07.05.2015
სახალხო მეხსიერება, რომელიც სოციალური იდენტობის აგრესიული განმსაზღვრელია, უმეტესწილად სიმბოლოებით საზრდოობს. მოგონებათა საერთო სკივრი ძირითადად მედიის მიერ შექმნილი სტერეოტიპებით, ვიზუალური ხატებითა და სიტყვიერი მეტაფორებითაა სავსე. მაგალითად, 9/11-ის ტერორისტულ აქტზე საუბრისას უმეტესობას მსოფლიო სავაჭრო ცენტრი ახსენდება. პენტაგონის შენობას კი, რომელიც ასევე თვითმფრინავის შეჯახების შედეგად დაზარალდა, ცოტა თუ ასახელებს. როგორც იმ პერიოდის მედიის კონტენტ-ანალიზმა დაადასტურა, ამერიკული პრესა თუ ტელევიზია ძირითადად სწორედ სავაჭრო ცენტრის ცეცხლმოკიდებულ შენობებს აჩვენებდა, რაც იქცა კიდეც იმ დღისა და ტერორიზმთან ბრძოლის სიმბოლოდ. მოგვიანებით „ნიუ-იორკ ტაიმისის“ ჟურნალისტი ტომას ფრიდმანი მსოფლიო სავაჭრო ცენტრს „სამოქალაქო რელიგიის ტაძარს“ უწოდებს, სადაც 90-მდე ეროვნების ადამიანი საკუთარ და ქვეყნის მომავალს ქმნიდა. ბუნებრივია, მეხსიერებაში შემორჩენილი ამბები, სიმბოლური კადრები თუ ხატოვანი ფრაზები ტყუილად არ უკავშირდება ერთმანეთს. მოვლენათა ლოგიკური ჯაჭვი ახალ სადისკუსიო თემებს ბადებს და ხედვის განსხვავებულ რაკურსს გთავაზობს.
საცხრამაისოდ სამ ძველ ამბავს გიამბობთ, სამივეს წყარო ქართული მედიაა. დაახლოებით ათი წლის წინ ერთ-ერთ არხზე (მეხსიერებაში „რუსთავი 2-ის“ ლოგოთი შემომრჩა) ჟურნალისტის მიერ მომზადებულ სიუჟეტში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი 60 წლის წინანდელ ამბავს იხსენებდა. სიუჟეტის დრამატურგია სტანდარტული გახლდათ: ჭავჭავაძის გამზირიდან გადაღებული ვაკის პარკის გაშლილი ხედი, პოლიტიკოსების მარში უცნობი ჯარისკაცის საფლავისკენ, გვირგვინებისთვის ბაფთის გასწორება და ინტერვიუები პოლიტიკურ ლიდერებთან და ომის ვეტერანებთან. ამ სტანდარტულ სიუჟეტში კი სრულიად მოულოდნელად გამოკრთა ერთი მომნუსხველი ამბავი: ქალბატონს, რომელიც ომის დროს მედდად მუშაობდა, სასიკვდილოდ დაჭრილმა ჯარისკაცმა სთხოვა - ქალისთვის არასოდეს მიკოცნია, ისე არ მინდა მოვკვდე და, თუ შეძლებ, მაკოცეო. „და მე ვკოცნიდი და ისე კვდებოდა“, - უცრემლოდ და ღიმილით იხსენებდა მოხუცი ქალბატონი ძველ ამბავს და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ყოველ 9 მაისს მე სწორედ ოც წამში ჩატეული რომანი გამახსენდებოდა და არაერთხელ გავიფიქრებდი - შესაძლოა ასეთი დიდებული წამებისთვის ხდება კიდეც დიდი ომები. პოეტურად ჟღერს? სულაც არა, მსგავს პასაჟებს იშვიათად თუ შეხვდებით ისტორიულ ნარკვევებში. ეს სწორედ მედია მემატიანეების მოსაყოლი ამბებია. ასევე, ცხადად მახსოვს კიდევ უფრო ძველი სტატია გაზეთიდან „ქართული კულტურა“, სადაც საცხრამაისოდ ჟურნალისტი მხოლოდ იმას ჰყვებოდა, ომის ქარცეცხლიანი დღეები როგორ დამწკრივდა კადრებად, ნოტებად, ფერებად და როგორ შეიქმნა კინოს, მუსიკის თუ მხატვრობის შედევრები მეორე მსოფლიო ომის თემაზე. მესამე ამბავი გიორგი გოგუას ფოტორეპორტაჟი გახლავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემისთვის „რეალური სივრცე“, რომელიც, მართალია, საცხრამაისოდ არ მომზადებულა, მაგრამ გაზაფხულის ბოლო თვეს სწორედ თბილისის ომის ვეტერანთა ჰოსპიტლის დამთრგუნველი კადრები ამომიტივტივდა. მედიაში მოსმენილი, წაკითხული და ნანახი ამბები ერთი მარტივი მიზეზის გამო ჩამრჩა მეხსიერებაში, სამივეში იყო რაღაც განსხვავებული, სიმბოლური და შთამბეჭდავი. დიახ, ადამიანების მეხსიერება შერჩევითია, თქვენ შესაძლოა სულ სხვა ამბები გაგახსენდეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მოგონებათა საერთო სკივრში მეორე მსოფლიო ომის ამბები ჯერ კიდევ ცოცხალია. ომები ასე ადვილად არ მთავრდება: გერმანიაში დღეს ოსვენციმის ბანაკის დაცვის ყოფილ წევრს ასამართლებენ, ხოლო ჰოლოკოსტის თემაზე გადაღებული პოლონური ფილმი „იდა“ „ოსკარს“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის იღებს.
ქართული მედია კი ამ დროს მნიშვნელოვან თემებს უგულებელყოფს: მაგალითად, როგორ არ მოუგია ომი მხოლოდ რუსეთს (ამ რაკურსით გაშუქება, თავის მხრივ, სტალინიზმსაც დაუკარგავდა სიმკვეთრეს); ან თუნდაც, მეორე მსოფლიო ომის წიაღში აღმოცენებულმა შეუწყნარებლობამ, რასიზმმა და ქსენოფობიამ, რომელიც 9 მაისს არ დამარცხებულა, რამდენად განსაზღვრა თანამედროვე კონფლიქტების ბუნება; ჯერ კიდევ საკვლევია საოჯახო არქივები და ზეპირი ისტორიები, თუნდაც ჭრელკაბიანი ქვრივებისა, რომელთაც არასოდეს მიუღიათ ცნობა ქმრის დაკარგვისა თუ გარდაცვალების შესახებ და ღრმა მოხუცებულობამდე გაუტეხელი ნებისყოფითა და მოლოდინით იცხოვრეს.
ომის გაშუქებამ, ისევე როგორც თავად ომებმა, ფორმა და შინაარსი იცვალა. პირველი მსოფლიო ომის დროს ფრონტზე საერთოდ არ შეუშვეს ფოტორეპორტიორები, მეორე მსოფლიო ომის დროს დაბეჭდვამდე ცენზურას გადიოდა ყველა მასალა, ვიეტნამის დროს მედია უკვე რეგულარულად სთავაზობდა მკითხველს დახოცილი და დაჭრილი ჯარსიკაცების ფოტოებს. ბოლო ათწლეულში კი ომები პირდაპირ ეთერში იწყება... თუმცა, ომის გაშუქებაზე არანაკლებ დიდი გამოწვევა მშვიდობის დროს ომის ამბების განსხვავებულად მოყოლაა: ანალიზი, შეჯამება, ნამდვილი გმირების ისტორიებისა და სიმართლის ახალი შრეების მოძიება. რაც უფრო მეტი დრო გაშორებს ისტორიულ თარიღთან, მით უფრო რთულდება ორიგინალური თემებისა და რაკურსის მოძიება. მედიაც ხშირად ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ნებდება მუდმივ გამოწვევას და გაშუქების სტანდარტულ სქემებს სჯერდება. შედეგად კი კალენდარზე წითლად მონიშნულ დღეებში ადამიანები ტელევიზორს და შინმოუსვლელ გაზეთს სულ უფრო და უფრო ნაკლებ დროს უთმობენ.
არ ვიცი, წელს რას გვიამბობს მედია, მაგრამ 9 მაისს მე ჩემსას კიდევ ერთხელ გავიხსენებ და მოვყვები. მოვყვები იმაზე, რომ მხოლოდ ჩემი ოჯახიდან სამი ბიჭი აღარ დაბრუნებულა მეორე მსოფლიო ომიდან. ის ომი კი არც 1941 წლის 22 ივნისს დაწყებულა და არც 1945 წლის 9 მაისს დამთავრებულა. იქნებ სულაც ამით უნდა დამეწყო.