25.03.2015
სტუდენტობა ახლად დაშლილ საბჭოთა კავშირში მომიწია. ეს ის პერიოდი იყო, როცა ახალი ჟურნალისტიკის სწავლას ძველი წიგნებით ვცდილობდით. მეც მომიხდა გადამეშალა ,,დიდი საბჭოთა ენციკლოპედია”.
,,ჟურნალისტიკა ... აყალიბებს მასების შეგნებას და აძლევს მათ სწორ სოციალურ ორიენტაციას. მაღალიდეურობა საბჭოური ჟურნალისტიკის განუყოფელი თვისებაა. სინამდვილის ობიექტური ჩვენება ძალუძს მხოლოდ კომუნისტური პარტიულობის დამცველ ჟურნალისტს”, - წავიკითხე იქ.
ეს ის პერიოდი იყო, როცა გაუნათლებლობისა და უწიგნურობის წინააღმდეგ მედიის განვითარებისთვის მოქმედი საერთაშორისო-დასავლური ორგანიზაციები დაირაზმნენ - მათ მიერვე ორგანიზებული ტრენინგ-კურსებით. პირველად სწორედ ამგვარ შეხვედრებზე მოვისმინე ,,მედიის, როგორც საზოგადოების მოდარაჯე ძაღლის” თეორია; მოვისმინე ისტორიები - პარტიული მიდგომებისა და იდეოლოგიების გადამოწმების; ისტორიები - მამაცი ჟურნალისტების მიერ ე.წ. ,,სახელმწიფო ინტერესების საზიანო” სიმართლის თქმის; ჩახშობილი ხმების მოძიების და გაჟღერების; განსხვავებულის ჩვენების; ჟურნალისტების წინასწარი განწყობების თვითძლევის - სიმართლის სასარგებლოდ. ისტორიები იმაზე, რომ სიმართლის ერთგულებაა ჟურნალისტიკის მთავარი ღირებულებაც და იდეოლოგიაც, რაც ყველა სხვა იდეოლოგიაზე მაღლა დგას.
ახლა სოციალურ კლიპებში, რომლებიც სხვადასხვა ტელეარხით ვრცელდება, ხშირად ისმის კითხვა, სხვადასხვაგვარი საინტერესო პასუხით, თუ ,,რატომ ვირჩევთ ევროპას?” მეც მაქვს ჩემი პასუხი - ჩემი ცნობიერი ევროპული არჩევანი სწორედ ზემოთმოთხრობილი დასავლური მედიის მახასიათებლებითაა განპირობებული, ჩრდილოური, საბჭოთა თეორიის საწინააღმდეგოდ. მეგონა, რომ ეს არჩევანი ქართული მედიის უმეტეს ნაწილს ჩემთან ერთად ჰქონდა გაკეთებული.
სწორედ ევროპულ, დასავლურ არჩევანზე მოვისმინე ამ დღეებში ხმამაღალი განაცხადი ყველაზე რეიტინგული არხის გენერალური დირექტორისა და მასთან ერთად საინფორმაციო პროგრამების ხელმძღვანელის მხრიდანაც. მათ გვითხრეს, რომ მათთვის, როგორც კონკრეტული იდეის მხარდამჭერებისთვის, მიკერძოებაც დასაშვებია და რომ ეს იდეა - დასავლური ინტეგრაციაა, ევრაზიული არჩევნის საპირისპიროდ.
,,რუსთავი 2“ - ეს არის პროფესიონალების ერთიანობა, სადაც ადამიანები შეკრებილნი არიან გარკვეული ღირებულებებისა და იდეალების გარშემო. და იდეალებიდან ერთ-ერთი მთავარი არის ქვეყნის ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაცია. და თუ ჩვენ ამ ღირებულებებში და ამ იდეალებში რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან გადავიკვეთებით, დიდი სიამოვნებით “ - ასე ახსნა „რუსთავი 2-ის“ ეთერში ზაალ უდუმაშვილმა საკუთარი არხის მხარედ ყოფნაც და მიკერძოებაც.
მომეჩვენა, რომ მან კიდევ ერთხელ გადამიშალა ,,დიდი საბჭოთა ენციკლოპედია” და ხმამაღლა, ლევიტანურად წამიკითხა: ,,რუსთავი 2 აყალიბებს მასების შეგნებას და აძლევს მათ სწორ სოციალურ ორიენტაციას. მაღალიდეურობა ჩვენი ჟურნალისტიკის განუყოფელი თვისებაა. სინამდვილის ობიექტური ჩვენება ძალუძს მხოლოდ ამ მიდგომებით პარტიულობის დამცველ ჟურნალისტს”.
თავიდან ამაზე გაჩუმება ვამჯობინე, ვიფიქრე, რომ მედიის როლსა და სტანდარტებზე მსჯელობის დრო (მაშინ როცა დაყადაღება-დახურვა- გაშვებებზე გვიწევს საუბარი) არ არის. მაგრამ როცა რამდენიმე დისკუსიას მოვუსმინე, სადაც რუსთავი 2-ის მხარედ ყოფნის შესახებ ზაალ უდუმაშვილისა და ნიკა გვარამიას განმარტებებს განიხილავდნენ, როგორც გულწრფელობის მაგალითს, დავრწმუნდი, რომ ახლაა დრო ითქვას - ჟურნალისტიკის როლის ამგვარი გაგებაა სწორედ ევრაზიული არჩევანი.
აქ ერთი ჩემი კოლეგის სწორად და დროულად დასმულ კითხვას უნდა დავესესხო: ,,მაინტერესებს, ვინ გიამბოთ ჟურნალისტიკის როლის შესახებ?”