ყმუილი და ღმუილი, ანუ გოჩა და ვახტანგი „ნიჭიერში“
03.11.2015
„ნიჭიერი“ ქართულ სატელევიზიო სივრცეში ალბათ ყველაზე რეიტინგული და წარმატებული შოუა, რომელიც სხვა არაერთი მუსიკალურ-გასართობი გადაცემის მსგავსად, უცხოურის ქართულ ანალოგს წარმოადგენს.

ასეთი გადაცემები ბევრი ნიჭიერი ადამიანისთვის ტალანტის წარმოჩენის კარგ პლატფორმას ქმნის. ასევე, ხშირად ვხვდებით ისეთ მონაწილეებს, ვისთვისაც ტალანტი ოდნავ უფრო სუბიექტურ კონცეპტს შეიძლება წარმოადგენდეს. მეორე კატეგორია, როგორც წესი, შოუს „სასაცილო“ ნაწილს ქმნის. ასეა ყველა ქვეყანაში და საქართველოც გამონაკლისს არ წარმოადგენს. წლების განმავლობაში „რუსთავი ორმა“ არაერთი ასეთი სასაცილო სახე შექმნა და ასევე არაერთხელ გადააბიჯა იმ ზღვარს, რომელიც სასაცილოსა და საყოველთაო დაცინვას შორის შეიძლება არსებობდეს.

მეექვსე სეზონის გახსნა სწორედ ასეთი წარმოდგენებით დაგვამახსოვრდა. „რუსთავი 2-ის“ პროდიუსერებმა კვლავაც „წარმატებით აღმოაჩინეს“ ვინმე ჟანა წითელაური, ისარგებლეს მისი მდგომარეობით და შედეგად - ჟიურიმაც და მაყურებლებმაც გულიანად იხორხოცეს ჟანას Wrecking Ball-ზე. თუმცა ამ პოსტში მინდა ყურადღება სხვა გამომსვლელებზე გავამახვილო.

ერთ-ერთი მონაწილე აღმოსავლურ ცეკვას ასრულებდა და მაყურებლის რეაქციიდან გამომდინარე, საკმაოდ კარგადაც, თუმცა დარბაზის და წამყვანების აღტაცება მაშინ დასრულდა, როცა მოცეკვავე გოჩამ თავი წარადგინა: “კაცი ხარ? მკერდი რომ გაქვს?! ტრანსგენდერი ხართ თუ ჩვეულებრივი? ჩვეულებრივი მამაკაცი ხართ?!” ეს კითხვები მონაწილეს, არც მეტი არც ნაკლები, ჟიურის წევრებმა დაუსვეს. არაფერს ვამბობ გადაცემის წამყვანებზე, რომლებიც კულისებში არაეთიკურ-„ბაბულიკური“ კომენტარებით ერთობოდნენ. გასაგებია, რომ სატელევიზიო სივრცეში ყოველდღე არ ვხედავთ მსგავს წარმოდგენას და შოკის ეფექტი, შესაძლოა, დიდი იყო, თუმცა ეს არ ამართლებს ჟიურის წევრების არაეთიკურ ქცევას.

ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ჟიურის წევრები არც ჰომოფობები არიან და არც ტრანსფობები, მაგრამ ასეთ სენსიტიურ თემას როცა ვეხებით, კარგი იქნებოდა ოდნავ უფრო მეტი სიფრთხილე გამოგვეჩინა. კითხვა მონაწილის გენდერული იდენტობის შესახებ უადგილო იყო და ცალსახად არაეთიკური, მონაწილის გამოსვლის შეფასებაში ამ ინფორმაციას, წესით, არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონოდა. ეს ყველაფერი მეტად გასაგები და ნაკლებად აღმაშფოთებელი იქნებოდა, პირდაპირი ეთერი რომ ყოფილიყო, მაგრამ არა - გადაცემის პროდიუსერებმა ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც დაგეგმილი ჰქონდათ. ყველა მონაწილე, როგორც წესი, გამოსვლის დაწყებისას თავს წარადგენს, რატომღაც, ამ კონკრეტულ შემთხვევაში შოკური ეფექტი ბოლოსთვის შემოინახეს. ისევე, როგორც ჩანაწერის დამონტაჟებისას, მარტივად შეიძლებოდა ჟიურის უადგილო ხორხოცისა და კომენტარების ამოჭრაც. ასე მოიქცეოდა ალბათ პასუხისმგებლობის მქონე მედია, რომელიც ფიქრობს იმაზე, თუ რა გზავნილს მიაწვდის მოსახლეობას კონკრეტული სატელევიზიო პროდუქტით. ნიჭიერის შემთხვევაში ეს მესიჯი ხშირად არაეთიკური და უკიდურესად გამაღიზიანებელია.

გამაღიზიანებელია ასევე ის მოჭარბებული სექსიზმი, რომელიც ყველა სტერეოტიპულად ლამაზი ქალის გამოსვლას ახლავს თან. მითუმეტეს, თუ აღნიშნული ქალი სლავური გარეგნობის არის, სცენაზე თუ დარბაზში მსხდომი მამრები ჯგუფურად ყმუიან!

ასე იყმუვლეს გუშინ ვანიკომ და გიორგიმ ევა შაინოვას გამოსვლისას. ჟიურის ერთმა წევრმა „ენამახვილურად“ იხუმრა და იმედი გამოთქვა, რომ ევა შაინოვა ვახტანგი არ აღმოჩნდებოდა. როგორც ჩემმა ერთმა მეგობარმა სოციალურ ქსელში აღნიშნა “ვერ გაიზარდა ერი. ქალის დანახვაზე ისევ ყმუიან და სავარაუდო ქალი თუ კაცი აღმოჩნდა, მერე ღმუიან”.

სამწუხაროდ, ღმუილ-ყმუილის პროცესში ძლიერდება სექსიზმი და ჰომოფობია. შესაძლოა, არხის წარმომადგენლებს გადაცემაზე მუშაობისას ეს არ ჰქონდათ მხედველობაში, მაგრამ გავლენა, რასაც ასეთი გადაცემები ახდენს საზოგადოებაში ღირებულებების დამკვიდრების თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესია.

ბლოგის ავტორი : გიორგი თაბაგარი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ