „კასტებმა“ ვერ იპოვეს. ყველა თავისთვის იბრძვის განვითარებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, რაც ჯერ პერსპექტივაშიც ნაკლებად ჩანს. სოლიდარობის არარსებობის პირობებში პოლიტიკური და ბიზნესგავლენებისგან თავის დაღწევა ადვილი არ აღმოჩნდა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ