როცა წესები უნდა დაირღვეს
25.06.2015
სტენლი ფორმანის ფოტომ, რომლის გამოქვეყნების გადაწყვეტილება, თანაც პირველ გვერდზე, არაერთი გაზეთის, მათ შორის Associated Press –ის რედაქტორმა მიიღო, ათასობით მკითხველისა და მედიაკრიტიკოსის აღშფოთება გამოიწვია. ფოტო ბოსტონში 1975 წლის 22 ივლისს მომხდარი ხანძრის დროსაა გადაღებული და ასახავს, როგორ ჩამოენგრა სახანძრო კიბე ახალგაზრდა, 19 წლის დედას და მის 2 წლის ბავშვს. შედეგად ქალი ადგილზე დაიღუპა, ბავშვი კი გადარჩა.

მოგვიანებით რედაქტორები იხსენებდნენ, რომ ამ ფოტოსა და მასზე ასახული მსხვერპლის პირადი ცხოვრების დეტალების გამოქვეყნების გამო მკითხველებმა გამოცემები გააკრიტიკეს და უკმაყოფილება გამოხატეს, ისინი მათ ეთიკის დარღვევაში ადანაშაულებდნენ.

გარდა კრიტიკისა, ფოტომ სტენლი ფორმანს პულიცერის პრემია მოუტანა, ბოსტონსა და მთლიანად შტატებს კი სახანძო უსაფრთხოების წესების შეცვლა - გაუმჯობესება.

2007 წლის 1 აგვისტოს მინესოტაში, პიკის საათში, მოულოდნელად ჩაინგრა ხიდი, რომელზეც ასობით ავტომობილი გადაადგილდებოდა. მინესოტას ხიდის კოლაფსს 13 ადამიანი ემსხვერპლა, 150-მდე კი მძიმედ დაშავდა. რამდენიმე დღის განმავლობაში თემა ადგილობრივი მედიის ყველაზე აქტუალურ საკითხად რჩებოდა, მოგვიანებით, ცხადია, მას სხვა უფრო აქტუალური თემები ჩაენაცვლა.

თუმცა StarTribune –მა განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო და მინესოტას ხიდის ნგრევას სპეციალური ონლაინპროექტი - ,,აგვისტოს 13 წამი” მიუძღვნა. ეს არის მინესოტას ხიდის ნგრევის მსხვერპლთა ერთგვარი ონლაინმემორიალი. რამდენიმეწამიან მულტიმედიას, რომელშიც 911-ში განხორციელებული ზარები და მსხვერპლთა ხმები ისმის, მოსდევს ინფოგრაფიკა, ვირტუალური რუკა, რომელზეც კატასტორფაში მოხვედრილი ყველა მანქანაა დატანილი, მგზავრთა დეტალური, მათ შორის პირადი ცხოვრების ისტორიებით.

ეს ონლაინმემორიალი დღემდე არ აძლევს საშუალებას მინესოტას შტატს, დავიწყებას მიეცეს 2007 წლის ტრაგედია, როცა ხიდის მშენებლობისას დაშვებულმა შეცდომებმა კატასტროფა გამოიწვია. ახალი ხიდი ძველის ადგილას შტატში ერთ წელიწადში ააგეს, მეტი დაკვირვებით, ყველა დეტალის გათვლისა და დაზუსტების შემდეგ.

თვეზე მეტი გავიდა, რაც ქობულეთში სასტუმრო არმაზში გაჩენილ ხანძარს საშინელი მსხვერპლი მოჰყვა. ორი კვირაა, რაც თბილისის სტიქიის შედეგებს, წართმეულ სიცოცხლეებს ვითვლით. ამ ორ ტრაგედიაზე ფიქრს გასდევს კადრები: სამი ულამაზესი 10-11 წლის ბიჭი; მგლოვიარე, მიწაზე გართხმული დედა: კადრი, რომელიც არ გვინახავს, მაგრამ ვნახეთ - აბაზანაში ჩახუტებული, მიწას გართხმული უსუსური პატარები; თმაგაშლილი მდინარესგაყოლილი გოგონები; სტიქიასთან შეჭიდებული ვაჟკაცი ბიჭები; ბაბუა -შვილიშვილებს წყალწაღებული სახლის ფანჯრიდან უიმედო ნათებით რომ ემშვიდობება; ნანგრევებში შვილის მძებნელი მამაო; ყელდაკარგული ყელსაბამი; ხელდაკარგული საათი; გვესმის ვეფხვთან მებრძოლი კაცის ბღავილი, ვკითხულობთ შეყვარებულის ბოლო წერილს.

ის, რომ ჩვენ ვნახეთ ეს კადრები, ვიცით დეტალების დეტალები, მართლაც არის მედიასტანდარტიდან გადახვევა, მაგრამ ეს იქნებ საჭირო გადახვევაა.

რადგან ჩვენ ვართ მშობლები, რომლებიც შვილებს ვასვენებთ მკვლელ სასტუმროებში, რომლებიც თავად ვაშენებთ მკვლელ სახლებს, მკვლელ გზებს, მკვლელ გვირაბებს, დავდივართ მკლელი მანქანებით, ვჭამთ და ვაჭმევთ მკვლელ საჭმელს, სიკვდილით ვკვებავთ ჰაერს და ამ მკვლელ ჰაერს უხვადვე ვსუნთქავთ, ჩვენ თავდაუზოგავად ვითხოვთ ავარიული მიშენებებისა თუ დაშენებების დაკანონებას, ვითხოვთ ტექდათვალიერების, სამშენებლო თუ საკვები პროდუქტების სტანდარტიზების უვადოდ გადავადებას, ვითხოვთ ხეების ჭრის, ტყის კაფვის შეზღუდვის გაუქმებას და მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულება (თავსმოხვეულს რომ ვუწოდებთ) გვკარნახობს უსაფრთოხებაზე ზრუნვას.

იქნებ ჩვენ, დიახაც, გვჭირდება მეტი კადრი და დეტალი მგრძნობელობის გასაძლიერებლად.

იქნებ ყველა დედამ, დამ, ძმამ, ბიძამ, შეყვარებულმა, ნათესავმა, მეზობელმა, მეგობარმა, კლასელმა, შვილმა და მამამ საკუთარ თავზე ცხადად უნდა წარმოიდგინოს ის ტკივილი, რომელსაც რეზის, დათოს , თორნიკეს, ივლიტას, მარიამის, ინდირას, ლიზას და სხვა დაღუპულების ახლობლები გრძნობენ.

აკი, უკვე დავიწყეთ სასტუმროების შემოწმება. ზოგან უკვე დავამონტაჟეთ სახანძრო სიგნალიზაცია. მანქანებში ჩავიწყვეთ ცეცხლმქრობი, თოკი, გასაბერი ჟილეტები და პირველადი დახმარების ნივთები. დავდგით წყლის დონის მატების წინასწარი შეტყობინების აპარატები და ვმსჯელობთ სამოქალაქო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე. ყველაფერი ეს დაღუპულთა, მათი ლამაზი სახეებისა და პირადი ცხოვრების დეტალების ცოდნის დამსახურებაცაა. ისინი არც შეიძლებოდა ფუჭად დაღუპულიყვნენ.

ჟურნალისტიკა არ არის ზუსტი მეცნიერება, სადაც მზა ფორმულები სწორ პასუხებს მოგცემენ. აქ წესები ზოგჯერ უნდა დაირღვეს, რომ წესების დაცვას მიაღწიო.

ბლოგის ავტორი : ნათია კუპრაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ