ჟურნალისტი - როგორც ფოსტალიონი, ანუ რატომ არ სვამენ ჟურნალისტები კითხვებს
26.08.2015
რაზეც ახლა ვისაუბრებ, მხოლოდ რეგიონული მედიის პრობლემა არ არის, უფრო პირიქითაა - ეს ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მხარეა ქართული ჟურნალისტიკის. რატომ არ/ვერ სვამენ ახალი ამბების ჟურნალისტები კითხვებს ბრიფინგებზე? რატომ კმაყოფილდებიან მხოლოდ პრესრელიზების განიუსებით, რატომ ამცრობენ პროფესიულ პასუხისმგებლობას მიკროფონის/დიქტოფონის „დამჭერამდე?“ ვუწოდო თუ არა ჟურნალისტს კითხვების გარეშე ფოსტალიონი, რომელსაც დალუქული კონვერტი კონკრეტულ მისამართზე მიაქვს და მხოლოდ ამით შემოიფარგლება მისი პასუხისმგებლობა?!

კოლეგებთან მიმართებაში უხერხულობა რომ დავძლიო, საკუთარი გამოცდილებით დავიწყებ: შს სამინისტრომ 5 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „შსს-ს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1995 წელს დაბადებული ნ. ჟ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ზესტაფონში დააკავეს“.

ეს საკმაოდ ხმაურიანი საქმეა - დაჭრილი 16 წლის გოგოა, ბრალდებული - „შეყვარებული“.

ქართულმა მედიამ, მათ შორის ჩვენც, შსს-ს ინფორმაცია უცვლელად გაავრცელა. მოგვიანებით კი, სრულიად შემთხვევით, სასამართლოში დაკავებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების პროცესზე გაირკვა, რომ ბრალდებული „საკუთარი ფეხით მივიდა პოლიციაში“ და სამძებრო ოპერაციების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ერთი შეხედვით, ეს თითქოს არფერს ნიშნავს, მაგრამ სინამდვილეში ხომ ბრალდებულის ქცევა - პოლიციაში გამოცხადება, კანონის ენაზე, სასჯელის რამდენიმე წლით შემსუბუქების ტოლფასია?!

რამდენადაც ბრალდებულის დაკავების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება არის რთული საქმე, იმდენად მარტივია, მაგალითად, იმის ანალიზი, თუ როგორია სახელმწიფოს პოლიტიკა პროსტიტუცია-ტრეფიკინგთან მიმართებაში... ყველას მრავალგზის გვინახავს კადრები, თუ როგორ გამოჰყავთ ბათუმის „დისკო კლუბებიდან“ სექსმუშაკები და ის „პირები“, რომლებსაც ბრალად „პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფა ედებათ“.

ვინმემ იცის შემდეგში რა ხდება ამ კონკრეტულ დისკო კლუბებში? - მხოლოდ ძალიან ვიწრო წრემ. სინამდვილეში ეგრეთ წოდებული დისკო კლუბები, სადაც მსგავსი ოპერაციები ტარდება, ერთი კვირითაც არ წყვეტენ მუშაობას, მაგრამ ქართულ მედიაში ამ თემაზე დასმული კითხვები იშვიათობაა - საზოგადოებას ამ ინფორმაციას მედია პარავს. მედიას, ჟურნალისტს ეზარება, არ იცის, ვერ ხვდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის იმის ცოდნა, რომ ცხოვრობს ისეთ ქვეყანაში, სადაც 21-ე საუკუნეში ადამიანებით ვაჭრობენ. ხშირად, ეს საქილიკო თემად იქცევა ხოლომე, რაშიც უზარმაზარ როლს ჟურნალისტი სწორედ იმიტომ ასრულებს, რომ ან საერთოდ არ სვამს კითხვებს, ან ამას ისე აკეთებს, რომ ქილიკს გამოიწვევს.

ქართულ მედიაში, როგორც რეგიონულში, ისე ნაციონალურში, არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით, ნამდვილი ბუმია. მედია არ ინტერესდება, არის თუ არა სიმართლე ის, რასაც ბრიფინგის მომწვევი პოლიტიკოსი ან ეგრეთ წოდებული ელიტპერსონა საუბრობს. ჟურნალისტი პროცესში ძირითადად მაშინ ერევა, თუ ბრიფინგის მომწყობი ვინმე კონკრეტულს ესხმის თავს - ამ შეთხვევაში ზუსტად იცის ჟურნალისტმა, რომ მეორე მხარეც აუცილებლად უნდა წარმოაჩინოს.

მაგრამ ძალიან ცოტა ვინმე თვლის თავს ვალდებულად გადაამოწმოს ისეთი ინფორმაცია, რაზეც, მაგალითად, ახლახან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა ისაუბრა. დეპუტატმა გადაცემა „რეაქციაში“ ახალი ხელისუფლების მიღწევებზე გაამხავილა ყურადღება და თქვა, რომ წინა ხელისუფლების პირობებში „30 000 ბავშვი იყო, რომელიც სკოლას საერთოდ არ გაკარებია“ და „ამ ბავშვების რაოდენობა ბოლო ორი წლის განმავლობაში 6 000-მდე შემცირდა“. ფაქტ-მეტრი იმ იშვიათ ვებგვერდთაგან ერთ-ერთია, რომელმაც დეპუტატის მიერ დასახელებული ციფრების გადამოწმებაზე ძალისხმევა გაიღო, რის შედეგადაც თქვა, რომ „2011 წელს სასწავლო პროცესის მიღმა 58 269 ბავშვი იყო დარჩენილი, 2014 წლისთვის კი აღნიშნული მაჩვენებელი 55 090-მდე შემცირდა“.

ინფორმაციას, რომელსაც კითხვების დასმის, გადამოწმების გარეშე ავრცელებს ჟურნალისტი, მხოლოდ ერთი მსხვერპლი ჰყავს - საზოგადოება, რომელსაც ზუსტი ინფორმაცია გააზრებული გადაწყვეტილების მისაღებად სჭირდება.

ბლოგის ავტორი : ეთერ თურაძე, ჟურნალისტი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ