რა სხვაობაა ტელევიზორის ყუთსა და საარჩევნო ყუთს შორის
03.11.2015
ჩვენ ფარული ჩანაწერების, წამების ფაქტების და მედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების დროში ვცხოვრობთ. ამ და სხვა მახასიათებლების გამო, ქართული რეალობა ხშირად თავდაყირა აყენებს კაცობრიობის ბევრ დემოკრატიულ მიღწევას, მათ შორის, ლინკოლნის ფრთიან მოსაზრებასაც კი, რომლითაც გვაჯერებდა, რომ „მიეცით ხალხს შესაძლებლობა, იცოდეს ფაქტები და ქვეყანა უსაფრთხო იქნებაო“.

დღეს ჩვენს ქვეყანაში ადამიანებმა იციან კანონიერი თუ უკანონო გზით მოპოვებული ფაქტების შესახებ. გასულ კვირას, სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ემუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. საუბარი მაქვს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, პოლიტიკოს გიგა ბოკერიასა და ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შორის გამართული საუბრების აუდიო ჩანაწერებს.

ეს ამბები სულაც არ იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს.

ყველაფრის მიუხედავად, საქართველოში დემოკრატიის ხარისხის გაზომვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორი კვლავაც არჩევანის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება რჩება. ამ ორი უფლების რეალიზების საკითხი პირობითი და შეფასებითია. პირველი არის შესაძლებლობა გქონდეს ნება და მზაობა გააკეთო შენთვის მისაღები არჩევანი. მეორეკი ინფორმაციის მიღების და გავრცელების გარანტიაა. უნდა აღინიშნოს, რომ გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება. ის სხვა უფლებებთან კონკურენციაში ხან იმარჯვებს და ხანაც მარცხდება. ამიტომაცაა საჭირო გამოხატვის თავისუფლების დაცვის თუ შეზღუდვის საქმეები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეფასდეს ფრთხილად და ზედმიწევნით.

ამ უფლებას ყველაზე ნაკლები წინააღმდეგობები აქვს არჩევანის თავისუფლებასთან, რადგან სწორი არჩევანის გაკეთება მხოლოდ ზუსტი და სრული ინფორმაციის მიღების შემდეგ შეიძლება.

2016 წელი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წელია. წინასაარჩევნო პროცესი კი ფაქტობრივად დაწყებულია. დაწყებულია ტრადიციულად - ფარული ჩანაწერებით, წამების ფაქტების გავრცელებით და მედიის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებით. თანაც ორი რეალობა გვაქვს - კერძო ტელევიზიები პოლიტიკური პლატფორმების გასამყარებლად სხვადასხვა ღონისძიებებს იყენებენ. ერთი მხრივ, „სააკაშვილის რეჟიმისას ჩადენილი სისტემური დანაშაულების მხილების“ მიზნით უზრუნველყოფილია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეომასალით მოსახლეობის მომარაგება, მეორე - ტელევიზიის გენერალური დირექტორი ღიად აცხადებს ეროვნული მაუწყებლის პოლიტიკურ კურსს, ყოფილ პრეზიდენტთან საუბრისას მაუწყებლის წინ ბარიკადების მოწყობის, თანამშრომელთა მობილიზაციის და ძალის გამოყენების საკითხებზე თანხმდება. საოცარი ისაა, რომ თურმე ამგვარი პოლიტიკის წარმოებით ორივე ტიპის მაუწყებელი არჩევანის თავისუფლების უზრუნველყოფისათვის ცდილობს და ამგვარ შესაძლებლობას გამოხატვის თავისუფლების დემოკრატიულ მონაპოვრად მიიჩნევს.

ქართული კანონმდებლობის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანო, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე, ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი, პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი. ამიტომაც ტელევიზია განსხვავებული ბიზნესია. განსაკუთრებული პასუხისმგებლობით და მოლოდინებით.

ცხადია, ეს ჩანაწერიც კონკრეტულ მიზანს ემსახურება.

ჩვენი კანონმდებლობა არ იცნობს პოლიტიკური მიზნებისათვის ტელევიზიის დაფუძნების შესაძლებლობას, თუმცა არც იმას კრძალავს, რომ მედიის წარმომადგენლებს პირადი პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდეთ, მიიღონ პირადი გადაწყვეტილებები ისე, რომ არ დაეტყოს ყველაზე მთავარს - მომხდარი ამბავის ერთის ადგილიდან მეორემდე მიტანის, ანალიზის თუ დაინტერესებული პირების ინფორმირების პროცესს.

პოლიტიკური სურვილები ყოველთვის განსხვავებულია - პროდასავლური, პროევროპული, დიქტატორული, დემოკრატიული და ა.შ. მაგრამ ტელევიზია 21-ე საუკუნეში არ შეიძლებაარსებობდეს პოლიტიკური პროპაგანდისათვის. რადგანკაცობრიობის განვითარების ამ სტადიაზე ადამიანებს აღარ სჭირდებათ სხვის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

კარგა ხანია არჩევანი ინდივიდის საკუთრება გახდა.

მგონი, დღეს ტელევიზია ხელს უნდა უწყობდეს ადამიანის შესაძლებლობას არჩევანის გაკეთებისას ისარგებლოს ობიექტური, ზუსტი და ჟურნალისტური ეთიკის დაცვით მიწოდებული ინფორმაციით. ამიტომაც არის დადგენილი წინასაარჩევნო პერიოდში საეთერო დროის ლიმიტები საარჩევნო სუბიექტისათვის.

ყველაზე პრაგმატული განმარტებით, ტელევიზია არის კავშირგაბმულობის საშუალება, მოძრავი შავ-თეთრი ან ფერადი ხმოვანი გამოსახულებების შორ მანძილზე ტრანსლირებისათვის.

ტრანსლირება უფრო გადაადგილებაა ფორმის/შინაარსის შეუცვლელად. მედიის საქმიანობა უფრო ფართო გაგებით ობიექტურ ანალიზს და კრიტიკას გულსხმობს.

ჩემთვის მედია საინფორმაციო უზრუნველყოფის ნაწილში თარჯიმანსაც ჰგავს - მან მოკლედ უნდა გადმოთარგმნოს, მოყვეს ამბავი, აჩვენოს ის, რაც მე ვერ ვნახე დროში და სივრცეში სხვაობის გამო. მის ნამუშევარში ისევე როგორც თარჯიმანის ნამუშევარში დამატებების და პირადი მოტივების ჩართვა უხარისხო და არაკვალიფიციური ნაბიჯია. ანალიტიკურ ნაწილში კი ჟურნალისტური საქმიანობა დაცლილი უნდა იყოს პირადი ინტერესებისაგან და დადებითი თუ უარყოფითი მოსაზრებების თავზე მოხვევის მცდელობისაგან. სხვაგვარად მედია ვერ შეძლებს ობიექტურ კრიტიკას და „მოდარაჯე ნაგაზის“ ფუნქციის შესრულებას.

არჩევანის თავისუფლების საუკეთესო გარანტია გამოხატვის თავისუფლებაა. ამ უფლებაში არსებობს ზღვარი კრიტიკასა და სიცრუეს, კანონიერად მოპოვებულს და უკანონოდ მიღებულ ინფორმაციას, პოლიტიკურ მითითებებსა და საარედაქციო დამოუკიდებლობას შორის. ალბათ, ესაა სხვაობაა ტელევიზორის ყუთსა და საარჩევნო ყუთს შორის -ჩვენ ტელევიზორის ყუთთან ვემზადებით, საარჩევნო ყუთთან კი ვაკეთებთ არჩევანს. ბუნებრივია, მზადების პროცესი ისახება შედეგზეც. ეს კი პოლიტიკოსებმა და ჟურნალისტებმა ყველაზე კარგად იციან საქართველოში.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დატვირთული პერიოდია.მომდევნო არჩევნებმა ქვეყნის უსაფრთხოება და დემოკრატიული პრინციპების დაცვა უნდა უზრუნველყოს. იქამდე კი საჭიროა მხოლოდ კანონიერად მოპოვებული ზუსტი და სანდო ინფორმაცია, ასევე ამგვარი ინფორმაციის მიღების მყარი გარანტია.

ბლოგის ავტორი : ნათია კაპანაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ