ზღვარი აქტივიზმსა და ჟურნალისტიკას შორის
21.10.2015
ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად ბოლო წლებში სულ უფრო იცვლება ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების საშუალებები, სოციალური ქსელების ეპოქაში კი სულ უფრო რთულია ვინმემ, მათ შორის ჟურნალისტმაც, საზოგადოებისგან დაფაროს სუბიექტური დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ. ამის პარალელურად, პროფესიულ წრეებში აქტუალურია დისკუსია, თუ როგორ შეიძლება რეპორტიორობასა და აქტივიზმს შორის ზღვარის დაცვა და საერთოდ, საჭიროა თუ არა ამის გაკეთება?

საერთაშორისო რესპექტაბელურ მედიასაშუალებებს შემუშავებული აქვთ ქცევის კოდექსები, სადაც დეტალურად არის გაწერილი, თუ რისი უფლება აქვს ჟურნალისტს, რა შემთხვევაში შეუძლია აქტივიზმში ჩართვა და რა შემთხვევაში - არა, თუმცა, ცალსახა პასუხი ამ საკითხზე მათაც კი არ აქვთ.

მაგალითად, BBC-ის ქცევის კოდექსი თანამშრომლებს მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი აზრის გამოთქმას უზღუდავს, რათა დაცული იყოს ტელეარხის მიუკერძოებლობა და რეპუტაცია. თუმცა, იქვე აღნიშნულია, რომ მიუკერძოებლობა არ გულისხმობს და არ მოითხოვს ფუნდამენტური დემოკრატიული ღირებულებებისგან დისტანცირებას.

მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც საქმე ეხება ჰომოფობიას, რასიზმს, კიდევ ათასნაირ ფობიას, გამოხატვის თავისუფლებასა და პროფესიულ სოლიდარობას, რესპექტაბელური მედიასაშუალება უნდა დადგეს ადამიანის უფლებების სადარაჯოზე და არ შეიძლება ამ პრობლემებთან დაკავშირებით მიუკერძოებელი დამკვირვებლის პოზა დაიკავო.

რა ტიპის საპროტესტო აქციაში შეიძლება მიიღოს ჟურნალისტმა მონაწილეობა? ჩემთვის ეს დასაშვებია მაშინ, როცა საქმე პროფესიულ სოლიდარობას ეხება, დანარჩენ შემთხვევაში კი გამშუქებლის პოზიციას ვირჩევ, რადგან მიმაჩნია, რომ ეს უფრო ღირებულია და ამის დასასაბუთებლად შესაბამისი არგუმენტებიც მაქვს.

რამდენიმე თვის წინ შიდა ქართლში რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზი რამდენიმე ასეული მეტრით გადმოწიეს. მახსოვს, ათეულობით ჟურნალისტი(მათ შორის ჩემი მეგობრებიც იყვნენ) ჩავიდა იმ დროს კონფლიქტის ზონაში - გაშალეს პლაკატები, გადაიღეს სურათები, მომზადდა რამდენიმე რეპორტაჟი, მოკლედ, დღის მთავარი ახალი ამბავი იყო. შემდეგ კი მოვლენები კონფლიქტისპირა სოფლებში ჩვეული რუტინით გაგრძელდა - დაძაბულობით, შიშით, გაურკვევლობით, ისე, როგორც ეს წლებია ხდება.

მე ამ აქციაში მონაწილეობის მისაღებად არ წავსულვარ არა იმიტომ, რომ ვინმეზე ნაკლებად მაღელვებს საუკოპაციო ზოლის გადმოწევა ან ნაკლებად შემტკივა გული იქ მცხოვრებ ადამიანებზე... სანამ სხვა დამასწრებს, აქვე ვიტყვი, რომ როცა ოკუპირებულ ქვეყანაში ცხოვრობ, ალბათ მიამიტობაა მშვიდ, დალაგებულ დიდ ბრიტანეთში შემუშავებული მედიასტანდარტებით მუშაობა. დარწმუნებული ვარ, ძალიანაც რთულია. მიუხედავად ამისა,როგორც მკითხველსა და მაყურებელს, მერჩივნა წამეკითხა ან მენახა 50 სიღრმისეული რეპორტაჟი კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ადამიანთა ყოფაზე, ვიდრე 50 ჟურნალისტი პლაკატით ხელში. რა თქმა უნდა, მედიასაშუალებების ნაწილი ამზადებს რეპორტაჟებს კონფლიქტის ზონებიდან, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მაგალითად, ვიცით, რომ საოკუპაციო ხაზის გადმოწევის შედეგად მოსახლეობა მუდმივად კარგავს ნაკვეთებს, ცხინვალის იზოლატორიდან მხოლოდ ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ. 1-2 რეპორტაჟის გარდა, მე პირადად ვერ ვიხსენებ სიღრმისეულ ჟურნალისტურ პროდუქტს კონფლიქტის ზონაში მცხოვრებკონკრეტულ ადამიანებზე, მათ პრობლემებზე, როგორ იხდიან ჯარიმებს, როგორ ინახავენ ოჯახებს და როგორ აგრძელებენ ცხოვრებას მას შემდეგ, როცა ჟურნალისტთა ავტობუსი მათ სოფლებს ტოვებს.

მსგავს დისკუსიებში ოპონენტთა ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ანა პოლიტკოვსკაიას აქტივიზმია, რომელსაც ის მშვენივრად უთავსებდა ჟურნალისტურ საქმიანობას, საბოლოოდ ამის გამო მოკლეს კიდეც. კოლეგებს აქ მთავარი განსხვავება ავიწყდებათ: ანა პოლიტკოვსკაია ბოლომდე იცავდა იმ ადამიანთა უფლებებსა და ინტერესებს, ვისზეც წერდა, ზრუნავდა მათ სამართლებრივ დაცვაზე და ყველაფერს აკეთებდა მათ დასახმარებლად. სამწუხარო ქართული რეალობაა, რომ იმ ცნობილი ჟურნალისტური აქციების შემდეგ ოკუპირებული ზონის მიმდებარედ მცხოვრები ადამიანები თავიანთი პრობლემების წინაშე კვლავ მარტო დარჩნენ. მე და სხვა ჟურნალისტებს ისინი შემდეგ ჯერზე მხოლოდ იმ დროს გაგვახსენდება, თუ რომელიმე მათგანს კვლავ ცხინვალის იზოლატორისკენ გააქანებენ ან მათ ეზოში მავთულხლართებს კიდევ 100 ან უფრო მეტი მეტრით გადმოწევენ.

ბლოგის ავტორი : თაზო კუპრეიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ