არის თუ არა ბოროტება მსხვერპლის იდენტიფიცირება?
17.04.2015
„რა უფრო დიდი ბოროტებაა, მოძალადე დადიოდეს თავისუფლად და ყოველი ჩვენგანის შვილს საფრთხე ემუქრებოდეს, თუ ის, რომ მშობელი გამოვაჩინეთ და ამით ბავშვის იდენტიფიცირება მოხდა?!“

ეს შეკითხვა არ არის! ეს გახლავთ სატელევიზიო შოუს პროდიუსერის პასუხი სამოქალაქო სექტორის მხრიდან გამოხატულ პროტესტზე, როცა წამყვანმა გია ჯაჯანიძემ თავის საავტორო გადაცემაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გოგონას დედა მიიწვია და ეს შემზარავი ფაქტი, საკმაოდ პიკანტურ დეტალებზე მინიშნებით, მაყურებლის წინაშე გააშიშვლა. სამწუხაროდ, ამ შოუს მთავარი გმირის, 5 წლის გოგონას, იდენტიფიცირება მოხდა...შოუ შედგა.

არის თუ არა ბოროტება მსხვერპლის იდენტიფიცირება?

სექსუალური ძალადობა ბავშვში ყველაზე მძიმე ტრავმას იწვევს. რთულია ის ახსნა რაიმე სახის ტერმინებით, ან მოაქციო ერთ კონკრეტულ დეფინიციაში. მსოფლიოში ცნობილი კლინიცისტი და მკვლევარი Bessel A. van der Kolk ასე აღწერს სექსუალური ძალადობით გამოწვეული ტრავმის ბუნებას: „ამ სახის ტრავმას ამბივალენტური ბუნება აქვს. მოვლენა ბავშვისთვის დამაბნეველია, რადგან მან არ იცის ვისი ბრალია რაც მოხდა. რატომ მოხდა ეს მის ცხოვრებაში - იმიტომ, რომ ის განსაკუთრებული და კარგია, თუ იმიტომ, რომ საზიზღარი და ცუდია. ეს სიყვარულის გამო მოხდა თუ იმიტომ, რომ ის არ უყვართ? ის ხშირად ვერ ხვდება სწორად ასრულებს თუ არა როლს, რომელსაც მოძალადე თავს ახვევს - ანიჭებს თუ არა ის კმაყოფილებას მოძალადეს და ამით კარგად იქცევა თუ ცუდად? “

ერთი წამით დავფიქრდეთ, რა ზეგავლენას ახდენს ძალადობის ფაქტი ბავშვის დამოკიდებულებაზე საკუთარი თავის, პიროვნების, სხეულის, ახლობელი ადამიანების, ზოგადად, სამყაროს მიმართ? ვის შეიძლება ენდოს ის სამომავლოდ, თუკი ადამიანი, რომელიც მასზე სასტიკად ძალადობს, მისი ახლობელია, ზოგჯერ - ოჯახის წევრი, ნათესავი ან მეზობელი?

უფრო ნათლად რომ შევძლოთ იმის გააზრება, თუ რას გრძნობს და როგორ ცხოვრობს ბავშვი ამ გამოცდილებით, ერთი შემთხვევა განვიხილოთ:

9 წლის ანა ტრავმული მოვლენის შემდეგ (სახელი და ასაკი შეცვლილია): ხანშიშესული მამაკაცების დანახვიასას ეწყება პანიკური შეტევა, იყენებს თვითდაზიანებებს - ისერავს მუცელს, მუდამ აჟიტირებულია, უჭირს დაძინება, ღამით ხედავს კოშმარულს სიზმრებს, რომლებიც განმეორებადია, იღვიძებს ტირილით და ვერ მშვიდდება, აქვს ამოჩემებული ტრავმული თამაში - გამუდმებით ხდის და აცმევს თოჯინებს, ეწევა მასტურბაციას სახალხოდ (მაგალითად, სკოლაში თანაკლასელების დასანახად), სკოლაში მიჩნეულია, როგორც „პრობლემური ბავშვი“, თანაკლასელთა მშობლები და მასწავლებლები ითხოვენ მის სკოლიდან გარიცხვას, თანატოლები გაურბიან მასთან ურთიერთობას. გოგონა ამბობს, რომ მასში „ორი ანაა“, ერთი „კარგი“, მეორე „ცუდი“, რომელსაც ვერ აკონტროლებს, ვერ უმკლავდება, ამბობს, რომ „მეორე ანა“ სადღაც სხვაგან ცხოვრობს, მაგრამ ზოგჯერ მოდის და არ „აცდის“ თამაშს, მეცადინეობას, ძილს. ამბობს, რომ არ უყვარს ეს ანა, მაგრამ თავიდან ვერ იშორებს. (ფსიქოლოგიაში ამგვარ მდგომარეობას დისოციაციურ „დანაწევრებას“ უწოდებენ, რაც ერთგვარი დაცვითი მექანიზმია, მართალია, ბავშვი ერთი ინდივიდია, მაგრამ განიცდის საკუთარი თავის რამდენიმე ნაწილს, რითიც თითქოს ცდილობს გარეთ გაიტანოს, სხვა ადგილი მიუჩინოს „მეს“ იმ ნაწილს, რომელსაც ტრავმული მოგონებები, განცდები და ქცევები აქვს, თუმცა ეს შეუძლებელია, რადგან მიუხედავად ასეთი სეპარაციისა, მოგონებები მის ცნობიერებაში სპონტანურად იჭრებიან).

ახლა წარმოვიდგინოთ, როგორი მოწყვლადია ბავშვი ასეთი მძიმე გამოცდილებითა და სიმპტომატიკით და როგორ შეიძლება გამწვავდეს მისი მდგომარეობა, როცა მის შესახებ ყველამ იცის - მასზე ხომ აუცილებლად იჭორავებენ, დასცინებენ, თანატოლთა მშობლები შვილებს გააფრთხილებენ, რომ მის გვერდით არ გაიარონ, შიშით, რომ ის „გარყვნის“ მათ, საზოგადოება კი დაუნდობლად სწორედ მას - მსხვერპლს - დაადანაშაულებს უფროსის, მოძალადის ცდუნებაში.

თუ კი ანას ამბავი ყველამ იცის, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ის ვერასოდეს ჩამოიშორებს „ცუდ ანას“, რომელიც აჩრდილივით თან გაჰყვება მთელი ცხოვრება. გამოდის, რომ იდენტიფიცირებით ჩვენ მას ვართმევთ შანსს, ოდესმე მაინც გათავისუფლდეს მტანჯველი მოგონებებისგან და იარლიყისგან.

გამოდის, რომ იდენტიფიცირებით ჩვენ ბავშვებს გამოუსწორებელ ზიანს ვაყენებთ.

რაც შეეხება საფრთხეს, რომელიც, როგორც გადაცემის პროდუსერი ამბობს, შესაძლოა „ყოველი ჩვენგანის შვილებს“ ემუქრებოდეს - მედიას ხომ ბევრი სხვა საშუალება და ბერკეტი აქვს იმისთვის, რომ კეთილი საქმეები მძიმე მსხვერპლშეწირვის გარეშე აკეთოს?! ბავშვის ასეთი ტრაგიკული ისტორიითა და მისი სასოწარკვეთილი დედის ემოციური მდგომარეობით სარგებლობა და შოუს დრამატურგიაში ჩართვა არა თუ არაეთიკურია, არამედ, ჩემი აზრით, დანაშაულია, მით უმეტეს, შოუს წამყვანისგან, რომელიც საკუთარ თავს ფსიქოლოგს უწოდებს.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ