იდენტიფიცირების ვნება
23.04.2015
რამდენიმე დღის წინ მედიამ საზოგადოებას ამცნო, რომ14 წლის ბიჭი, სავარაუდოდ, სუიციდის მიზნით, მე-8 სართულიდან გადმოხტა. მამამ კი თავი მოიკლა.

ბიჭი შესაძლოა გადარჩეს, თუმცა, ამ დროისთვის უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ქართულ მედიას ვერ გადაურჩა. ტრაგედიის ხარჯზე ქართულმა ტელეარხებმა, ალბათ, ამჯერადაც აწიეს რეიტინგი, რასაც კაცმა არ იცის, კიდევ რამდენი მცირე თუ დიდი ტრაგედია მოჰყვება. უკვე ყველას შეუძლია გაიგოს, ვინ იყო არასრულწლოვანი, რომელიც “მე-8 სართულიდან გადმოხტა და რომლის მამამაც თავი მოიკლა”.

ამბის გაშუქებისას ქართული ტელემედია ისეთი ჰომოგენური და თან ერთსულოვანი აღმოჩნდა, როგორც არასდროს. ჟურნალისტები ერთმანეთს ასწრებდნენ იმ კორპუსისა და აივნის კადრების ჩვენებას, საიდანაც არასრულწლოვანი გადახტა. მანამდე კი, რა თქმა უნდა, გვითხრეს, თბილისის რომელი უბნის, რომელი მიკრორაიონის, რომელ კორპუსში მოხდა შემთხვევა.

მეზობლების კომენტარების გარეშეც როგორ იქნებოდა... იქვე მდგომ ხალათიან ქალს ხომ უნდა ათქმევინო, რომ ოჯახი, სადაც ტრაგედია დატრიალდა, სამაგალითო იყო და ერთი ხმამაღალი სიტყვაც არ გაუგიათ მათი სახლიდან გამოსული. ჭაღარაშერეულმა კაცებმაც ხომ უნდა თქვან, როგორ თამაშობდა ეს ბავშვი ფეხბურთს, რა ეცვა, როგორ სუნთქავდა...

პირველი არხი და „იმედი“ ლოკაციისა და მეზობლების ჩვენებას დასჯერდა. „რუსთავი 2-მა” კი თავისი სიყმაწვილის მავნე ჩვევა გაიხსენა, კიდევ უფრო შეეცადა და დუღილის ტემპერატურას მოუმატა -არასრულწლოვნის და ჩაწერა. რამხელა ექსკლუზივია?! გოგო, რომლის მამამაც რამდენიმე საათის წინ თავი მოიკლა და რომლის ძმამაც თავის მოკვლა სცადა...ტირილით დასიებულ თვალებს მაინც სულ სხვა რეიტინგის დადება შეუძლია. „მაესტროც“ „მოწოდების სიმაღლეზე“ აღმოჩნდა და პირდაპირ ეთერში გამოაცხადა ტრაგედიის ადგილი, აჩვენა კორპუსი, ცხვირწინ უტრიალა მიკროფონი ნამტირალევ და მგლოვიარე დას.

ჩვენი ტელევიზიები ისეთი „დიდსულოვნები“ აღმოჩნდნენ, რომ მსხვერპლის „იდენტიფიცირება არ მოახდინეს“.

ავრცელებ ინფორმაციას სად, რა მისამართზე ცხოვრობს ბიჭი, აჩვენებ მის სახლს, კომენტარს ართმევ მის დას, წერ მისი ოჯახის წევრის გვარს, მისი მეზობლების ვინაობას, მაგრამ რაც მთავარია, არ ამბობ არასრულწლოვნის სახელსა და გვარს - როგორი ამბავია, ხომ არის „იდენტიფიცირების“ ცნების სრული დეკონსტრუქცია?

რომ არაფერი ვთქვათ სუიციდთან დაკავშირებული ამბის სენსაციურ ჭრილში გაშუქებისგან გამომავალ სხვადასხვა ბოროტებაზე, „ვერტერის სინდრომის“ საფრთხეზე, რომლის დროსაც შესაძლოა ერთი ადამიანის სუიციდს თვითმკვლელობების მთელი კასკადი მოჰყვეს, უმარტივესი რამე ვერ ვისწავლეთ ამდენი ხნის განმავლობაში - იდენტიფიცირება მხოლოდ სახელისა და გვარის თქმა ან სახის ჩვენება არ არის. ამდენი ხნის განმავლობაში ვერ გავიაზრეთ, რომ მაიდენტიფიცირებელი ნიშნების არგამჟღავნებით არაფერი უშავდება მაყურებელს, მაგრამ გამჟღავნებით შესაძლოა კიდევ უფრო მეტი ზიანი მიადგეს ადამიანს, რომელიც ისედაც ტრაგედიის მსხვერპლია.

ან კიდევ უარესი, თუ ეს ყველაფერი გააზრებული გვაქვს, მაგრამ მაინც იმავეს ვაკეთებთ - უბრალოდ ვიმეტებთ ადამიანებს.

ხანდახან შემაწუხებელიც კი ხდება ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებებისთვის ამდენი ჩიჩინი. მაგრამ ყოველი ფეხის ნაბიჯზე იძულებულები ვართ, საკუთარ თავებს შევახსენოთ, რომ ჟურნალისტობას დიქტოფონი და მიკროფონი კი არ აქცევს განსაკუთრებულ პროფესიად, არამედ პასუხისმგებლობა, რომელიც მათი ხელში აღებისთანავე გვეკისრება.

პასუხისმგებლობის გასააზრებლად არ არის აუცილებელი, რომ ჩვენთანაც იგივე მოხდეს, რაც უელსის სამხრეთით, ქალაქ ბრიჯენდში. აქ, 2007-2009 წლებში, დაახლოებით 25-მა ახალგაზრდამ მოიკლა თავი. ვერავინ გაიგო, რა გახდა ამ დრამატული პროცესების მიზეზი, მაგრამ მედიამ ისეთი ცხოველი ენთუზიაზმით აიტაცა სუიციდთან დაკავშირებული ამბების გაშუქება, რომ მალე გარდაცვლილთა მშობლებიდან მოყოლებული გამომძიებლებით დასრულებული ყველა ერთ დასკვნამდე მივიდა - მედია თავად იქცა პრობლემად პრობლემის გაშუქებისას.

მასალა მომზადებულია UNICEF- ის მიერ დაფინანსებული პროექტისთვის "ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება მედიაში".
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ