10.06.2015
სამეურვეო საბჭოს წევრებმა, ძალიან დიდი ვნებათაღელვისა და დისკუსიების პირობებში შერჩეულმა ფავორიტებმა(ამაზე ოდნავ მოგვიანებით), საჯარო განხილვისათვის წარმოადგინეს საბჭოს საქმიანობის ყველაზე ხელ(და თვალ)შესახები ნაწილი - სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2015-2016 წლების პროგრამული პრიორიტეტების პროექტი.
29 მაისამდე ყველას ჰქონდა უფლება, დოკუმენტის თაობაზე შენიშვნები და მოსაზრებები წერილობით წარედგინა, მაგრამ მე ამ შესაძლებლობით არ მისარგებლია. პროცესისაგან ასე გამიჯვნის მიზეზი ინერტულობა ან ინდიფერენტულობა არ ყოფილა. ვაღიარებ - გამოქვეყნებისთანავე გადმოვწერე მასალა, გადავამოწმე ყველა გასული წლის პრიორიტეტი, გავიხსენე ჩემი ჩანაწერები საზოგადოებრივ მაუწყებელთან პროფესიულ კვეთაში რომ დამრჩა, რამდენჯერმე დავწერე და წავშალე მოსაზრებები... მაგრამ მაინც ჩავთვალე, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღება ჩემი, როგორც მოქმედი სამეურვეო საბჭოს შერჩევაში მონაწილე პირის, პოზიციების ძალიან ღია ფორმატში გადმოტანა იქნებოდა. თავს ვერ ავარიდებდი სუბიექტურ დამოკიდებულებებს მნიშვნელოვან პროცესებში მონაწილეობით რომ ჩნდება ხოლმე (ჩემს შემთხვევაში ეს იყო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებებზე მუშაობა კოალიცია „მედია ადვოკატირებისათვის“ ფარგლებში და სამეურვეო საბჭოს წევრების შერჩევაში ორჯერ მონაწილეობა) და რომ ეს ყველაფერი „რაღაც“ შინაგან უხერხულობას მიქმნიდა (შესაძლოა არასწორადაც). ამიტომ ასეთ პროფესიულ თუ ემოციურ ქარცეცხლში გატარებული მოსაზრებები რამდენიმე მეგობართან იდეის გაცვლის დონეზე დავტოვე მხოლოდ.
მაინც რატომ არის საზოგადოებრივი მაუწყებელი ასე მნიშვნელოვანი? გახსოვთ, ჩვენ ყველა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ინფორმაციულად მხოლოდ ერთი ქართული ტელევიზიით ვიკვებებოდით, რაც საკუთარი ინფორმირებულობის მიმართ ხშირად საფუძვლიან ეჭვს გვიჩენდა, - ეს ტენდენცია ახლახან შეიცვალა - ევროსაბჭოში გაწევრიანების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, რომ ერთი წლის განმავლობაში განახორციელებდა საკანონმდებლო ცვლილებებს ქვეყანაში მედიის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ბევრ მნიშვნელოვან რეგულაციასთან ერთად უნდა შექმნილიყო ახალი საკანონმდებლო ჩარჩო 1956 წლიდან სახელმწიფო ტელევიზიის სტატუსის მქონე მაუწყებლისათვისაც. მცდელობის მიუხედავად, ვალდებულების შესრულება შევარდნაძის მთავრობამ ვერ შეძლო. თუმცა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ - 2003 წლის ბოლოდან საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის საზოგადოებრივ მაუწყებლობად გარდაქმნის პროცესს. ამ პროცესის მონიტორინგისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე პრეზიდენტმა სააკაშვილმა შექმნა საზოგადოებრივი მონიტორინგის დროებითი კომისია, რომლის ძირითად ფუნქციადაც საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ხელმძღვანელობისათვის საზოგადოებრივ მაუწყებლობად გარდაქმნის საკითხში რეკომენდაციების გაწევა და საკანონმდებლო პროცესში მონაწილეობა იყო განსაზღვრული.
2004 წელს ქართულ რეალობაში გაჩნდა ძალიან საჭირო ჩანაწერიც - პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების საზოგადოებისათვის მიწოდების მიზნით დაფუძნდა ერთი საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია და არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას. მაუწყებლის საქმიანობის მნიშვნელოვანი საკითხები განისაზღვრა „მაუწყებლობლობის შესახებ“ საქართველოს კანონით. 2006 წლიდან, BBC- ის სტანდარტების გაზიარებით, შეიქმნა კიდევ ერთი პროგრესული დოკუმენტი - საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსი.
დღეს ინფორმაციის მიღების საკმაოდ მრავალფეროვანი რესურსები არსებობს, თუმცა საზოგადოებრივი არხები ისევ რჩება თანამედროვე სახელმწიფოების ინტერესის საგნად. საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ძირითადი წყარო ისევ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტია. საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ოდენობა საქართველოს სახელმწიფოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ია. ამდენად, დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის თითოეული თანამშრომელი ფინანსდება, რადგან მათი საქმიანობა საჭირო და პრიორიტეტულია ქვეყანაში. ამ დიდი მოლოდინით კი რეალურად ჩვენ უარს ვამბობთ სოციალური თუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სხვა პროექტების დაფინანსებაზე. ასეთ ხაზგასმას საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ინფორმაციის მიღებისა და სათანადოდ დამუშავების აუცილებლობის გამო ვაკეთებთ ჯერ კიდევ.
ამ უდიდესი სამოქალაქო, სამართლებრივი თუ მატერიალური მხარდაჭერის მიუხედავად, 2004 წლიდან დღემდე საზოგადოებრივი ტელევიზია არაერთხელ იქცა საზოგადოების კრიტიკის საგნად. უმეტეს შემთხვევაში უარყოფითად ფასდებოდა ის, რომ მაუწყებელი სრულყოფილად ვერ ასახავდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მუდმივად იყო ეჭვქვეშ დაყენებული მისი ხელმძღვანელების და სამეურვეო საბჭოს წევრების პოლიტიკური დამოუკიდებლობა (ვიტყოდი ხან საფუძვლიანად, ხანაც უსაფუძვლოდ-მეთქი).
2013 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური დამოუკიდებლობის ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის მიზნით საპარლამენტო უმრავლესობამ („კოალიცია-ქართული ოცნება“) ინიცირება გაუკეთა სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებას და მიიღო ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების ახალ წესს, აჭარის სახელმწიფო ტელევიზიის საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნას, სავალდებულო ტრანზიტის ე.წ. “MUST CARRY”-ისა და “MUST OFFER”-ის დაკანონებას და ტელევიზიების მეტი ფინანსური გამჭირვალობის უზრუნველყოფას შეეხებოდა. განახლებული რეგულაციებით შეიცვალა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესი და მისი შემადგენლობა არსებული 15-დან 9 წევრამდე შემცირდა.
ძალიან მალე ახალი წესით დაკომპლექტდა სამეურვეო საბჭო. თუმცა იგი დღეისათვის ნაცვლად 9 წევრისა მხოლოდ 7 მეურვის შემადგენლობით ფუნქციონირებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტებაში ჩართული იყო ახალი რგოლი - საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილი საზოგადოებრივი კომისია. კომისიის მეშვეობით შესაძლებელი გახდა მეურვეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის პირდაპირი ეთერის მეშვეობით გაცნობა. მეურვეობის კანდიდატთა შერჩევის პირველივე ეტაპს ამერიკის საელჩო სპეციალური განცხადებითაც გამოეხმაურა, ”ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ყურადღებით ადევნებს თვალყურს პარლამენტის ძალისხმევას დაასახელოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებელი სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატები. ეს პროცესი უმნიშვნელოვანესია პრესის თავისუფლებისა და ინფორმირებული საჯარო დებატებისთის. ჩვენ მივესალმებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და საქართველოს პარლამენტს ჯანსაღი და გამჭვირვალე პროცესის მხარდაჭერისთვის, რაც ხელს შეუწყობს ახალი დამოუკიდებელი და პროფესიული სამეურვეო საბჭოს შექმნას.”- აღნიშნული იყო ყველასათვის ძალიან სიმპტომურ დოკუმენტში.
მაღალი მოლოდინების მიუხედავად, პირველ ჯერზე საზოგადოებრივი კომისიის მიერ წარდგენილი სიიდან უფლებამოსილმა სუბიექტებმა - პოლიტიკურმა ძალებმა სათანადო ოდენობის კანდიდატების შერჩევა ვერ მოახერხეს. ზემოაღნიშნული საზოგადოებრივი კომისია კი ორჯერ დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა შერჩევის პროცესის უზრუნველსაყოფად.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შერჩევის პროცესის გაჭიანურებამ კიდევ უფრო მეტი კითხვა და დისკუსია წარმოშვა. მეურვეების შერჩევის საკითხმა და მოქმედმა პირებმა საქალაქო და საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზებშიც კი გადაინაცვლეს. ნათელია, რომ ყველა ეს პროცესი (მათ შორის პოლიტიკური ინტერესების ლუსტრაციაც) ემსახურებოდა მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის საჭიროების ხაზგასმას.
ეს ფაქტები უფრო ნათლად გვაჯერებს, რომ დღეს ჩვენ მნიშვნელოვანი პროცესის მონაწილეები ვართ. ახლა როგორმე უნდა გადაწყდეს, რა და როგორ უნდა გაკეთდეს 2015 და 2016 წლებში საზოგადოებრივი არხების მეშვეობით, შეფასდეს, რამდენად ეფექტიანი იყო წინა პერიოდის პრიორიტეტების შესრულება, იყო თუ არა საკმარისი საგამოძიებო ჟურნალისტების მიერ შემოთავაზებული ფორმატი, რა სიახლეები შეიძლება დაიგეგმოს გაციფრულების შემდეგ საზოგადოებრივ არხებზე, რას ავალდებულებენ მეურვეები საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციას და ა.შ. პრიორიტეტების დამტკიცებამდე მეურვეები ვალდებულები არიან იფიქრონ - რა არის ქართული საზოგადოებისათვის საჭირო/მოთხოვნადი. მათ უწევთ გადახედონ ასევე დანიშვნიდან დღემდე გადადგმულ ნაბიჯებს და მიღწევებს.
მიმდინარე პროცესი ერთგვარად განსაკუთრებული იმიტომაცაა, რომ მეურვეები ახალ ფორმატში მუშაობენ - ცვლილებები განიცადა სამეურვეო საბჭოს პასუხისმგებლობის საფუძვლებმაც. განსხვავებით წინა წლებში მოქმედი რეგულაციებისაგან, დღეს საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, თუ არ შესრულდა სამეურვეო საბჭოს მიერ ამ კანონის საფუძველზე და მის მოთხოვნათა გათვალისწინებით განსაზღვრული პროგრამული პრიორიტეტები და საბჭომ არ განახორციელა ქმედითი ღონისძიებები მათ შესასრულებლად (წყარო: “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი მუხლი 27, პუნქტი 7, „ა“ ქვეპუნქტი).
ნათელია, რომ კანონის მითითებული ჩანაწერი და დასამტკიცებელი პრიორიტეტები ერთმანეთთან ორგანულ კავშირშია. ახალი სამეურვეო საბჭო ახალი გამოწვევის წინაშე დგას, ამიტომაც წინა პრაქტიკა ნაკლებად გამოსადეგი ჩანს დღეს. სასურველია, სამეურვეო საბჭომ დოკუმენტის დამტკიცებისას მაღალი პასუხისმგებლობით და სიფრთხილით დაადგინოს თითოეული პრიორიტეტი. ამავე დოკუმენტში ზუსტად წარმოიდგინოს მათი შესრულების გაზომვის ინდიკატორები. ეს უნდა იყოს სტაბილური და საიმედო შესაძლებლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის და მით უფრო სამეურვეო საბჭოს ფუნქციონირების მყარი დასაბუთებისა და ერთგვარი გამართლებისთვის მრავალფეროვან ციფრულ პერიოდში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მდგრადობა და განვითარების პერსპექტივების უკეთესად წარმოდგენა ახლა ყველაზე დიდი სურვილია.